როგორც გაირკვა, საერთაშორისო პაუზამ სულაც არ არგო პეტერ ბოშის გუნდს. დორტმუნდელები ისევ არადამაჯერებლები იყვნენ და ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ სტუმრებს შეტევის ორი ლიდერი აკლდათ - ობამეიანგი და პულიშიჩი. გაბონელი კლუბმა დასაჯა ღამის კლუბში ვოიაჟის გამო, ამერიკელი კი ტრავმირებული იყო.
არსად გამქრალა დაცვის პრობლემებიც. უკვე მეხუთე წუთზე, ბარტრამ და ბიურკიმ სულელური შეცდომით გოლი აჩუქეს აკოლოს. ეს ბურთი "დორტმუნდმა" ტაიმის მიწურულს გაქვითა, როცა შიურლეს გაფუჭებულ პენალტს ფილიპმა დაამატა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე "შტუტგარტი" ისევ გავიდა წინ. კვლავ ბიურკი შეცდა, რომელმაც მარტივი დარტყმა ვერ მოიგერია და აკოლოს ნაცვლად მოედანზე შესულმა 19 წლის ბრეკალომ 2:1 გახადა ანგარიში. დარჩენილმა დრომ ისე ჩაიარა, როგორც მთელმა მატჩმა - "დორტმუნდი" თითქმის სულ ბურთით იყო, მაგრამ ეს არანაირ შედეგს არ იძლეოდა. სხვათა შორის, "შტუტგარტი" უფრო ახლოს იყო მესამე გოლთან, ვიდრე სტუმრები გათანაბრებასთან.
"დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამედ წააგო და ხუთი მატჩია ვერ იგებს. ეს სერია 30 სექტემბრიდან იღებს სათავეს და ამ ხუთ მატჩში, გუნდმა 14 გოლი გაუშვა. ასეთი ცუდი მონაკვეთი გუნდს 1991 წლის შემდეგ არ ჰქონია. ამ ყველაფერს ემატება ზედიზედ ორი ფრე ჩემპიონთა ლიგაზე კვიპროსის აპოელ-თან და შესაბამისად, კლუბის გულშემატკივრებს ებადებათ კითხვა - ხომ არ მოვიდა პეტერ ბოშის გაშვების დრო?
იუპ ჰაინკესის მოსვლის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნმა" რვა ოფიციალური მატჩი ჩაატარა და რვავე მოიგო. ამჯერად, ჩემპიონის მსხვერპლი "აუგსბურგი" გახდა, რომელიც მთელი გუნდით დაცვაში იდგა, მაგრამ მაინც ვერაფერი გააწყო ვიდალისა და ლევანდოვსკის წინააღმდეგ.
პოლონელმა გასულ კვირას იმიჯი შეიცვალა - თმა ქერად შეიღება, თუმცა ბომბარდირული თვისებები არსად გამქრალა და მორიგი დუბლის შემდეგ, ჩემპიონატში 13 გოლამდე ავიდა. ლევანდოვსკიმ გაიმეორა დიადი გერდ მიულერის რეკორდი - ის 1972 წლის შემდეგ "ბაიერნის" პირველი ფეხბურთელია, ვინც ექვს სასტარტო საშინაო შეხვედრაში გაიტანა გოლი. გარდა ამისა, პოლონელი ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-11 ადგილზე გადავიდა, თან თავის ბოსს კარლ-ჰაინც რუმენიგეს გაუსწრო.
მაგრამ, მთავარი მიღწევის ავტორი მაინც ჰაინკესი გახდა - ის პირველია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვისაც 500 მოგება დაუგროვდა მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში: როგორც ფეხბურთელს, 174 მატჩი აქვს მოგებული, როგორც მწვრთნელს - 326. მარტო ამის გამო ღირდა დაბრუნება.
ამასობაში, "ბაიერნის" გასახარად, მდევრები ქულებს კარგავენ და რეკორდმაისტერის უპირატესობა უახლოეს კონკურენტთან უკვე ექვს ქულამდე გაიზარდა.
"ლაიპციგი" ორჯერ იგებდა ლევერკუზენში, თან ნახევარ საათზე მეტი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა სასურველი ანგარიში. "ბაიერი" ფოლანდის გოლმა გადაარჩინა, რომელიც შესანიშნავად ათამაშდა და უკვე შვიდი გოლი დაუგროვდა.
კიდევ ერთმა შარშანდელმა სენსაციამ "ჰოფენჰაიმმა" პირიქით, საბრძოლო ჟინი გამოავლინა და კომპენსირებულ დროში გაიტანა გადამრჩენი გოლი.
ფაქტები
- "შტუტგარტმა" ბუნდესლიგაში მე-500 საშინაო შეხვედრა მოიგო. უფრო მეტი აქვთ მხოლოდ - "ბაიერნს", "ვერდერსა" და "ჰამბურგს".
- "შტუტგარტს" ამ სეზონში საკუთარ არენაზე ხუთი მოგება და ერთი ფრე აქვს. ეს საუკეთესო შედეგია ყველა გუნდს შორის.
- "შტუტგარტის" მეკარემ რონ-რობერტ ცილერმა ბუნდესლიგურ კარიერაში პირველი პენალტი მოიგერია.
- "ჰოფენჰაიმს" მატჩების ბოლო 15 წუთში შვიდი გოლი აქვს გატანილი.
- "აინტრახტი" ბოლო ექვსი მატჩია, არ მარცხდება.
- "აინტრახტმა" შეწყვიტა "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ უგოლო სერია, რომელიც 428 წუთი გრძელდებოდა.
- კევინ ფოლანდს მიმდინარე სეზონში შვიდი გოლი დაუგროვდა. ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელი შარშანდელი ჩემპიონატის განმავლობაში.
- "ლევერკუზენის" ნახევარმცველებს 14 გოლი აქვთ გატანილი - უფრო მეტი, ვიდრე ბუნდესლიგის დანარჩენი 17 გუნდის ყველა ნახევარმცველს ერთად.
- "კიოლნმა" ბუნდესლიგის ანტირეკორდი გაიმეორა - 12 მატჩში მხოლოდ 2 ქულა დააგროვა. ასეთი მწირი მონაგარი სეზონის ამ ნაწილში კიდევ სამ გუნდს ჰქონია და ისინი სეზონის ბოლოს ტოვებდნენ ბუნდესლიგას.
- "კიოლნი" ბუნდესლიგის ანტირეკორდის მფლობელიც გახდა - ის პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც სასტარტო 12 მატჩში 5 გოლი ვერ გაიტანა. "თხებს" სეზონში ყველაზე ცოტა გოლი (4) აქვთ გატანილი და ყველაზე მეტი გაშვებული - 23.
- "მაინცმა" სეზონი ხუთ ტურში ოთხი წაგებით დაიწყო, მაგრამ ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
- იუნუს მალიმ პირველი დუბლი შეასრულა "ვოლფსბურგის" მაისურით.
- "ფრაიბურგმა" პირველი გასვლითი გოლი გაიტანა ბოლო 494 წუთის განმავლობაში.
- "ვოლფსბურგმა" შეწყვიტა 7-მატჩიანი ფრეების სერია.
- "ვოლფსბურგის" სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი იყო - 26.9 წელი. ეს არის ამ სეზონში ყველაზე "ხანდაზმული" შემადგენლობა.
- "ფრაიბურგს" ამ სეზონში სტუმრად მატჩი არ მოუგია.
- იუპ ჰაინკესმა მე-500 მატჩი მოიგო ბუნესლიგაში მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში.
- რობერტ ლევანდოვსკიმ "აუგსბურგის" წინააღმდეგ 13 მატჩში 18 გოლი დააგროვა.
- არტურო ვიდალს ბუნდესლიგაში 10 გოლი აქვს გატანილი და აქედან ექვს შემთხვევაში ჩილელი ხსნიდა ანგარიშს.
- ტორგან აზარმა "გლადბახის" ბოლო ცხრა გოლში მიიღო მონაწილეობა. ასეთი სერია ამ გუნდის არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონია 1992 წლის შემდეგ.
- აზარმა ამ სეზონში სამიდან სამი პენალტი გაიტანა.
- "შალკე" ექვსი მატჩია, დაუმარცხებელია ბუნდესლიგაში.
- "შალკეს" ფორვარდმა დი სანტომ პირველი გოლი გაიტანა 2016 წლის მარტის შემდეგ. მისი უგოლო სერია 1054 წუთი გრძელდებოდა.
- "შალკეს" ყველაზე მეტი პენალტი აქვს მოპოვებული ამ სეზონში - ხუთი.
- "შალკე" გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე 2012 წლის ნოემბრის შემდეგ არ ყოფილა.
- "ვერდერმა" სეზონში პირველი თამაში მოიგო.
- "ვერდერმა" "ჰანოვერის" წინააღმდეგ იმდენი გაიტანა, რამდენიც წინა 11 ტურში ერთად აღებული.
შტუტგარტი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 აკოლო (5), 1:1 ფილიპი (45), 2:1 ბრეკალო (51)
დორტმუნდი: ბიურკი - ტოლიანი, პაპასტატოპულოსი (46. ზაგადუ), ბარტრა, შმელცერი - ვაიგლი - გიოტცე, კაგავა (63. დაუდი) - იარმოლენკო, ფილიპი - შიურლე (83. რაფაელ გერეირო).
45-ე წუთზე შიურლემ (დორტმუნდი) ვერ გაიტანა პენალტი
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 1:1
გოლები: 0:1 კ-პ. ბოატენგი (13), 1:1 უტი (90+1)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში, ფოგტი, აკროგუმა - რუპი (53. გნაბრი), გრილიტში, ნ. შულცი - დემირბაი, გაიგერი (73. ამირი) - უტი, ვაგნერი (63. კრამარიჩი).
ლევერკუზენი-ლაიპციგი 2:2
გოლები: 0:1 ვერნერი (13-პენ), 1:1 ბეილი (44), 1:2 ფორსბერგი (54-პენ), 2:2 ფოლანდი (74)
ლევერკუზენი: ლენო - ლ. ბენდერი, ტა, ვენდელი - მეჰმედი (46. ჰენრიხსი), კორი (86. ბელარაბი), არანგისი, ბეილი - ჰაფერცი, ბრანდტი - ფოლანდი (90+1. რეტსოსი).
ლაიპციგი: გულაში - ბერნარდო, ორბანი (68. უპამეკანო), კონატე, ჰალშტენბერგი - კეიტა (55. ოგუსტენი), დემე - კამპლი, ფორსბერგი (84. ბრუმა) - ზაბიტცერი, ვერნერი.
გაძევება: ჰენრიხსი (52. ლევერკუზენი)
ბაიერნი-აუგსბურგი 3:0
გოლები: 1:0 ვიდალი (31), 2:0 ლევანდოვსკი (38), 3:0 ლევანდოვსკი (49)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, რაფინია - ხავი მარტინესი - რობენი (78. ტოლისო), ხამეს როდრიგესი, ვიდალი (80. რუდი), ხუან ბერნატი (74. ალაბა) - ლევანდოვსკი.
მაინცი-კიოლნი 1:0
გოლი: 1:0 ბროსინსკი (44-პენ)
გაძევება: დონატი (71. მაინცი)
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 3:1
გოლები: 1:0 გერჰარდტი (3), 2:0 მალი (29), 2:1 კაპუსტკა (68), 3:1 მალი (70)
ჰერტა-გლადბახი 2:4
გოლები: 0:1 შტინდლი (5), 0:2 ტ. აზარი (14-პენ), 0:3 რაფაელი (20), 1:3 იბიშევიჩი (28), 2:3 ვაიზერი (71), 2:4 რაფაელი (77)
შალკე-ჰამბურგი 2:0
გოლები: 1:0 დი სანტო (17-პენ), 2:0 ბურგშტალერი (77)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, კერერი - დ. კალიჯური, მაკკენი, მ. მაიერი (90+2. ნასტასიჩი), ოშჩიპკა - დი სანტო (46. ემბოლო), კონოპლიანკა (87. შიოპფი) - ბურგშტალერი (90+2. რესე).
ვერდერი-ჰანოვერი 4:0
გოლები: 1:0 ბარტელსი (39), 2:0 კრუზე (55), 3:0 კრუზე (59), 4:0 კრუზე (78)
ბომბარდირები: 13 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 7 - კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 6 - მაქსიმილიან ფილიპი (დორტმუნდი), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი).
მომდევნო ტური
24 ნოემბერი: ჰანოვერი-შტუტგარტი
25 ნოემბერი: დორტმუნდი-შალკე, ლაიპციგი-ვერდერი, ფრაიბურგი-მაინცი, აინტრახტი-ლევერკუზენი, აუგსბურგი-ვოლფსბურგი, გლადბახი-ბაიერნი
26 ნოემბერი: ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი, კიოლნი-ჰერტა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"