ვან დეიკის სადებიუტო გოლი, გაწევ-გამოწევა და "წითლების" ტრიუმფი მერსისაიდულ დერბიში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მე-3 რაუნდის მატჩში "ენფილდზე" ლივერპულური დერბი გაიმართა და "ლივერპულის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩის პირველი ნახევარი მძიმედ წარიმართა, მასპინძელთა სენეგალელმა შემტევმა, სადიო მანემ "ევერტონის" კარის აღება შორეული დარტყმით რამდენჯერმე სცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო საინტერესო გამოდგა. ადამ ლალანამ ტექნიკის დემონსტრაცია რამდენჯერმე მოაწყო და შეხვედრის არბიტრს თერთმეტმეტრიანი გამოსტყუა, რომელიც პენალტების სპეციალისტმა, ჯეიმს მილნერმა ზუსტად შეასრულა.

თერთმეტმეტრიანი მესონ ჰოლგეიტის უხეშობის გამო დაინიშნა, რომელმაც ლალანა ხელებით შეაჩერა. საკუთარი წარუმატებლობით გაღიზიანებულმა ჰოლგეიტმა ტაიმის მიწურულს რობერტო ფირმინოს ხელი
უბიძგა და მოედნის ფარგლებს მიღმა გადაუძახა. ბრაზილიელი ფორვარდი ელვისებური სისწრაფით დაბრუნდა მინდორზე და ჰოლგეიტს ერთი-ორი არც თუ ისე სასიამოვნო სიტყვაც მიაძახა, რამაც ინგლისური, განსაკუთრებით კი მერსისაიდული დაპირისპირებისთვის დამახასიათებელი არეულობა გამოიწვია და შეხვედრას განსაკუთრებული მუხტი მისცა.

მატჩის მეორე ნახევარი პირველივე წუთებიდან სახიფათო მომენტებით დახუნძლული გამოდგა. ტაიმის დასაწყისში "ევერტონს" გოლის გატანის შანსი მიეცა, თუმცა დომინიკ კალვერტ-ლევაინმა ბურთს მაგივრად თავი ენდრიუ რობერტსონს ჩაარტყა და შესაბამისად, ანგარიშიც უცვლელი დარჩა.

67-ე წუთზე "კანფეტებმა" "ლივერპული" კონტრ-შეტევაზე დაიჭირეს და "ევერტონის" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის, გილფი სიგურდსონის გოლის წყალობით ანგარიში გაათანაბრეს. აღსანიშნავია, რომ გოლში დიდი როლი ითამაშა ადემოლა ლუკმანმა, რომელმაც გამოცდილი უეინ რუნი შეცვალა.

84-ე წუთზე "ლივერპულის" უახლესმა შენაძენმა, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულმა მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა თავური დარტყმით "წითლებს" გამარჯვება მოუტანა.

ჰოლანდიელს კარგი დებიუტი გამოუვიდა, გადამწყვეტი გოლს რომ შევეშვათ, მან მცველის ფუნქციები იდეალურად შეასრულა და ლორის კარიუსის საჯარიმოში შექმნილი დაძაბულობა არაერთხელ განმუხტა.

ვან დეიკმა დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის მცველია, "ლივერპულმა" კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რომელია დომინანტი გუნდი ლეგენდარული "The Beatles"-ის ქალაქში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული