პრემიერლიგა. XVII ტური: ჯერდან გმირი! [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის მორიგი ტურის მთავარი სამშვენისი "ენფილდზე" გამართული შეხვედრა გახლდათ, სადაც "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეიბნენ. ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახოთ, მანამდე კი მოკლედ სხვა შეხვედრებზე ვთქვათ...

ტური "მანჩესტერ სიტიმ" გახსნა და "ევერტონს" შანსი არ დაუტოვა. შეხვედრის მთავარი გმირი გახდა ბრაზილიის ნაკრების შემტევი გაბრიელ ჟეზუში, ვინც დუბლი მიითვალა და მნიშვნელოვნად განაპირობა მასპინძელთა ზეობა.

ჟეზუშმა ორივე შემთხვევაში ლეროი სანეს გადაცემით შეაგდო. გერმანელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ პეპ გვარდიოლამ ის მაინც არ გააჩერა ბოლომდე მინდორზე. კალვერტ-ლიუინის გოლმა ინტრიგა დროებით დააბრუნა ამ შეხვედრაში, მაგრამ ფერნანდინიოს
პასის შემდეგ შეცვლაზე შესულმა რაჰიმ სტერლინგმა შანსი არ გაუშვა ხელიდან და ყველაფერი დასრულდა.


ძალიან რთული მატჩი მოიგო "ტოტენჰემმა". მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილი გუნდი "ბარნლისთან" შეხვედრაში საკუთარ თავს არ ჰგავდა და ძალიან უკბილოდ უტევდა. ის კი არა, მეორე ტაიმში "ბარნლიმ" რამდენიმე სახიფათო შეტევასაც მოაბა თავი, მაგრამ ვერ გაიტანა.

ბოლოს "დეზებმა" მაინც გატეხეს მეტოქე. კრისტიან ერიკსენისა და ჰიუნ მინ სონის მინდორზე შესვლამ ვითარება შეცვალა. დამატებულ დროში ჰარი კეინმა საგოლედ უპასა ერიკსენს და დანიელის დარტყმულმა მიზანს უწია.


ინგსის დუბლითა და ოსტინის გვიანი გოლით (აქ "არსენალის" მეკარე უპატიებლად შეცდა) "საუთჰემპტონმა" დაამარცხა "არსენალი" და ტურის ყველაზე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა. თამაში ძალიან სანახაობრივი გამოდგა. ერთ რამედ ღირდა ინგსის ორი უმძლავრესი თავურის ნახვა. ეს იყო რალფ ჰაზენჰუტლის პირველი გამარჯვება "საუთჰემპტონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.


"ჩელსის" ნერვიულობა მოუხდა "ბრაიტონთან" შეხვედრაში. არადა, მთელი მატჩის განმავლობაში "არისტოკრატები" უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. მატჩი ედენ აზარის ბენეფისად იქცა.

ბელგიელმა ვარსკვლავმა ჯერ საგოლე გადაცემა გაუკეთა პედროს, მერე კი თავად იპოვა ნაპრალი მასპინძელთა დაცვაში და მეკარესთან პირისპირ გასულმა ცივსისხლიანად გაიტანა.


და ტურის მთავარი მატჩიც - "ლივერპულმა" ისე მოუგო "მანჩესტერ იუნაიტედს", შეიძლება ითქვას, შანსიც არ მისცა. "ენფილდზე" სტუმარი თავიდანვე საკუთარ საჯარიმოში გამოიკეტა და თუ სამართალი იყო, იურგენ კლოპის გუნდს თავიდანვე უნდა გაეტანა...

გოლი მაინც გავიდა. ფაბინიომ ულამაზესი პასი გაუკეთა სადიო მანეს. სენეგალელმა დიდებულად მოათვინიერა ბურთი და დავიდ დე ხეა უძლური აღმოჩნდა. პირველ ტაიმში სტუმარმა ხეირიანად ერთხელ შეუტია და ანგარიში გაათანაბრა. უწყინარი ჩაწოდების შემდეგ ალისონს მუხლზე მოხვდა ბურთი, ჯესი ლინგარდი კი დროულად გაჩნდა ადგილზე და წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმში "ლივერპული" აშკარად უკეთესი იყო. იურგენ კლოპმა ყველაფერში გაამასხარავა ჟოზე მოურინიო და, მათ შორის, ცვლილებებშიც. შეცვლაზე შესულმა ჯერდან შაჩირიმ ორი გოლი შეაგდო, ორიდან ერთი - ულამაზესი. შვეიცარიელი მართლაც რომ შესანიშნავად ჩაერთო თამაშში და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

"ლივერპულმა" 3:1 გაიმარჯვა და პრემიერლიგის სათავეში დაბრუნდა.


ფაქტები
  • გაბრიელ ჟეზუშმა აგვისტოს შემდეგ პირველად გაიტანა.
  • ასეთივე მაჩვენებელი დააფიქსირა საუთჰემპტონელმა ჩარლი ოსტინმაც, რომელმაც "არსენალის" წინააღმდეგ 5 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.
  • "არსენალის" ლეგიონერმა ჰენრიხ მხითარიანმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში პირველი დუბლი მიითვალა.
  • "საუთჰემპტონთან" დასრულდა არსენალის 22-მატჩიანი წაუგებელი სერია.
  • "ლივერპულს" ენფილდზე წინა 2 შეხვედრა ფრედ ჰქონდა დასრულებული "იუნაიტედთან", ახლა კი ნავსი გატეხა.

პრემიერლიგა. XVII ტური
მანჩესტერ სიტი-ევერტონი 3:1
გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუში (22), 2:0 გაბრიელ ჟეზუში (50), 2:1 კალვერტ-ლიუინი (65), 3:1 სტერლინგი (69)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, დელფი - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, გიუნდოგანი - მაჰრეზი (75. დე ბრუინი), სანე (66. სტერლინგი), გაბრიელ ჟეზუში.

კრ. პალასი-ლესტერი 1:0
გოლი: 1:0 მილივოიევიჩი (39)
ტოტენჰემი-ბარნლი 1:0

გოლი: 1:0 ერიკსენი (90+1)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ბ. დევისი, როუზი - სისოკო, სკიპი (75. სონი) - ლამელა (82. ლორენტე), ალი, ლუკას მოურა (65. ერიკსენი) - კეინი.

ჰადერსფილდი-ნიუკასლი 0:1
გოლი: 0:1 რონდონი (55)

უოტფორდი-კარდიფი 3:2
გოლები: 1:0 დეულოფეუ (16), 2:0 ჰოლებასი (52), 3:0 კინა (68), 3:1 ჰოილეტი (80), 3:2 რეიდი (82)

ვულვზი-ბორნმუთი 2:0
გოლები: 1:0 ხიმენესი (12), 2:0 კავალეირო (90+4)

ფულჰემი-ვესტ ჰემი 0:2
გოლები: 0:1 სნოდგრასი (17), 0:2 ანტონიო (29)

ბრაიტონი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 პედრო (17), 0:2 აზარი (33), 1:2 მერჩი (66)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (75. ბარკლი) - პედრო (66. ლოფტუს-ჩიკი), ვილიანი, აზარი (83. ჟირუ).

საუთჰემპტონი-არსენალი 3:2
გოლები: 1:0 ინგსი (20), 1:1 მხითარიანი (28), 2:1 ინგსი (44), 2:2 მხითარიანი (53), 3:2 ოსტინი (85)
არსენალი (3-4-2-1): ლენო - ლიხტშტაინერი (74. მეიტლანდ-ნაილსი), კოსიელნი, ჯაკა - ბელერინი (46. ლაკაზეტი), ტორეირა, გენდუზი, მონრეალი - მხითარიანი, ივობი (70. იოზილი), ობამეიანგი.

ლივერპული-მანჩეს. იუნ 3:1
გოლები: 1:0 მანე (24), 1:1 ლინგარდი (33), 2:1 შაჩირი (73), 3:1 შაჩირი (80)
ლივერპული (4-3-3): ალისონი - კლაინი, ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ფაბინიო, კეიტა (70. შაჩირი) - სალაჰი, მანე (84. ჰენდერსონი), ფირმინო.
მანჩესტერი (3-4-2-1): დე ხეა - დარმიანი, ბაილი, ლინდელიოფი - დალოტი (46. ფელაინი), ერერა (79. მარსიალი), მატიჩი, იანგი - ლინგარდი (85. მატა), რაშფორდი - ლუკაკუ.

ბომბარდირები: 10 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - ედენ აზარი (ჩელსი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), რიჩარლისონი (ევერტონი).

მომდევნო ტური
21 დეკემბერი: ვულვზი-ლივერპული
22 დეკემბერი: არსენალი-ბარნლი, ბორნმუთი-ბრაიტონი, ჩელსი-ლესტერი, ჰადერსფილდი-საუთჰემპტონი, მანჩესტერ სიტი- კრისტალ პალასი, ნიუკასლი-ფულჰემი, ვესტ ჰემი-უოტფორდი, კარდიფი-მანჩესტერ იუნაიტედი
23 დეკემბერი: ევერტონი-ტოტენჰემი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული