პრემიერლიგა. XXIII ტურის წინ: ლონდონური დერბი და პრინცი თამაშგარეში

AutoSharing Option
ამ ტურის მთავარი მოვლენა ლონდონური დერბია. ბოლო დროს "არსენალი" ძალიან ცუდია.

ბევრი მიიჩნევს, რომ უნაი ემერის "არსენალმა" ამ ეტაპზე ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები, აჩვენა რა, რომ მისი მაქსიმუმი მეოთხე ადგილია. ასეა ეს თუ არა, გავიგებთ სწორედ "ჩელსისთან" შეხვედრაში.

"არსენალის" შემთხვევაში საქმე იოლად არ არის. ემერის შემადგენლობასთან დაკავშირებული გვარიანი პრობლემები აქვს. გარდა ამისა, ყველაფერს ემატება მესუთ იოზილის საკითხი. მასსა და ემერის შორის აშკარად რაღაც ისეთი ხდება, რაც არ უწყობს ხელს გუნდის ბრძოლისუნარიანობისა და პოტენციალის გაძლიერებას. არადა, "მეთოფეებს" ძალიან სჭირდებათ კარგ ფორმაში მყოფი
იოზილი...

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკაიერს შესანიშნავი საშუალება ეძლევა, გააგრძელოს წარმატებული სერია. "ბრაიტონი" საამისოდ შესანიშნავი საშუალებაა. ეს გასაგებია, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ "ბრაიტონმა" მიჯრით ორი თამაში მოუგო "წითელ ეშმაკებს".

"იუნაიტედს" არ ეყოლება ალექსის სანჩესი, მაგრამ ისე ჩანს, სოლსკაიერის გუნდს ჩილელი უკვე ნაკლებად სჭირდება.

საჩემპიონო ბრძოლაზე გადავიდეთ. ამ შემთხვევაში "მანჩესტერ სიტის" გაცილებით მარტივად აქვს საქმე. საიდუმლო არავისთვისაა, რომ "ჰადერსფილდი" მიმდინარე პრემიერლიგის ყველაზე ცუდი გუნდია, რაც მინდორზე ნათლად დასტურდება.

თანაც, "ტერიერებს" მთავარი მწვრთნელი აღარ ჰყავთ - გათავისუფლებულია გერმანელი დავიდ ვაგნერი, რომელსაც დროებით მისი ასისტენტი მარკ ჰადსონი შეცვლის. გასათვალისწინებელია, რომ ასეთ სიტუაციებში გუნდებზე ცვლილებები ხშირად პოზიტიურად მოქმედებს...

მაინცდამაინც რთული ამოცანის წინაშე არც "ლივერპული" დგას. "კრისტალ პალასი" კარგადაა დაკომპლექტებული, მაგრამ ბევრი ლაპარაკი რად უნდა იმას, რომ მერსისაიდული კლუბი ამ შეხვედრაში აშკარა ფავორიტია. და მაინც, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, რადგან "პალასმა" ხანდახან იცის სიურპრიზების შეთავაზება.

"ტოტენჰემი" კი ძალიან ცუდ დღეშია. აზიის თასის გათამაშებაზე გაემგზავრა ჰიუნ-მინ სონი. მთავარი დანაკლისი კი გუნდის მთავარი მეგოლისა და კაპიტნის, ჰარი კეინის ტრავმაა, რის გამოც მარტამდე ვერ ითამაშებს.

ფაქტები
  • "ლესტერმა" ბოლო 2 დაპირისპირებაში აჯობა "ვულვზს".
  • "ვესტ ჰემისა" და "ბორნმუთის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ლივერპულმა" მიჯრით 3 მატჩში დააყრევინა ფარ-ხმალი "კრისტალ პალასს".
  • "ბრაიტონმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "მანჩესტერ იუნაიტედს".
  • "ნიუკასლისა" და "კარდიფის" ბოლო 2 მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "საუთჰემპტონისა" და "ევერტონის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ შეაგდო.
  • "უოტფორდისა" და "ბარნლის" ბოლო 2 მატჩში ორივემ მოახერხა გატანა, ისევე, როგორც "ჩელსისა" და "არსენალის" შეხვედრაში.
  • "მანჩესტერ სიტიმ" ბოლო თამაში 6:1 მოუგო "ჰადერსფილდს".
  • "ტოტენჰემმა" უკანასკნელი 3 მატჩი მოუგო "ფულჰემს".

პრემიერლიგა. XXIII ტური
შაბათი, 19 იანვარი
ვულვზი-ლესტერი 16:30
ბორნმუთი-ვესტ ჰემი 19:00
ლივერპული-კრ. პალასი 19:00
მანჩესტერ იუნ-ბრაიტონი 19:00
ნიუკასლი-კარდიფი 19:00
საუთჰემპტონი-ევერტონი 19:00
უოტფორდი-ბარნლი 19:00
არსენალი-ჩელსი 21:30

კვირა, 20 იანვარი
ჰადერსფილდი-მანჩესტერ სიტი 17:30
ფულჰემი-ტოტენჰემი 20:00

ბომბარდირები: 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 10 - ედენ აზარი (ჩელსი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), რიჩარლისონი (ევერტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული