"კრისტალ პალასის" შემტევმა უილფრიდ ზაამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" მიღებული შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელშიც, როგორც აღმოჩნდა, "ასტონ ვილას" 12 წლის ფანი ემუქრებოდა.
გუშინ, 12 ივლისს, "ასტონ ვილასთან" გასამართი მატჩის წინ ფეხბურთელმა სქრინშოტი დადო, სადაც შეტყობინება, ავტორის სახელი და გვარი, ავტორის "ინსტაგრამგვერდი" ჩანდა.
"შენთვისვე ჯობს, ხვალ გოლი არ გაიტანო, შავო მუ...ლო. თუ არადა, შენს სახლთან მოჩვენებად მოვალ." - მისწერა და თან კუ-კლუს-კლანის წევრების ფოტო დაურთო. მოგეხსენებათ, ამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები შავკანიანთა უფლებებს არ აღიარებენ.
ლონდონის პოლიციამ გამოძიება მალე დაიწყო და აღმოჩნდა, რომ შეტყობინების
ავტორი სკოლის 12 წლის მოსწავლე იყო. მიუხედავად ასაკისა, არასრულწლოვანი მაინც დააკავეს და მშობლების თანდასწრებით დაჰკითხეს. მის სახელსა და გვარს პოლიცია არ ასაჯაროებს და არც ის არის ცნობილი, რა სასჯელი დაეკისრება მას.
მომზადებულია eurosport-ის მიხედვით