ყველაზე გენიალური დამნაშავე ფეხბურთის ისტორიაში

AutoSharing Option
ლუჩანო მოჯი საფრანგეთში ინკოგნიტოდ ჩავიდა - უნდა ენახა პერსპექტიული იუნიორი "მარსელიდან". "იუვენტუსის" გენერალური დირექტორის ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდნენ არც ტურინში და არც "მარსელში", მაგრამ სასტუმროსკენ მიმავალმა ლუჩანომ შეამჩნია, რომ მის ტაქსის აშკარად ვიღაც უთვალთვალებდა.

მოჯიმ მომენტალურად აუღო ალღო სიტუაციას და თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერაფერს ხვდებოდა. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, მან რამდენჯერმე გვერდზე გაიხედა და მაშინვე ამოიცნო მოთვალთვალეები - "ინტერის" სკაუტები.

უკვე თავის ნომერში მოჯიმ ჩაიცინა და მოქმედების სტრატეგია მოხაზა. საღამოს "მარსელი" "ველოდრომზე" თამაშობდა და ლუჩანომ სტადიონთან ახლოს პროგრამა შეიძინა. შემდეგ,
იქ დაბეჭდილ ოქმს ალალბედზე თითი დაადო და მსხვერპლი აირჩია - ის გახდა სირილ დომორო.

ბუნებრივია, მოჯი იცნეს სექტორში და დაინტერესედნენ - ვის გამო ჩამოვიდა საფრანგეთში. "დომორო ძალიან კარგია. ფენომენალური მცველი, ფეთქებადი, მოქნილი... საოცარია", - სრული სერიოზულობით ამბობდა ლუჩანო. ის ჟურნალისტებს, სკაუტებს, გულშემატკივრებს ესაუბრებოდა და ყველამ გაიგონა, რომ სირილი სუპერვარსკვლავად გაიზრდებოდა.

ჯაშუშები "ინტერიდან" ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ შინ. "მოჯიმ დომოროსთვის იმგზავრა. ის მართლაც შესანიშნავია, უნდა დავასწროთ "იუვეს", - ამოისუნთქეს ბიჭებმა და "ნერაძურის" ხელმძღვანელობა საქმეს შეუდგა.

მალე სირილმა ლურჯ-შავი მაისურა მოირგო და... დაუჯერებლად სუსტი მცველი აღმოჩნდა. ფრანგმა მილანში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა - თითოეული 1.16 მილიონი ევრო დაჯდა.

ამ წვალების შემხედვარე, ლუჩანო ზეიმობდა და ხარხარებდა. რა თქმა უნდა, ის მარსელში სხვა ფეხბურთელის სანახავად იყო ჩასული, საბოლოოდ კი დიდოსტატურად გააცურა მტრები "ინტერიდან". ტიპიური მოჯი - გაქნილი, ჭკვიანი და დაუნდობელი.

* * *
საფეხბურთო კრიმინალის მომავალი მეფე ტოსკანურ სოფელში დაიბადა და 13 წლიდან რკინიგზის პატარა სადგურზე მუშაობდა. 30 წლის ასაკში მოჯი არაფერს წარმოადგენდა - დღე და ღამე ხის პატარა სახლში იჯდა და სარკინიგზო ხაზებზე წესრიგს აკვირდებოდა.

როცა თითქმის დაიჯერა, რომ მთელი ცხოვრება ასე უღიმღამოდ ჩაივლიდა, ლუჩანომ გაიცნო იტალო ალოდი - "იუვეს" აღმასრულებელი დირექტორი. ისინი სწრაფად დამეგობრდნენ. ალოდიმ ნახა, რომ მოჯი ფეხბურთს ფანატურად აღმერთებდა, ამიტომაც კლუბში მიიწვია ადმინისტრატორთა დამხმარედ.

35 წლის მოჯი დათანხმდა და დაიწყო მისი ფანტასტიკური კარიერა. ლუჩანო ძალიან სწრაფად დაუახლოვდა კოლეგებს სხვა გუნდებიდან, საფეხბურთო ჩინოვნიკებსა და დამწყებ აგენტებს - ყველა შოკირებული იყო ამ მამაკაცის შარმით.

საბოლოოდ, მოჯიმ იმუშავა "ტორინოს", "ნაპოლის", "რომასა" და "ლაციოს" ტოპ-მენეჯმენტში, სანამ "იუვემ" უკან არ დაუძახა - უკვე გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 12 წლის განმავლობაში, ნიჭიერმა ლუჩანომ მოიგო შვიდი სკუდეტო და ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი აირია.

2006 წელს გამოქვეყნდა მოჯის ყველა სატელეფონო ზარი - აღმოჩნდა, რომ მის ნომრებს დიდი ხანი უსმედნენ. ლუჩანო მონდომებით მალავდა ამ ყველაფერს (6 ტელეფონი, 300-ზე მეტი SIM-ბარათი), მაგრამ იტალიის პოლიციამ მაინც გამოიკვლია ყველაფერი და აღადგინა მოჯის საუბრები არბიტრებთან, ჟურნალისტებთან და ფუნქციონერებთან.

დიალოგების გაშიფვრამ 1500 ფურცელი დაიკავა, ხოლო ამ მასალების კითხვას მხოლოდ ერთ აზრამდე მიჰყავდი: ლუჩანო მოჯი - აბსოლუტურად გენიოსი ადამიანია.

* * *
თუ ბრალდებას დავუჯერებთ, ის აღწევდა ყველაფერს, რაც სურდა, ოღონდ არა ფულისა და ძალადობის, არამედ, მხოლოდ კომუნიკაციის ფენომენალური თვისებების წყალობით. იტალიის ფეხბურთის ფედერაცის ხელმძღვანელობა "იუვენტუსის" მატჩებზე ლუჩანოს მიერ მოწონებულ მსაჯებს აყენებდა, "სინიორას" კონკურენტებს კი აძლევდნენ მსაჯებს, რომლებიც მოჯის მკაფიო მითითებებს ასრულებდნენ.

"ბიანკონერი" რეგულარულად იტანდა თამაშგარე მდგომარეობიდან, მაგრამ გოლებს უთვლიდნენ; თავხედურად ამტვრევდნენ საჯარიმოში შესულ მეტოქეებს, მაგრამ მათ სიმულაციისთვის სჯიდნენ. უშვებდნენ სუფთა გოლებს, მაგრამ ხედავდნენ დროშააწეულ გვერდით არბიტრებს.

ლუჩანო მოხერხებულად აწვებოდა მსაჯებს, ხოლო, როცა ისინი მის თხოვნებს არ ასრულებდნენ, მიდიოდა მსაჯების ოთახში და გასაგებად ხსნიდა, რომ შემდეგ ჯერზე უფრო კეთილი უნდა იყვნენ "იუვენტუსის" მიმართ. ერთი მსაჯი მოჯიმ, ელემენტარულად, ოთახში ჩაკეტა, რათა ის განმარტოებით დამჯდარიყო და თავის საქციელზე ეფიქრა.

რატომ არ წერდნენ ამ ყველაფრის შესახებ ჟურნალისტები? ლუჩანო მათაც აკონტროლებდა. ის თავად ადგენდა საფეხბურთო მიმოხილვის ბადეს და ჩუქნიდა წამყვანებს ათიათასობით ევროს ღირებულების საათებს, რათა მათ "სწორი" ამბები ელაპარაკათ.

ბეჭდვით მედიასთან კიდევ უფრო იოლი იყო. თუ წერ ტყუილ თამაშგარეებზე - მოშორდი "იუვენტუსის" ბაზიდან. ჩუმად ხარ? პირველი მიიღებ ახალ და ექსკლუზიურ ამბებს. დღეს ასეთი რამ არ იმუშავებს, მაგრამ საუკუნის დასაწყისში მოჯი ბოლომდე ერთობოდა.

ყველაზე მძიმე სიტუაციის დროს, ის ურეკავდა მეგობრებს Fiat-დან და თხოვდა მათ ელიტურ მოდელებს (მაგალითად, Maserati), რათა მანქანები ეჩუქებინა "იუვენტუსის" ყველაზე მონდომებული მფარველებისთვის. ლუჩანო - ნამდვილი იტალიელი მორიარტი იყო. სერია A წელში მოიხარა ერთი ადამიანის ძალაუფლებით.

* * *
როცა მთელი ეს ნაგავი გარეთ გამოვიდა, "იუვეს" ორი ტიტული წაართვეს და იძულებით დააქვეითეს სერია B-ში. გუნდიდან წავიდა ძირითადის ექვსი მოთამაშე, ჯანლუკა პესოტო კი კლუბის ოფისიდან გადახტა და მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში აღმოჩნდა. ცუდი შედეგი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ დეპრესიაში ჩავარდნილი მცველი თვითმკვლელობას აპირებდა. ეს ტრაგედია - მთლიანად მოჯის სინდისზეა.

ლუჩანო ფეხბურთიდან გააგდეს, შემდეგ ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პასუხად, მოჯიმ ადვოკატების მთელი არმია დაიქირავა და ისინი გაერკვნენ განაჩენში: პროცესი იმდენ ხანს მიმდინარეობდა, რომ ყველა ვადა გავიდა და მოჯის ერთი დღითაც არ მოუწია ციხეში ყოფნა.

ძალაში დარჩა მხოლოდ იტალიური ფეხბურთიდან სამუდამო დისკვალიფიკაციის პუნქტი. არანაირი თანამდებობა კლუბებში, არანაირი პერსპექტივები ფედერაციაში, არანაირი კავშირები აგენტებთან, მსაჯებთან და სხვა ძველ მეგობრებთან.

მოჯი უკვე შვიდი წელია მოითხოვს აკრძალვის მოხსნას. 2010 წლიდან მოყოლებული, ყველას სასამართლოში უჩივის, რათა ისევ შეძვრეს იტალიურ ფეხბურთში. "ჩვენი ლიგა დაპატარავდა და ყველაფერი გამოგონილი "კალჩოპოლის" გამო", - ამბობს ლუჩანო.

მისი მონათხრობებით და ყოველკვირეული ბლოგებით ვიგებთ: ის არაფერს აღიარებს, მაგრამ მთელი მისი ბოროტება არ იყო მიმართული პირადი გამდიდრებისკენ - მოჯის, უბრალოდ, მოგება უნდოდა. "ფეხბურთი - ჩემი ნარკოტიკია", - აღიარებს 79 წლის იტალიელი, რომელსაც არ ეზარება ალბანეთის "პარტიზანის" უფასო კონსულტაცია - ოღონდ ახლოს იყოს საყვარელ თამაშთან.

ოდესღაც მოჯის მემუარები კლასიკურ ლიტერატურად გადაიქცევა. მაგალითად, ის ყვება - საიდუმლოდ როგორ ჩაიყვანა პაველ ნედვედი რომიდან ტურინში. ჩეხს მაშინვე ჩაავლეს ჟურნალისტებმა და მასაც მოუწია "იუვესთან" კონტრაქტის გაფორმება, რათა "ლაციოს" გააფთრებულ ფანებთან არ დაბრუნებულიყო. კიდევ ერთი ისტორია ლუჩანოსგან - მცველ პაოლო მონტეროზე, რომელიც უმაღლეს დონეს მხოლოდ მაშინ აჩვენებდა, როცა ბარში სვამდა. როგორც კი ალკოჰოლს თავი დაანება, მონტერომ აურია და მოჯიმ თავად უბრძანა ხშირად ევლო პაბებში.

სუპერმენეჯერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთანაც კი სწრაფად დამეგობრება შეძლო, არადა, შვედის ნდობის მოპოვება არც ისე იოლი იყო. "გინდა მალე წამოხვიდე "აიაქსიდან"? მოაწყვე ომი ვან დერ ვაარტთან", - ურჩია ბრძენმა და ეშმაკმა ლუჩანომ. რამდენიმე თვის შემდეგ, ზლატანი უკვე "დელე ალპიზე" იტანდა გოლებს.

დღეს, მოჯი "იუვენტუსის" ყველა გარიგებას უკეთებს რეცენზიას, თავს ესხმის "ინტერს" (ეს გუნდი, უბრალოდ, ეზიზღება), ხმას აძლევს სერია A-ში ლეგიონერებზე ლიმიტის შემოღებას და გარანტიას იძლევა, რომ მის გუნდებში გეები არასოდეს ყოფილან. "გეი, უბრალოდ, არ შეიძლება ფეხბურთელი იყოს", - ამბობს "იუვეს" ყოფილი ბოსი.

ამ მამაკაცმა ბევრი ბოროტება ჩაიდინა, მაგრამ ერთ რამეში მართალია: იტალიური ფეხბურთი გონს ვერ მოვიდა კალჩოპოლის შემდეგ. ჩემპიონატი ისეთი საინტერესო აღარ არის, გაუარესდა შედეგები ევროთასებზე, ნაკრებმა კი ჩააგდო მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატი. მოჯი დარწმუნებულია, რომ იცის - როგორ გამოასწოროს ყველაფერი. იმის ნაცვლად, რომ პენსიაში გავიდეს, ეს ბაბუა იმეორებს: გინდათ დაიბრუნოთ ძველი დიდება, დააბრუნეთ ლუჩანო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარია. ჩვენთან აფერისტები მაგრა ევასებათ. თუმცა სამწუხაროდ ასეთი დონის არავიაა.
haha
10:28 18-02-2018
0
ყოჩაღ გია, ცოტა ხშირად ასეთი სტატიები
kote
12:18 12-06-2017
0

სიახლეები პოპულარული