"ჩვენ 70 წუთის განმავლობაში ვდომინირებდით "რომასთან" შეხვედრაში. სამწუხაროდ, ყველა მატჩი არ სრულდება კანონზომიერად და არც ეს შეხვედრა იყო გამონაკლისი. წაგება ყოველთვის ძალიან გულსატკენია, მაგრამ განსაკუთრებით - ასეთ შემთხვევებში. ჩვენ ვითამაშეთ შესანიშნავ გუნდთან და მატჩის უდიდეს ნაწილში მინდორზე დომინანტი იყო "მილანი". არ მგონია, ეს ვინმემ უარყოს. ცოტა რომ გაგვმართლებოდა,
ჯეკოს გოლმა მთლიანად შეცვალა თამაშის ხასიათი. ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად მოიშალა. კონკრეტულ შემთხვევაში ამას ვერავის დავაბრალებ. "სამპდორიასთან" მატჩი სულ სხვა იყო. იმედი გამიჩინა იმან, რაც 70 წუთის განმავლობაში ვნახე. ჩვენ აღარ უნდა ვიფიქროთ ამ თამაშზე. უნდა დავივიწყოთ ეს წაგება, ავწიოთ თავი და ვიაროთ წინ. ამისთვის საჭიროა, დავიცვათ ბალანსი თამაშში...
რაც შეეხება კარლო ანჩელოტის თემას, ჩვენ ჯერ კიდევ ჩემპიონატის დასაწყისში ვართ. სულ 7 ტურია გასული და, ვფიქრობ, არ ივარგებს შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა. ჩვენ ამ დროისთვის გვყავს მოთამაშეთა ჯგუფი, რომელიც კიდევ უფრო უნდა შეიკრას, ჩამოყალიბდეს ნამდვილ გუნდად. მონტელას არ აქვს ჯადოსნური ჯოხი. ის კარგად მუშაობს და ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს მუშაობა შესანიშნავ შედეგებს მოგვიტანს...
ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ცხრილს და უნდა მოვემზადოთ ყველა მატჩისთვის, როგორც ფინალისთვის. ფეხბურთში ყველაფერს დრო სჭირდება. "რომას" უპირატესობა ჩვენთან შედარებით ის არის, რომ ამ გუნდის ფეხბურთელები წლების განმავლობაში ერთად მოდიან. ჩვენ არ ვიყურებით მხოლოდ ერთ მხარეს და შეგვიძლია, მარცხშიც დავინახოთ პოზიტივი, როცა ის არსებობს...
რაც შეეხება დერბის "ინტერთან", რომელიც სანაკრებო მატჩების შემდეგ გველის. ეს განსაკუთრებული შეხვედრაა. გვინდა, ჩვენმა ფანებმა ყოველთვის დაგვიკრან ტაში ენთუზიაზმისთვის, ისე, როგორც ეს დღევანდელ შეხვედრაში მოხდა. ბოლომდე ვენდობით იმ ფეხბურთელებს და მწვრთნელთა შტაბს, რომლებიც დღეს მუშაობენ "მილანში". ჩვენ გვჯერა, რომ გუნდს შეუძლია გადაჭრას დასახული ამოცანები", - თქვა მირაბელიმ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"