სერია A. XXVIII ტურის წინ: "ნაპოლის" მილანური გამოცდა

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგ ტურში ერთი დიდი მატჩია. "ინტერი" საშინაო ასპარეზზე დაუხვდება "ნაპოლის" და ყველანაირად ეცდება, ბოლოდროინდელი ჩავარდნის შემდეგ ნამუსი მოიწმინდოს.

ნეაპოლელთათვის კი ამ შეხვედრას მართლაც რომ ოქროს ფასი აქვს. "რომასთან" საშინაო კოშმარის შემდეგ გუნდს მხოლოდ მოგებაზე მართებს ფიქრი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილი შესაძლებელია, იტალიის ჩემპიონობაზე ოცნებას გამოეთხოვოს.

"ინტერს" შეიძლება ისევ დააკლდეს მაურო იკარდი, მაგრამ სხვა ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან. რაც შეეხება "ნაპოლის", ვნახოთ, მოახერხებს თუ არა მაურიციო სარის გუნდი "რომასთან" შეხვედრის მალე დავიწყებას. წესით, ამის გაკეთება ძალიან რთული უნდა იყოს.

"იუვენტუსს", რომელმაც
ოთხშაბათს უმძიმესი გასვლითი მატჩი მოუგო "ტოტენჰემს" და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, ისევ არ ჰყავს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის მიერ გაწვრთნილ გუნდს "უდინეზეს" ძლევა დიდად არ უნდა გაუჭირდეს.

"მეამაყება, რომ ვარ ისეთი გუნდის მწვრთნელი, როგორიცაა "იუვენტუსი". 180 წუთის მიხედვით, მეოთხედფინალში გასვლას ჩვენ ვიმსახურებდით. პირველ ტაიმში ჩვენმა შესანიშნავმა მეტოქემ უამრავი პრობლემა შეგვიქმნა. მეორე ნახევარში ჩვენ გავაძლიერეთ ფლანგები და ამან შედეგი გამოიღო. ეს გამარჯვება შექმნეს ფეხბურთელებმა. გაამართლა მინდორზე ასამოასა და ლიხტშტაინერის შესვლამ. ვეცდებით, რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაზე", - თქვა ალეგრიმ "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ.

დავუბრუნდეთ სერია A-ს და გავიხსენოთ, რომ "იუვენტუსმა" წინა ტურში, პაულო დიბალას საფინალო შედევრით, სასწაული მატჩი მოუგო "ლაციოს" და ახლა აუცილებლად უნდა განამტკიცოს ეს წარმატება. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ "ბებერ ქალბატონს" კონკურენტ "ნაპოლიზე" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სანახაობრივ მატჩს უნდა ველოდოთ რომში, სადაც ეუსებიო დი ფრანჩესკოს "რომა" "ტორინოს" დაუპირისპირდება. ნეაპოლური სპექტაკლის შემდეგ ქომაგები "ჯალოროსისგან" კვლავ შედეგიან თამაშსა და გამარჯვებას ელიან.

ამაზე არანაკლებ საინტერესოა, როგორ ითამაშებს რომაელთა ახალგაზრდა თურქი ლეგიონერი ჩენგიზ იუნდერი. ბოლო შეხვედრებში მას ზედიზედ გააქვს გოლები და "ტორინოს" მცველებს ამ მხრივ დიდი ყურადღება მართებთ.

წესით, "იუვენტუსთან" განცდილი მარცხის სიმწარე ამ ტურშივე უნდა დაივიწყოს "ლაციომ". ყოველ შემთხვევაში, "კალიარი" ნამდვილად არ მიეკუთვნება დაუმარცხებელი გუნდების კატეგორიას, თუნდაც საშინაო შეხვედრებში.

სერია A-ს ამ ტურის ყველა თამაში წუთიერი დუმილით დაიწყება. მიზეზის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ - საფეხბურთო სამყარო პატივს მიაგებს "ფიორენტინას" 31 წლის კაპიტნის, დავიდე ასტორის ხსოვნას...

ფაქტები
  • "რომამ" და "ტორინომ" ბოლო 5 შეხვედრიდან ოთხში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.
  • "ვერონასა" და "კიევოს" შორის უკანასკნელ 5 შეხვედრაში ორივემ გაიტანა თითო გოლი მაინც.
  • "სამპდორიამ" პირველ წრეში "კროტონეს" 5:0 მოუგო, ხოლო წინა ჩემპიონატში შინ 1:2 დამარცხდა.
  • "იუვენტუსისა" და "უდინეზეს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა თითო გოლი მაინც.
  • "ჯენოასა" და "მილანს" შორის უკანასკნელი 3 მატჩიდან სამივეში ერთ-ერთმა ვერ მოახერხა გოლის გატანა.
  • "ინტერისა" და "ნაპოლის" ბოლო ხუთ მატჩში ორივე გუნდს გოლით არ გამოუჩენია თავი.

სერია A. XXVIII ტური
პარასკევი, 9 მარტი
რომა-ტორინო 23:45

შაბათი, 10 მარტი
ვერონა-კიევო 23:45

კვირა, 11 მარტი
ფიორენტინა-ბენევენტო 15:30
ბოლონია-ატალანტა 18:00
კალიარი-ლაციო 18:00
კროტონე-სამპდორია 18:00
იუვენტუსი-უდინეზე 18:00
სასუოლო-სპალ 18:00
ჯენოა-მილანი 21:00
ინტერი-ნაპოლი 23:45

ბომბარდირები: 23 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - პაულო დიბალა (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული