სერია A. XXXV ტურის წინ: დადგა გადამწყვეტი ჟამი...

AutoSharing Option
დიახ, სერია A-ში გადამწყვეტი ჟამი დგას. "იუვენტუსი", რომელიც ჯერაც სატურნირო ცხრილის კენწეროშია მოკალათებული, ერთი ქულითღა უსწრებს "ნაპოლის" და სტუმრად ეთამაშება "ინტერს". რა თქმა უნდა, მასპინძელი კბილებს ილესავს და ყველანაირად ეცდება, ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მეტოქე დაამარცხოს.

ძალიანაც რომ უნდოდეს, "ინტერი" ვერ მოდუნდება, რადგან ლუჩანო სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძვის და ეს ისეთი ამოცანაა, ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი ედება.

დავამატოთ ამას ისიც, რომ "იუვენტუსის" პრობლემები დამძიმდა - ტრავმის გამო, გუნდს სეზონის ბოლომდე გამოაკლდა დაცვის ბურჯი ჯორჯო კიელინი.

ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ
ესაა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ "ნაპოლის" ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი სტუმრობა ფლორენციაში - იქ, სადაც ძალიან არ უყვართ (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ - სძულთ) "იუვენტუსი". ამით ნამდვილად არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, ფაქტს ვაფიქსირებთ... ბოლოს და ბოლოს, "ფიორენტინას" სატურნირო მოტივაციაც აქვს - ჯერაც ინარჩუნებს ევროპალიგაში გასვლის შანსს.

"ნაპოლიმ" უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოიგო ტურინში და ამ წარმატებით ფრთაშესხმული, ეცდება, მოპოვებულზე არ შეჩერდეს. ტურინულმა მატჩმა ნათლად გვიჩვენა, რომ "ნაპოლიმ" უკან მოიტოვა დროებითი ჩავარდნა.

ცალკე ინტრიგაა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილებისთვის ბრძოლაში. "ლაციოს" რთული გასვლა ელის "ტორინოსთან". ყველაზე იოლი შეხვედრის მოლოდინში "რომაა", რომელიც "კიევოს" დაუხვდება. რა თქმა უნდა, "ჯალოროსი" ფავორიტია, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რა გადახდათ რომაელებს "ენფილდზე", სადაც მოულოდნელად მიიღეს იმის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი სასწაული მოახდინონ...

ფაქტები
  • "რომასა" და "კიევოს" შორის ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "ინტერსა" და "იუვენტუსს" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "კროტონესა" და "სასუოლოს" ბოლო 5 მატჩიდან ოთხში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "მილანმა" ბოლო 4 მატჩი მოუგო "ბოლონიას".
  • "ვერონასა" და სპალ-ს შორის ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
  • "მილანი", "ტორინო" და "ინტერი" სერია A-ს ის 3 გუნდია, რომელსაც მიმდინარე ჩამპიონატში არ წაუგია ისეთი მატჩი, რომელსაც თავიდან იგებდა.

სერია A. XXXV ტური
შაბათი, 28 აპრილი
რომა-კიევო 20:00
ინტერი-იუვენტუსი 22:45

კვირა, 29 აპრილი
კროტონე-სასუოლო 14:30
ატალანტა-ჯენოა 17:00
ბენევენტო-უდინეზე 17:00
ბოლონია-მილანი 17:00
სამპდორია-კალიარი 17:00
ვერონა-სპალ 17:00
ფიორენტინა-ნაპოლი 20:00
ტორინო-ლაციო 22:45

ბომბარდირები: 29 - ჩირო იმობილე (ლაციო); 26 - მაურო იკარდი (ინტერი); 21 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 18 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული