სერია A. XXXVIII ტური: მეშვიდე ცაზე [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლოსწინა ტურს რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ უნდა გაერკვია: სკუდეტოს მფლობელის ოფიციალურად გამოვლენის გარდა, სასწორზე იდო ჩემპიონთა ლიგის საგზური, ევროპალიგაზე გამსვლელი ადგილი და ასევე დიდი ბრძოლა უნდა გამართულიყო ელიტაში ადგილის შენარჩუნების მოსურნე კლუბებს შორის...

მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო! სერია A-ს დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "იუვენტუსი" 34-ედ (ზედიზედ მე-7-ედ) გახდა ქვეყნის ჩემპიონი. "ბებერმა ქალბატონმა" გასვლითი მატჩი ფრედ (0:0) ითამაშა "რომასთან", პარალელურ მატჩში კი "ნაპოლიმ" გასვლაზე 2:0 მოუგო "სამპდორიას", თუმცა "იუვენტუსი" მაინც მიუწვდომელია.

რომაულ მატჩში თამაში უფრო ძნელი მასპინძლებისთვის იყო. პაულო
დიბალას მიერ გატანილი გოლი არბიტრმა გააუქმა, რაჯა ნაინგოლანი კი ერთხელაც მიაბრძანეს მინდვრიდან.

საბოლოო ჯამში, "იუვენტუსმა" დამსახურებულად მოიგო იტალიის ჩემპიონატი. საჩემპიონო მარულაში გაიმარჯვა უფრო მონოლითურმა და ღრმა შემადგენლობის გუნდმა, რომელიც კონკურენტზე მეტად სტაბილური გახლდათ.


"ნაპოლიმ" კი კუდი მოიქნია. მაურიციო სარის გუნდმა გენუაში არკადიუშ მილიკისა და რაულ ალბიოლის გოლებით 2:0 მოუგო "სამპდორიას". ამბობენ, სარის წასვლის შემთხვევაში ნეაპოლურ კლუბს კარლო ანჩელოტი ჩაიბარებსო...

ტური "ინტერისა" და "სასუოლოს" შეხვედრით დაიწყო. რა თქმა უნდა, უდავო ფავორიტად მილანური გრანდი ითვლებოდა. ლუჩანო სპალეტის შეგირდებს ჩემპიონთა ლიგის საგზური რომ მოეპოვებინათ, ეს თამაში უნდა მოეგოთ ან მხოლოდ იმის იმედზე დარჩენილიყვნენ, რომ "ლაციო" გასვლაზე ვერ მოახერხებდა "კროტონეს" ძლევას.

მოვლენები მართლაც რომ მოულოდნელად განვითარდა. გამარჯვებას ვინ ჩივის, ფავორიტი სულაც უქულოდ დარჩა. ჯერ იყო და, მატეო პოლიტანომ შეაგდო "გროსმაისტერული" ჯარიმა, მერე კი დომენიკო ბერარდის შორეულმა დარტყმამ უწია მიზანს.

"ინტერი" მხოლოდ თამაშის ბოლოს გამოფხიზლდა და რაფინიამ პრესტიჟის გოლი შეაგდო, მაგრამ ამან საერთო ვითარება ვერ შეცვალა. "ინტერი" დამარცხდა და გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გააწბილა.

"ჩვენ ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ახლა კი იმის იმედად ვართ, რომ ჩვენი კონკურენტი ქულებს დაკარგავს. ეს ის შემთხვევაა, როცა არ ღირს თავის მართლება", - თქვა "ინტერის" მწვრთნელმა სპალეტიმ.

ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი, უდავოდ, "სასუოლოს" მეკარე კონსილი გახლდათ, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია. მან განსაკუთრებით დაამწუხრა მაურო იკარდი, ვისაც, სხვების გარდა, ერთი სასწაული ბურთიც აუღო.

ისე, "ინტერს" ბედი ჰქონია. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ლაციო" გასვლაზე მოახერხებდა "კროტონეს" ძლევას და ყოველგვარი წვალების გარეშე გავიდოდა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ... სიმონე ინძაგის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ამის გაკეთება ვერ შეძლო და საქმე სათუოდ გაიხადა.

ეს ჩვენთვის ძალიან კარგია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სერია A-ს ბოლო ტურში მართლაც რომ დიდი ომი გველის: რომში "ლაციო" და "ინტერი" ერთმანეთში გაარკვევენ, რომელს ერგება ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი ერთი სანუკვარი ადგილი.

"კროტონესთან" მატჩში თავიდან "ლაციო" დაწინაურდა, მაგრამ მერე მასპინძელი გაიჭრა წინ და მოგებას ვინ ჩივის, "ბიანკოჩელესტეს" ქულაც სანატრელი გაუხდა. საბოლოოდ, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა იყოჩაღა და "ლაციო" იხსნა, საგოლე გადაცემა კი სტეფან დე ვრეიმ მიითვალა, ვინც მომავალი სეზონიდან "ინტერში" ითამაშებს.

ევროპალიგის საგზურის მოპოვების მოსურნეები, "ატალატა" და "მილანი", ბერგამოში შეიბნენ. შეხვედრა კოკისპირული წვიმის ფონზე წარიმართა. პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი შეიქმნა ორივე გუნდის კართან. უფრო მწვავედ "ატალანტა" ირჯებოდა - მასპინძლებს ერთ შეტევაში სამჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

მეორე ნახევარში ფრანკ კესიმ "მილანი" დააწინაურა. კესის გოლი არ უზეიმია, რადგან ის ცოტა ხნის წინ "ატალანტას" ფეხბურთელი იყო. მეორე ტაიმში არბიტრმა მინდვრიდან აქეთ-იქიდან თითო ფეხბურთელი გააძევა...

მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და გათანაბრება მაინც მოახერხეს. ილიჩიჩის გადაცემის შემდეგ მაზიელომ მძლავრი თავურით შეაგდო. იმ ეპიზოდში ჯანლუიჯი დონარუმამ ბურთს თითები კი წაატანა, მაგრამ ვეღარ მოიგერია. საბოლოოდ, 1:1. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა.


ასევე ძალიან დაძაბული გამოდგა ბრძოლა ცხრილის ქვედა ნაწილში. აქაც ბოლომდე არაფერია გარკვეული. ვნახოთ, რომელი გუნდები მიჰყვებიან ელიტიდან გავარდნილ "ბენევენტოსა" და "ვერონას".

ბომბარდირები: 29 - ჩირო იმობილე (ლაციო); 28 - მაურო იკარდი (ინტერი); 22 - პაულო დიბალა (იუვენტუსი).
ბოლო ტური
19 მაისი: ჯენოა-ტორინო
20 მაისი: მილანი-ფიორენტინა, კალიარი-ატალანტა, კიევო-ბენევენტო, იუვენტუსი-ვერონა, ნაპოლი-კროტონე, სპალ-სამპდორია, უდინეზე-ბოლონია, ლაციო-ინტერი, სასუოლო-რომა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული