სერია A. X ტურის წინ: იკარდი იმობილეს წინააღმდეგ

AutoSharing Option
როცა სერია A-ზე ვწერთ, გვინდა თუ არა, "იუვენტუსით" უნდა დავიწყოთ. ტურინული კლუბი შესანიშნავ ფორმაშია, რაც "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვებითაც დაადასტურა. ვფიქრობთ, "ემპოლისთან" შეხვედრაში "ბებერ ქალბატონს" პრობლემები ნაკლებად უნდა შეექმნას. ეს იმის მიუხედავად, რომ დუგლას კოშტა დაშავებულია.

ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს "ნაპოლისა" და "რომას" შეხვედრა. ორივე გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. და მაინც, ეს მატჩი მეტოქეთათვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით - "ნაპოლისთვის". შეიძლება, ბოლომდე ძალები არ ეყოს, მაგრამ ამ დროისთვის ნეაპოლური კლუბი "იუვენტუსის" ერთადერთი კონკურენტია იტალიის ჩემპიონატში.

"ნაპოლის" მცველებს თავსატეხი ექნებათ ედინ ჯეკოს სახით.
ბოსნიელი შესანიშნავ ფორმაშია. ეს მან დაადასტურა ქვეყნის ნაკრებშიც და ჩემპიონთა ლიგაზე, კონკრეტულად კი ცსკა-სთან შეხვედრაში.

"ლაციოს" კარგა ხანია, "ინტერისთვის" აღარ მოუგია. ახლა რომაელებს ამის კარგი შანსი ეძლევათ. რაც გვაფიქრებინებს, რომ "ლაციოს" ამ შეხვედრაში ცოტა მეტი შანსი აქვს. "ინტერს" კალენდრის მხრივ არ გაუმართლა - მოკლედ, პერიოდში ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჯერ მილანური დერბი ითამაშა, მერე "ბარსელონას" შეება "ნოუ კამპზე", ახლა კი მორიგი ურთულესი ოპონენტი შინაურ
ფრონტზე...

ეს შეხვედრა თამამად შეგვიძლია შევრაცხოთ ორი გამორჩეული ბომბარდირის, მაურო იკარდისა და ჩირო იმობილეს დუელად. რა თქმა უნდა, იკარდი უკეთეს ფორმაშია, მაგრამ თავისი არგუმენტები ჩიროსაც აქვს.

"მილანი" ეთამაშება "სამპდორიას" და თუ არ მოიგო, შესაძლოა უმალვე დადგეს გუნდიდან ჯენარო გატუზოს გაშვების საკითხი. იწერება, რომ "მილანის" შეფებმა უკვე შეარჩიეს მისი შემცვლელი და ეს გახლავთ კლუბის კიდევ ერთი ლეგენდა რობერტო დონადონი.

სერია A-ზე ვლაპარაკობთ და ერთი ინფორმაცია იტალიურ კლუბებზე - მათი წინსვლა მართლაც აშკარაა ბოლო წლებთან შედარებით. სერიას A-ს გრანდები დღეს კვლავ ანგარიშგასაწევები არიან ბებერ კონტინენტზე, როგორც ეს 90-იან წლებში იყო.

ფაქტია, სწორედ აპენინურმა კლუბებმა აიღეს ყველაზე მეტი ქულა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უპოპულარეს ტურნირში 2 და მეტი გუნდით არიან წარმოდგენილნი.

აღმოჩნდა, რომ იტალიური კლუბები თამაშში საშუალოდ 2.17 ქულას აგროვებენ. III ტურში "იუვენტუსმა" და "რომამ" გაიმარჯვეს, "ნაპოლიმ" ფრედ ითამაშა, ხოლო "ინტერი" დამარცხდა.
ამასთან, "იუვენტუსს" ჯგუფში ყველა 3 მატჩი მოგებული აქვს, 2-2 მოგება აქვთ "რომასა" და "ინტერს", "ნაპოლი" კი დაუმარცხებელია 1 მოგებითა და 2 ფრით.

იტალიური კლუბების შემდეგ მოდიან ბუნდესლიგისა და ლა ლიგის წარმომადგენლები - საშუალოდ 1.92 ქულა, შემდეგ პორტუგალიური კლუბები არიან - 1.67 ქულა.

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტიმ" და "ლივერპულმა" მესამე ტურში გაიმარჯვეს, პრემიერლიგელთა მონაგარი მაინც ვერ არის შთამბეჭდავი - საშუალოდ 1.42 ქულა.

ფაქტები
  • "ატალანტასა" და "პარმას" შორის ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "იუვენტუსმა" მიჯრით 6 შეხვედრა მოუგო "ემპოლის".
  • "ფიორენტინა" ბოლო 2 თამაშში აღმოჩნდა "ტორინოზე" ძლიერი.
  • "ბოლონიამ" უკანასკნელ 3 შესხვედრაში შეძლო "სასუოლოს" დამარცხება.
  • "კიევომ" მიჯრით ორი დუელი მოუგო "კალიარის".
  • "უდინეზე" ბოლო 3 შემთხვევაში იყო "ჯენოაზე" უკეთესი.
  • "ფროზინონემ" უკანასკნელ 2 მატჩში აჯობა სპალ-ს.
  • "მილანისა" და "სამპდორიას" ბოლო 6 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ნაპოლისა" და "რომას" ბოლო 4 შეხვედრა სტუმარმა მოიგო.
  • "ლაციოს" იტალიის ჩემპიონატში 2016 წლის შემდეგ არ მოუგია "ინტერისთვის".

სერია A. X ტური
შაბათი, 27 ოქტომბერი
ატალანტა-პარმა 17:00
ემპოლი-იუვენტუსი 20:00
ტორინო-ფიორენტინა 22:30

კვირა, 28 ოქტომბერი
სასუოლო-ბოლონია 15:30
კალიარი-კიევო 18:00
ჯენოა-უდინეზე 18:00
სპალ-ფროზინონე 18:00
მილანი-სამპდორია 21:00
ნაპოლი-რომა 23:30

ორშაბათი, 29 ოქტომბერი
ლაციო-ინტერი 23:30

ბომბარდირები: 9 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 6 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), ჩირო იმობილე (ლაციო); 5 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), გრეგუარ დეფრელი (სამპდორია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული