"ინტერის" ფანები ლუკაკუს მიმართავენ: რეალურ ცხოვრებაში ჩვენ რასისტები არ ვართ

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ფანკლუბმა "კურვა ნორდმა" მიმართა რომელუ ლუკაკუს, რომელმაც "კალიარისთან" გასვლაზე ჩატარებული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მას რასისტული ფრაზებით მიმართავდნენ და რასიზმი იტალიაში პრობლემას წარმოადგენს.

"გამარჯობა, რომელუ. ჩვენ "კურვა ნორდის" სახელით გწერთ - ეს ის ხალხია, რომელიც თბილად დაგხვდა მილანში. ძალიან ვწუხვართ, რომ კალიარიში მომხდარი ამბავი რასიზმად მიიღე. შენ უნდა იცოდე, ეს იტალიაა - ის არ ჰგავს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც რასიზმი რეალური პრობლემაა. გვესმის, ეს რასიზმად შეიძლებოდა მოგჩვენებოდა, თუმცა ეს ასე არაა.

იტალიაში ჩვენ გვაქვს საკუთარი ხერხები, თუ როგორ
დავეხმაროთ ჩვენებს და მოწინააღმდეგე კი ვანერვიულოთ. საქმე რასიზმში არაა. ჩვენ სხვადასხვა ეთნოსისგან შემდგარი ჯგუფი ვართ, ჩვენ ნებისმიერი ქვეყნიდან მოსულ ფეხბურთელებს მივესალმებით. თუმცა ამ ხერხებს ყოველთვის ვიყენებთ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეების წინააღმდეგ და გავაგრძელებთ კიდეც ამის გაკეთებას. არც ჩვენ და არც "კალიარის" ფანები არ ვართ რასისტები. შენ უნდა გაიგო, რომ იტალიის ყველა მოედანზე ხალხი მხარს საკუთარ გუნდს უჭერს და ამავდროულად, მეტოქე  გუნდის წინააღმდეგაც გამოდიან. ეს არაა რასიზმი, ეს საკუთარი გუნდის დახმარებაა.

გთხოვთ, ფანატების ის მოქმედება, როგორც პატივისცემა, ისე მიიღე. ისინი არათუ რასიზმის გამო ვერ გიტანენ, არამედ შენი და შენი გოლების ეშინიათ. ნამდვილი რასიზმი სავსებით სხვა ისტორიაა და ყველა იტალიელმა გულშემატკივარმა ეს ძალიან კარგად იცის. როცა შენ ამბობ, რომ რასიზმი პრობლემაა, რომელსაც იტალიაში უნდა ებრძოლონ, ამ დროს ეხმარები რეპრესიას ფეხბურთის ფანების მიმართ, მათ შორის, ჩვენ წინააღმდეგაც. შენ ისეთ პრობლემაზე ამახვილებ ყურადღებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რეალურად არ არსებობს.

სიტყვას გაძლევთ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში სხვადასხვა რასის წარმომადგენლები არიან. ისინიც პროვოცირებენ მოწინააღმდეგეებს, შესაძლოა, იმათაც, რომლებიც მათივე რასას მიეკუთვნებიან. გთხოვთ, სწორად გაიგე, რასაც გიხსნით, თუ რა არის ნამდვილი რასიზმი და ისიც, რომ იტალიელი ფანები რასისტები არ არიან. ნამდვილი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სკოლებში უნდა დაიწყოს და არა სტადიონებზე. გულშემატკივრები, ეს უბრალოდ გულშემატკივრები არიან, ისინი მოედანსა და რეალურ ცხოვრებაში სხვანაირად იქცევიან.

გარწმუნებთ: რასაც ფანები მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს სტადიონზე ეუბნებიან, არასდროს არავის ეტყვიან იმავეს რეალურ ცხოვრებაში. იტალიელი ფანები იდეალურები არ არიან და ჩვენც გვესმის შენი იმედგაცრუებისა. მათ მართლა არ უნდოდათ შენთვის რასისტულ საფუძველზე შეურაცხყოფის მოყენება. კიდევ ერთხელ: "კეთილი იყო შენი მობრძანება, რომელუ!" - წერია გავრცელებულ ტექსტში.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში მილანის "ინტერისა" და რომის "ლაციოს" ფანები განსაკუთრებულად გამოირჩევიან რასისტული და ფაშისტური ქცევით, რიტორიკითა და სიმბოლოებით. ვნახოთ, როგორ მიიღებს ამ პასუხს მილანელთა 9 ნომერი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Forza Italia
Megreli
15:47 05-09-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული