სერია A-ს მე-13 ტურში, ბერგამოში "ატალანტასთან" მოგებულ მატჩში (2:1), "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაზე ელიფ ელმასმა ითამაშა, გოლი გაიტანა და Dazn-ს მცირე ინტერვიუ მისცა.
- რამდენად საჭირო იყო თქვენთვის დღეს თამაში?
- ორი გამოტოვებული შეხვედრის შემდეგ, თავს ცოტა... ეს "ცოტა" ჩემთვის რთული პერიოდი იყო. მადლობა მწვრთნელს ნდობისთვის. სამი ქულის მოპოვებით გახარებული ვარ. მთავარი გუნდი და გულშემატკივრებია, მათთვის ვთამაშობთ. იმედია, მიზანს მივაღწევთ.
- როდის გაიგეთ, რომ სასტარტოში დაგაყენებდნენ?
- მწვრთნელი შემადგენლობას ყოველთვის ორი საათით ადრე აცხადებს. დიდი ხანია არ მითამაშია და ცოტა გაოგნებული დავრჩი.
მუდამ მზად ვარ, გუნდს ბოლომდე დავეხმარო.
- როდესაც გუნდში ისეთი ფეხბურთელი მოვიდა, როგორიც "კვარაა", რა გაიფიქრე? სათადარიგოთა სკამზე ყოფნის გამო ხომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნე.
ელიფ ელმასი: ჩემი სიყვარული - სათადარიგოთა სკამი
- არაფერი, შესანიშნავი ბიჭია, როცა მოვიდა, სულ მის დახმარებას ვცდილობდი, რადგან ჩემზე ერთი წლით უმცროსია. კარგად თამაშობს და ეს მიხარია, რამეთუ ყველაფერს გუნდისთვის აკეთებს. ის პოსტი კი ხუმრობა იყო. იმათ კატეგორიას არ განვეკუთვნები, რომლებიც სათადარიგოთა შორის დარჩენის გამო კამათობენ. ხანდახან ცუდად ვთამაშობ, მაგრამ მუდამ თავმდაბალი ვარ.
- ამ მოგების შედეგად "ნაპოლი" სატურნირო ცხრილში გაიქცა.
- ეს სამი ქულა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სწორ გზას ვადგავართ, თუმცა ჩემპიონატი ხანგრძლივია და კიდევ უკეთ თამაში გვმართებს.