ბელგიის ნაკრებმა რუსეთში გასამართი მუნდიალის საგზური დაიბევა. რობერტო მარტინესის შეგირდებმა გასვლაზე 2:1 მოუგეს საბერძნეთს და კონკურენტებისთვის მიუწვდომელნი გახდნენ. ამ წარმატების მთავარმა შემოქმედმა თქვა, რომ მის გუნდს მაქსიმუმი ჯერაც არ უჩვენებია.
"ეს ჯერ კიდევ არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ერთი სიამოვნებაა, წვრთნიდე ასეთ ფეხბურთელებს და გქონდეს ასეთი დიდი არჩევანი. ახლა შესარჩევი ციკლის დარჩენილი მატჩები ღირსეულად უნდა ჩავატაროთ და ამის პარალელურად, უნდა მოვემზადოთ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, სადაც ჩვენი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ მაღალ მიზნებს დაისახავს", - განაცხადა მარტინესმა.
გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მცველი იან ვერტონგენი,
უზომოდ გახარებულია: "ახლა ისღა დაგვრჩენია, მაგრად ვიზეიმოთ. დალევაც შეიძლება. თავიდან ბერძნებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს და არც ჩვენი თამაში იყო იდეალური, მაგრამ თანდათან ვითარება გამოვასწორეთ და მოწინააღმდეგემაც გაგვითავისუფლა სივრცეები".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"