"ვტირით, რადგან ვამაყობთ ფეხბურთელებით" - მაროკოს გულშემატკივრის ემოციური სიტყვები

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ მატჩში მაროკო საფრანგეთთან 0:2 დამარცხდა და ხორვატიას შეხვდება, რათა საუკეთესო მესამე გუნდის ვინაობა დადგინდეს.

აფრიკული ნაკრების ოცნება დასრულდა, თუმცა მოწყენისა და გულის გატეხის უფლება არავის აქვს, მხოლოდ და მხოლოდ სიამაყე. ვალიდ რეგრაგის თაოსნობით, ნაკრებმა შეძლო და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელმაც ნახევარფინალში ითამაშა.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მათთვის პრობლემები შეგვექმნა. ესეც მიღწევაა. ჩემმა ფეხბურთელებმა ნაკრებსა და ქვეყანას კარგი იმიჯი შეუქმნეს. რთულია ამას დასჯერდე, რადგან ისტორიების წიგნაკში კიდევ ერთი ახალი თავის დაწერა გვსურდა. მუნდიალს სასწაულით ვერ მოიგებ,
უნდა იმუშაო შენს თავზე, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ" - განაცხადა მაროკოს ნაკრების თავკაცმა.

მაროკოს გულშემატკივრები - ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ნაკრების შეხვედრებზე ფანტასტიკური განწყობა შექმნეს

კატარის დედაქალაქ დოჰაში მაროკოელი ქომაგების ნაკადი არ წყდებოდა. Royal Air Maroc-მა (RAM) ფრენებიც კი დაამატა, რათა გულშემატკივართა მაქსიმალური რაოდენობა ჩასულიყო საკუთარი ქვეყნის მხარდასაჭერად. საბოლოოდ კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, აღმაფრთოვანებელი გულშემატკივრობა, რომელიც საკუთარი ნაკრებისგან გამოწვეული სიამაყით მოდის. ტეო ერნანდესის მიერ მატჩის დებიუტშივე გატანილი გოლის შემდეგ განწყობა არც კი შეცვლილა, ქომაგები Dima Maghreb-ის სიმღერას ("სამუდამოდ მაროკო") განაგრძობდნენ და მხოლოდ მაშინ გაჩუმდნენ, როდესაც მატჩი დასრულდა.

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიკა რიჩარდსმა BBC One-თან ინტერვიუში თამაშზე ისაუბრა:

"ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს. მაროკოსა და საფრანგეთის დაპირისპირება ჩემთვის ამ მუნდიალზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. გულშემატკივრებმა შესანიშნავი გარემო შექმნეს".

თავისი სიტყვა თქვა "სამი ლომის" ყოფილმა კაპიტანმა ალან შირერმაც:

"მაროკოელებს შეუძლიათ ძალიან, ძალიან ამაყები იყვნენ იმით, რასაც მიაღწიეს. ჩადეს მთელი ძალისხმევა არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი ტურნირის მსვლელობისას. მათმა გულშემატკივრებმა შესანიშნავი გარემო შექმნეს და კარგი დროც გაატარეს".

Sportall.Ge

ხშირად ამბობენ, რომ მესამე ადგილისთვის თამაში არავის სურს, თუმცა შეხედეთ მაროკოს. აფრიკულმა ნაკრებმა გადალახა ბელგიის, ესპანეთისა და პორტუგალიის ბარიერი. თუ ხორვატიასაც დაამარცხებენ, მაშინ მესამე ადგილს დაისაკუთრებენ, რაც ჩინებული მიღწევა იქნება.

"შაბათს ჩვენი ნაკრები მონაწილეობას იმ შეხვედრაში მიიღებს, რომელსაც სხვების აზრით, ნაკლები დატვირთვა აქვს. ჩვენთვის ასე არაა, მესამე ადგილი ჩემპიონობას ნიშნავს. ემოციები ორმხრივია, ვტირით, რადგან გვინდოდა ფინალში თამაში, თუმცა უფლება არ გვაქვს, დასაძრახი რამე ვთქვათ, ჩვენმა ფეხბურთელებმა ყველანი გვასახელეს... ქვეყანა, ხალხი..." - განაცხადა მაროკოს ნაკრების ერთ-ერთმა ქომაგმა.

მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელების დედებთან გულთბილი ჩახუტება ხომ ცალკე სტატიად შეიძლება გამოვყოთ... გამოჰყავდათ მოედანზე, ცეკვავდნენ, იცინოდნენ... ფეხბურთი ხომ მეტია, ვიდრე სპორტი...

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული