გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა სერბეთთან ამხანაგური მატჩის (1:1) შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"პირველ ტაიმში ჩვენ შეთამაშებულობა გვაკლდა, ვინაიდან ეს ახალი გუნდია, ისინი ერთად პირველად თამაშობდნენ.
შესვენების შემდეგ გუნდმა უკეთ დაიწყო, გავზარდეთ ზეწოლა და თამაშის ტემპიც. ბევრი საგოლე შანსი გვქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე გვაკლდა.
საბოლოო ჯამში, ეს კარგი გამოცდილება იყო. მე კმაყოფილი ვარ ბიჭების შემართებით და იმ ზეწოლით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით", - განაცხადა გერმანელთა თავკაცმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავს თუ არა გუშინდელ მატჩში ძირითად შემადგენლობაში მანუელ ნოიერის ყოფნა იმას,
რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის რანგში სწორედ ის და არა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი დაიწყებს, ლიოვმა განაცხადა, რომ ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავს.
"ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ მარკ-ანდრეს შანსები მიეცემა. ასეთია ჩემი გეგმა. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი თამაში გავმართეთ, სადაც ორივემ თითო ტაიმი ითამაშა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პირველ ტაიმს მანუელ ნოიერი კაპიტნის რანგში ჩაატარებს. წინ ბევრი თამაში გველის და ტერ შტეგენს კიდევ მიეცემა შანსები", - აღნიშნა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონების დამრიგებელმა.
მომზადებულია sport.net-ის მიხედვით