ბელარუსის პრემიერლიგის კლუბის, გროდნოს "ნემანის" გულშემატკივრებმა კორონავირუსსა და მიმდინარე ჩემპიონატთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს.
"ჩვენ, საფეხბურთო კლუბ "ნემანის" გულშემატკივრები მივმართავთ ჩვენი ქვეყნის ყველა აქტიურ ფანს. კარგად ვიაზრებთ, რომ ჩვენ "ვიღაც" გვატყუებს. ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიური სიტუაციის გამო გუნდის საშინაო და გასვლით შეხვედრებს აღარ დავესწრებით.
ეს რთული გადაწყვეტილებაა, გვიჭირს ბიჭების მხარდაჭერის გარეშე დატოვება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ბელარუსში არსებულ ყველა ფანკლუბს ამავეს მოვუწოდებთ. მოდით, დავრჩეთ სახლში, შევამციროთ კორონავირუსის გავრცელების რისკი,
დავიცვათ საკუთარი თავი და ახლობლები.
ბოლოს და ბოლოს, მოვუწოდებთ ბელარუსის ფეხბურთის ასოციაციას, ბაზანოვის პრეზიდენტობით, რომ გამოიჩინონ გონიერება და შეაჩერონ ჩემპიონატი, როგორც ეს მთელ მსოფლიოში მოხდა. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ახლობლებს", - წერია გულშემატკივრების განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ გროდნოს "ნემანის" რიგებში ქართველი მცველი გიორგი ქანთარია გამოდის, რომელმაც გასულ ტურში "ვიტებსკის" წინააღმდეგ თავიც გამოიჩინა.
მომზადებულია tut.by-ს მიხედვით