დღეს, 15 მაისს, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ პრემიერლიგა 16 ივნისს განახლდება, ხოლო 1-ლი ლიგა დასრულებულად გამოცხადდა.
მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში საქართველოს ეროვნული გუნდის 5 წევრი თამაშობს - საბა კვირკველია, გია გრიგალავა, ჯიმი ტაბიძე, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.
მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, რუსეთის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონს სატურნირო ცხრილში ბოლო 2 ადგილზე გასული კლუბები დატოვებენ, მათ ნაცვლად კი ვოლგოგრადის "როტორი" და "ხიმკი" ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ "როტორში" ყაზანის "რუბინიდან" განათხოვრებულია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ბექა მიქელთაძე, რომელმაც მხოლოდ
1 შეხვედრის ჩატარება მოასწრო ახალ გუნდში, თუმცა მისი მისვლა ფეხბედნიერი აღმოჩნდა და "როტორი" პრემიერლიგას დაუბრუნდა.