ჩემპიონთა ლიგა. ფინალი. იუვენტუსი-რეალი: პაემანი ისტორიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
ზინედინ ზიდანმა - ცეკვა მომინდაო; კრიშტიანო რონალდომ მთელი სანათესაო ჩაიყვანა მინდორზე; მარსელომ ჩემპიონთა თასში თავისი შვილი ჩასვა; მეკარეებმა "პრინსიპალიტის" კარის ბადის მოჭრა დაიწყეს...

ასე ზეიმობდა მადრიდის "რეალი" დუოდესიმოს - ჩემპიონთა თასის რეკორდულად მე-12 მოპოვებას, იქვე კი "იუვენტუსის" ფეხბურთელები იდგნენ, ჯიჯი ბუფონის თამადობით და სეზონში ტიტულების ჰეთ თრიკის შესრულების დაკარგულ შანსს მისტიროდნენ...

თამაში
მასიმილიანო ალეგრიმ 3-4-1-2 შემოგვთავაზა. ბარძალი-ბონუჩი-კიელინის ტრიოზე ამ სეზონში კარგის მეტი რა ითქმის, კარს კი ლეგენდარული ბუფონი იცავდა. ფლანგის ბრაზილიელებს, დანი ალვეშსა და ალექს სანდროს შუა ხაზში ექსრეალელი ხედირა და
პიანიჩი ეხმარებოდნენ. პაულო დიბალა მანჯუკიჩისა და იგუაინის უკან მოქმედებდა. ზინედინ ზიდანის შემტევი ტრიოც "იუვეს" ანალოგიურად უტევდა. დიბალას "როლს" ისკო ასრულებდა, რომლის წინაც ბენზემა და რონალდო მოქმედებდნენ. დაცვაში "რეალი" კვარტეტით მოქმედებდა, შუა ხაზში კი ჩვეული ტრიოთი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი.

დასაწყისი "იუვენტუსისა" გამოდგა და იტალიური გუნდი მე-7 წუთზე ანგარიშსაც გახსნიდა, კეილორ ნავასს სასწაულებრივ რომ არ მოეგერიებინა პიანიჩის შორეული დარტყმული.

ნელ-ნელა "რეალმა" გამოასწორა მდგომარეობა და მე-20 წუთზე ანგარიშიც გახსნა: დანი კარვახალის პასი კრიშტიანომ მიიღო, პორტუგალიელის დარტყმული კი რიკოშეტის დახმარებით ბუფონის კარში აღმოჩნდა.
"იუვეს" პასუხი იყო მომენტალური და ძალიან ეფექტური - "ბებერი ქალბატონის" იერიში, თითქოს, ჩაიშალა, ისე უგერგილოდ მიაჩეჩა ბურთი პიპიტამ მანჯუკიჩს, რომელიც პირველ ტაიმში საუკეთესო იყო მოედანზე, მაგრამ ხორვატმა აკრობატულ ნახტომში დაარტყა და კეილორ ნავასი პირღია დატოვა.

შესვენების შემდეგ სულ სხვა "რეალი" გამოვიდა. "სამეფო კლუბმა" ნელ-ნელა საკუთარ ნახევარს მიაჯაჭვა "იუვენტუსი", სადღაც გაქრა მანჯუკიჩის სიმწვავე მარცხენა ფლანგიდან, ჩაიკარგა დიბალა, ერთი დანი ალვეში აქტიურობდა და ისიც ძალიან დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტით. ისკომ მოსინჯა შორი მანძილიდან, შემდეგ კი კაზემიროს ჯერიც დადგა. ბრაზილიელის შორეული დარტყმა ალბათ, არ იქნებოდა საბედისწერო, ბურთი ხედირას რომ არ მოხვედროდა და მიმართულება არ ეცვალა. ბუფონმა "იუვე" ვერ გადაარჩინა - 2:1.

64-ე წუთზე კი კრიშტიანო რონალდოს გოლს უკვე საკონტროლო გასროლა ეთქმის. მოდრიჩმა ალექს სანდროს დაასწრო, ფლანგიდან ჩააწოდა და კრიშტიანომ ახლო მანძილიდან გაიტანა.

ამის მერე, მეოთხე გოლამდე ყველაზე მეტად კუადრადოს გაძევება დაგვამახსოვრდა, შეცვლაზე შესულმა მეორე გაფრთხილება სერხიო რამოსთან უხეშობისთვის მიიღო, რომელიც "რეალის" კაპიტანმა კარგა გვარიანად გააფორმა.

90-ე წუთზე ანგარიშს წერტილი მარკო ასენსიომ დაუსვა, რომელმაც მარსელოს დაუფასა საგოლე პასი - 4:1 და "რეალმა" ჩემპიონთა თასი შეინარჩუნა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ
ზინედინ ზიდანი (რეალი): "სეზონი გამოვიდა ფანტასტიკური, უნდა მივულოცო "რეალის" ყველა ფეხბურთელს. ამ კონტინგენტით ბევრის მიღწევა შეგვიძლია, თუკი ისევ მუხლმოუხრელად ვიშრომებთ. ძალიან ბედნიერი ვარ. შესაძლოა, ეს გარეგნულად ნაკლებად მეტყობა, მაგრამ მენდეთ, ასეა. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ვარ? არა, არა, რას ამბობთ...
რა თქმა უნდა, "რეალში" ვრჩები. უკვე მომდევნო სეზონზე ფიქრს ვიწყებ".

კრიშტიანო რონალდო (რეალი): "ასეთი სიუჟეტისთვის მზად ვიყავი. თუკი გუნდის თითოეული ფეხბურთელი მთელი სეზონის განმავლობაში ბევრს მუშაობს, გუნდი აუცილებლად მოიგებს პრესტიჟულ ტიტულებს. შესვენებაზე ზიდანი ძალიან პოზიტიური კუთხით დაგველაპარაკა და გვითხრა, რომ ჩვენი სჯერა. ეს სეზონის ბრწყინვალე, გაუგონარი დასასრულია. ჩვენ პირველებმა შევძელით ლიგის მოგება ზედიზედ. თან, ფინალში ორი გოლი გავიტანე.

ამას დავუმატოთ, ესპანეთის ჩემპიონატის მოგება, გავხდი ლიგის ბომბარდირი, მეტი რაღა უნდა ინატრო?! ახლა კი მინდა მაქსიმალურად ვისიამოვნო ამ უნიკალური მიღწევით. კიდევ ერთი "ოქროს ბურთი"? ვნახოთ".

გარეთ ბეილი (რეალი): "საოცარი ამბავია, ქალაქიც ყოველმხრივ მზად დაუხვდა ფინალს. როცა საკუთარ ქალაქში იგებ ჩემპიონთა თასს, ეს ორმაგად სასიხარულოა. ჩემთვის მძიმე სეზონი გამოდგა, ბევრს ვშრომობდი, რომ ტრავმებისთვის მეჯობნა და ისევ ფორმაში შევსულიყავი. შესვენებაზე უნდა გვეგრძნო მეტი თვითრწმენა, რომ მეორე ტაიმში ჩვენი მომენტები გამოგვეყენებინა. ასეც მოხდა".

ისკო (რეალი): "პირველი ტაიმი ძალიან მძიმე გამოდგა. ეს იმიტომ, რომ "იუვე" ძალიან ძლიერი მეტოქეა. მაგრამ მეორეში "რეალმა" საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა და დამსახურებულად მოიგო".

სერხიო რამოსი (რეალი): "გუნდით და მთლიანად კლუბით ვამაყობ. დღეს "რეალს" ისტორიასთან პაემანი ჰქონდა და ჩვენ გამოვიყენეთ ეს. თავიდანვე გვსურდა კარგი ფეხბურთის ჩვენება და გამარჯვება. კი, გვქონდა შეცდომები, მაგრამ გამარჯვება დავიმსახურეთ. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოვიგეთ. ჩემპიონის ხასიათი გამოვავლინეთ".

ალვარო მორატა (რეალი): "არ ვიცი, ვრჩები თუ არა "რეალში"; ისიც არ ვიცი, ეს ჩემზეა დამოკიდებული თუ არა. ახლა კი მინდა, გუნდთან ერთად ვიზეიმო".

ჯანლუიჯი ბუფონი
(იუვენტუსი): "ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. გვეგონა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო. ძალიან კარგი პირველი ტაიმი ვითამაშეთ და "რეალს" უამრავი პრობლემა შევუქმენით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ ტურნირზე აუცილებელია ნებისმიერი წინაღობის გადალახვა. პირველ ტაიმში მეტი ენერგია დავხარჯეთ და ნაკლებად ვიხეირეთ, "რეალმა" კი პირიქით - მეორეში იყოჩაღა. კარგად გამოჩნდა "რეალის" კლასი, ძალა და უნარი, მოიგოს ასეთი მატჩები. მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ძალიან ვამაყობ იმით, რასაც ბიჭებმა ამ სეზონში მიაღწიეს. აქ ტიტულის მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ არ გამოგვივიდა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ. პიანიჩს მუხლი სტკიოდა და ამიტომ შევცვალე. "რეალმა" ტემპს უმატა და 15-წუთიანი კოშმარი მოგვიწყო. მეორე ტაიმში რიკოშეტით გაშვებულმა გოლმა ფსიქოლოგიურად გაგვტეხა. ამის მერე ჩვენ უნდა გვებრძოლა გაათმაგებული ძალით. აი, როცა ასე ვითამაშებთ, ვიტყვი, რომ კიდევ უფრო განვვითარდით. ამ დროს კი მესამე გოლი გავუშვით. მომავალ სეზონში კვლავ სამივე ტურნირის მოგებას ვგეგმავთ. დღევანდელი გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და ამ ახალი მოტივაციით ვიბრძოლოთ ფინალში გასვლისთვის. ყველამ კარგად იცის, რაში გვაქვს მოსამატებელი".

იუვენტუსი-რეალი 1:4
გოლები: 0:1 რონალდო (20), 1:1 მანჯუკიჩი (27), 1:2 კაზემირო (61), 1:3 რონალდო (64), 1:4 ასენსიო (90)
იუვენტუსი (3-4-1-2): ბუფონი - ბარძალი (66. კუადრადო), ბონუჩი, კიელინი - დანი ალვეში, პიანიჩი (71. მარკიზიო), ხედირა, ალექს სანდრო - დიბალა (78. ლემინა) - იგუაინი, მანჯუკიჩი
რეალი (4-3-1-2): ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, მარსელო - კროოსი (89. მორატა), კაზემირო, მოდრიჩი - ისკო (82. ასენსიო) - ბენზემა (77. ბეილი), რონალდო
გაძევება: კუადრადო (84)
ბურთის ფლობა: 44-56; დარტყმა: 11-18 (4-5); კუთხური: 1-1; თამაშგარე: 3-1; ჯარიმა: 23:18; გაფრთხილება: 5-4; პასები: 418-541 (353-491)
მაყურებელი: 65 842

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

- ტურინში მომხდარი ჭყლეტის შოკისმომგვრელი კადრები [VIDEO+PHOTO]
- კრიშტიანო რონალდო: ვინც მე მაკტირიკებდა, მოუწევთ ხმა ჩაიგდონ
- ზინედინ ზიდანი: ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ახლა ცეკვას დავიწყებ
მკითხველის კომენტარები / 10 /
1984 წლიდან ვარ ბარსელონას გულშემატკივარი. დღეს შედეგიდანაც და მთელი სეზონიდანაც ჩანს, რომ რეალი საუკეთესო ფორმაშია და სეზონის საუკეთესო გუნდია. თუმცა მინდა რეალის გულშემატკივრებს ვუთხრა ერთი რამ. თუ იძახით რომ პირველად მოიგო 2 ჯერ ზედიზედ რეალმაო, მაშინ რატომ იძახით რომ 12- ჯერ აქვსო მოგებული? 1956 და 1960 წლის ჩათვლით სულ რეალი იგებდა ევროპის ჩემპიონთა თასს. რაც ჩემპიონთა ლიგა დაერქვა ამ ტურნირს მას შემდეგ 6 ჯერ მოიგო რეალმა.
0
ამ სტატიის ავტორი ალბათ დილა-საღამოს მესის შერებილ თმებზე და ნაკოლკებზე ლოცულობს. რონალდო რომ ვითომ გააშაყირა. ჩვენთან ხომ ჟურნალისტები არ არსებობენ, მითუმეტეს სპორტული.
mixo
12:45 06-06-2017
0

სიახლეები პოპულარული