დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
ვერაფერს ვიტყვით, თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგას და საერთოდ, ევროტურნირებს მართლაც შთამბეჭდავი ანგარიშით დაუბრუნდა! ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ 16 ივლისს გამართულმა შეხვედრამ ამ წყვილის გამარჯვებულის ვინაობა გამოავლინა და ერთი კვირის მერე გასამართავი საპასუხო მატჩი ფორმალობაღა იქნება.

ჰო, ვერავინ დარჩებოდა გულგრილი "დინამოს" შედეგიანი თამაშის შემხედვარე (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში): რაც უნდა სუსტი მეტოქის კარის მიმართულებით გუნდი 26-ჯერ რომ დაარტყამს, დადებით ემოციებს აღძრავს! კი ბატონო, "დინამოს" მეტოქე ფარერების წარმომადგენელი იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველაფრის გარკვევა რატომ არ უნდა გვიხაროდეს?

Sportall.Geარც იმის უთქმელობა
იქნება, რომ ჩვენი ჩემპიონის თამაშში ყველაფერი იდეალურად არ იყო: ცოტა არ იყოს, უსიამოვნოზე მეტად გამოიყურებოდა სტუმართა ერთი-ორი მწვავე შეტევაც და ის ფაქტ(ებ)იც, როცა ზოგიერთი დინამოელი სათამაშო დისციპლინას არად დაგიდევდა და ზედმეტი ინდივიდუალიზმით ერთობოდა.

არც ის მართლაც უაზრო გაფრთხილებები მოგვეწონა: "სტრეიმურის" დონის გუნდთან (თანაც, მოედნის ცენტრში) ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი არ უნდა მიიღოს!

კიდევ იყო "დინამოს" თამაშში რამდენიმე ისეთი დეტალი, სამწვრთნელო შტაბსაც რომ ჩააფიქრებდა და უფრო მეტსაც ვიტყვით: "სტრეიმურზე" ძლიერი გუნდი (მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი სწორედ ასეთი კატეგორიის მეტოქე გვეყოლება) ამდენ პოზიციურ შეცდომას არ გვაპატიებს. თანაც, ამ შემთხვევაში მხოლოდ უკანახაზელთა თუ მეკარის შეცდომას კი არა, იმასაც ვგულისხმობთ, როცა პირველ ტაიმშიც და მეორის დასაწყისში რამდენიმე მშვენიერი მომენტი გავანიავეთ;

ისიც არ მოგვეწონა, ტრავმირებული ირაკლი ძარიას მოედნიდან გასვლის შემდეგ მოედნის ცენტრალურ რგოლში ბურთს რომ ვერ ვინარჩუნებდით, თუმცა, მერე და მერე ყველაფერი დალაგდა და, რაც მთავარია, მეტოქესთან შედარებით, კლასში უპირატესობაც გამოჩნდა!

ჰო, მართლაც ასე იყო: ფარერელები, ვიდრე შეეძლოთ, მეტ-ნაკლებად უძალიანდებოდნენ მასპინძლებს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნებულმა "დინამომ" მეორე ტაიმი მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა და ერთიმეორეზე უკეთესი გოლებითაც გვასიამოვნა!

რეკორდს რაღა უკლდა?..
...ერთი გოლიც და "დინამო" ევროტურნირებზე საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებდა - ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს ხომ აქამდე საუკეთესო შედეგი 2011 წელს ჰქონდა, როცა უელსურ "ლანელის" 5:0 მოუგო;

სხვათა შორის, "დინამოს" მშვენიერი შანსი ჰქონდა, ქართულ კლუბებს შორის აბსოლუტური რეკორდსმენიც გამხდარიყო - მეტოქის კარში 7 გოლი დღემდე არც ერთ ჩვენს გუნდს არ გაუტანია!

თუმცა, "დინამომ" კლუბის ისტორიაში 16 ივლისს ერთი კი არა, ორი რეკორდი მაინც დაამყარა: ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე დიდი ანგარიშითაც გაიმარჯვა და, საერთოდ, ევროტურნირებზე პირველად შეძლო მეტოქის კარში ექვსი გოლის გატანა!

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


უცნაური ტაიმი
მატჩის წინაც ვწერდით, რომ აქამდე ფარერელებს ხუთჯერ ვუმასპინძლეთ და წინა ხუთივე დაპირისპირებაში ქართულმა გუნდებმა გაიმარჯვეს; თანაფარდობა არც "სტრეიმურთან" მატჩის მერე შეცვლილა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პირველ ტაიმში, ცოტა არ იყოს, ძნელად წარმოვიდგენდით მატჩის საბოლოო ანგარიშს.

წინა სეზონის განმავლობაში "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი ძირითად შემადგენლობაში როტაციას მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობისას თუ ახდენდა. ახლაც, ფაქტობრივად, ადვილი გამოსაცნობი იყო "დინამოს" სასტარტო შემადგენლობა, ერთადერთი პოზიციის გარდა: ტრავმირებული პეტერ გრაიციარის ადგილი რომელ ფეხბურთელს უნდა დაეკავებინა.

საბოლოოდ ჩეხმა სპეციალისტმა სწორი გათვლა გააკეთა: მარცხენა ნახევარმცველად დავით კვირკველია გაამწესა, ამის გამო კი საპირისპირო ფრთაზე გადასვლა გიორგი მერებაშვილს მოუწია. მატჩის პირველი სახიფათო მომენტი სწორედ კვირკველიას კუთხურს მოჰყვა, როცა ლევან ხმალაძის თავური დარტყმა სტუმართა მეკარემ დიდი გაჭირვებით მოიგერია. ასეთი დასაწყისის მერე ყველა სწრაფ გოლს ველოდით, თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრებმა ერთი-ორჯერ მარჯვნიდან შემოგვიტიეს და ლეიფ ნიკლასენს ცოტა მეტი კლასი რომ ჰქონოდა, შესაძლოა, დავესაჯეთ კიდეც.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ამასობაში "დინამოს" შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა, თუმცა დუშან უჰრინს გადაადგილებები არ მოუხდენია: გუნდის ახალწვეულმა ელგუჯა გრიგალაშვილმა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიცია დაიკავა და მატჩის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელადაც იქცა!

ერთადერთი, რაც თვალში მოგვხვდა, გარკვეული დროის განმავლობაში კვირკველიასა და მერებაშვილის მიერ ფლანგების გაცვლა იყო;

მერე იყო ის ორწუთიანი მონაკვეთი, როცა ყურადღების ცენტრში გიორგი ლორია მოექცა: საქართველოს ნაკრების მეკარემ ჯერ არნბიორნ ჰანსენის დარტყმა მოიგერია, მომდევნო ეპიზოდში კი... შეტევა წამოიწყო, რომელიც გივი კვარაცხელიამ ეფექტურად გააგრძელა, მაგრამ ჩისკოს არანაკლებ მოხდენილ დარტყმას სტუმართა მეკარის უშეცდომო თამაში მოჰყვა.

"დინამოს" ამის მერეც ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ ვერც მერებაშვილმა და ვერც ჯაბა დვალმა ეს მომენტები ვერ გამოიყენეს.

ამას კი მართლაც უცნაური ხუთწუთიანი მონაკვეთი მოჰყვა, ერთდრულად სამი გოლი რომ ვიხილეთ! გრიგალაშვილის წამოწყებული კომბინაცია ჩისკომ შორეულ ძელთან ზუსტი გადაცემით გააგრძელა, სადაც ყველას უსტარიცმა დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.

ვინ წარმოიდგენდა, რომ გოლის მერე სტუმრები "დინამოს" საჯარიმოსთან მიახლოებას "გაბედავდნენ", მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ასეც მოხდა: "სტრეიმურმა" მარცხენა ფლანგიდან შემოგვიტია, გამოსვლაზე ლორია შეცდა და გლიშიჩისგან რიკოშეტით ბურთი ჩვენს კარში აღმოჩნდა!

თუმცა პირველი ტაიმი ამით არ დამთავრებულა: ჩისკომ მეორე საგოლე პასი მიითვალა და დვალმაც ახლო მანძილიდან, ერთი შეხებით, ზუსტად გადაგზავნა ბურთი სტუმართა კარში!

გოლთაცვენა და მშვენიერი შენაძენი
...მეორე ტაიმის საწყის 25 წუთში "დინამომ" რაც მომენტები გაანიავა, ერთდროულად რამდენიმე მატჩს "ეყოფოდა": განსაკუთრებით კი, დვალსა და მერებაშვილს არ უმართლებდათ. ამათ გარდა, გოლის გატანა შეეძლოთ ხმალაძეს, კვირკველიას, კვარაცხელიას.

და აი, ამ დროს, როცა, ფაქტობრივად, "ცალკარა" წავიდა, სტუმრებს 100-პროცენტიანი შანსი მიეცათ: ზემოთ ნახსენები არნბიორნ ჰანსენი გიორგი ლორიასთან პირისპირ გავიდა, ერთი შეხედვით, ჭკვიანურადაც გაგზავნა ბურთი შორეულ დაუცველ კუთხეში, თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, სულ ოდნავ არაზუსტად დაარტყა...

...71-ე წუთზე "დინამოს" შემადგენლობაში კიდევ ერთი ახალწვეული, კოტდივუარელი პატრიკ ვუო გამოჩნდა და ამ ათლეტურმა ცენტრფორვარდმაც უნდა თქვას, დებიუტი მქონდაო!

შეგახსენებთ, რომ ვუო სულ რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხა "დინამოში" და პირველსავე მატჩში "დუბლი" შეასრულა!

რა თქმა უნდა, ერთი მატჩით ძნელია ფეხბურთელის შესაძლებლობების განსაზღვრა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ასეთი ტიპის ცენტრფორვარდი "დინამოს" ჰაერივით სჭირდებოდა.

ისე, ვუოს გარდა, გრიგალაშვილის ჩინებულ ბურთაობასაც ვერ ავუვლით გვერდს - 23 წლის ნახევარმცველის გოლი და საგოლე პასი აღმოჩნდა გარდამტეხი ამ შეხვედრაში, რასაც ვუოს "დუბლი" და ჩისკოს ზუსტი დარტყმაც უნდა "მივათვალოთ". ისე, თუ ფეხბურთში კანონზომიერება არსებობს, 16 ივლისს ჩისკოს მოედანი უგოლოდ არ უნდა დაეტოვებინა და ასეც მოხდა!

...მატჩის ბოლოს კი დუშან უჰრინის უკვე "ტრადიციად ქცეული" სვლაც ვიხილეთ: მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ჩისკო იმიტომაც შეცვალა, რომ ესპანელი ფორვარდი გულშემატკივრების ტაშს ნამდვილად იმსახურებდა;

ისე, როგორც მთელი გუნდი...

მატჩის შემდგომი კომენტარები:
დუშან უჰრინი: გრიგალაშვილი ძალიან კარგად შემოვიდა

ჩისკო: "სტრეიმურთან" კარგი მატჩი ჩავატარეთ
უსტარიცი: არ გვინდოდა "სტრეიმურისთვის" შანსების მიცემა


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგად შემოვიდა ვოუ,რაღაც იმედები გააჩინა ,ისე თამაშის ხარისხი დაბალი იყო,აშკარად გვაკლია მაღალი კლასის ფეხბურთელები.
თემური
18:13 17-07-2013
0
როგორც კი მოუმატეს ჩვენებმა მაშინვე შექმნეს მომენტები და გამოიყენეს ასე რომ კმაყოფილები უნდა ვიყოთ მათი თამაშით
irakli
12:53 17-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული