დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]

AutoSharing Option
წელიწადი და ერთი თვე გავიდა იმის მერე, რაც თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დუშან უჰრინი-უმცროსი დაინიშნა და ჩეხი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა 30 ივლისს პირველი საშინაო ოფიციალური მატჩი წააგო!

ოღონდ, მოდი, გულახდილად ვთქვათ: 30 ივლისს მართლაც ღირსეულმა გაიმარჯვა და, ჩვენდა სამწუხაროდ, წყვილში გამარჯვებულის ბედიც, ფაქტობრივად, უკვე გარკვეულია.

კი, ბატონო, ერთ კვირაში საპასუხო მატჩია და ხომ შეიძლება, სწორედ სტუმრად შეხვედრაში შეძლონ დინამოელებმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა, მაგრამ, ვეჭვობთ, რუმინეთის მართლაც გამორჩეულმა გუნდმა ეს ორბურთიანი უპირატესობა ქარს გაატანოს.

მით უმეტეს,
გუშინდელი მატჩის შემხედვარე, ალბათ, ძალიან მცირე იქნება იმ ქართველ ქომაგთა რიცხვი, ვინც "ბუქარესტული სასწაულის" იმედად იქნება.

ჰო, მართლაც სასწაული თუ გვიშველის, რამეთუ გუშინ "სტიაუამ" უმაღლესი კლასის ფეხბურთი უჩვენა და, რაც მთავარია, რუმინელ ფეხბურთელთა ქმედებაში უდიდესი რესურსიც იგრძნობოდა, ეგ კი არა, ძალიან დიდი ალბათობა იყო, სტუმრებს ბევრად უფრო სოლიდური ანგარიშითაც მოეგოთ: ყოველ შემთხვევაში, მატჩის ბოლო წუთებში "სტიაუამ" ერთი მეორეზე უკეთესი მომენტები გაანიავა!

...რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, რომ "სტიაუას" სახით "დინამოს" ერთობ სოლიდური და ევროტურნირებზე გამოცდილი მეტოქე ჰყავდა, მაგრამ, ისიც ვაღიაროთ, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: ლაურენციო რეგეკამპფის გუნდმა თანამედროვე ფეხბურთის "გაკვეთილი" ჩაუტარა მოწინააღმდეგეს და, ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში აშკარად დაჩაგრა კიდეც!

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

თანაც, "სტიაუას" სიძლიერე პირველსავე წუთებში გამოჩნდა და თამაშის განმავლობაში უფრო და უფრო თვალში საცემიც გახდა: ბურთის ფლობაში მინიმალური წუნი, ფლანგების აქტიური და ეფექტიანი გამოყენება, საჭირო დროს პრესინგი მოედნის მთელ მონაკვეთზე, შეტევების უსწრაფესი წამოწყება და სტანდარტულების მაქსიმალურად სახიფათოდ შესრულება, - მოკლედ, ყველაფერში დაგვჯაბნეს.

მეტოქის ჩინებული გუნდური თამაში და სათამაშო დისციპლინის მკაცრი დაცვა ხომ მართლაც ქებას იწვევდა, არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ "სტიაუას" ცალკეული ფეხბურთელებიც; ყოველ შემთხვევაში, ცენტრალურმა მცველმა ლუკაშ სუკალამ, საყრდენმა ნახევარმცველმა და გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ბურჩეანუმ და შეცვლაზე შემოსულმა შემტევმა გაბრიელ იანკუმ მართლაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს.

აღარაფერს ვამბობთ კრისტიან ტანასეზე - 26 წლის ეს მარცხენა გარემარბი გუშინდელი შეხვედრის, უდავოდ გამორჩეული პერსონა გახლდათ და მართლაც უზადო ტექნიკითაც დაგვამახსოვრა თავი.

და კიდევ: "დინამო-არენის" პრესლოჟაში კოლეგებთან ერთად ვიხსენებდით და ვერაფრით გავიხსენეთ, თუ როდის გვეწვია ბოლოს ასეთი ორგანიზებული და ძლიერი კლუბი თბილისში...

მხოლოდ ჩისკოს ნუ დავაბრალებთ...
...ჩისკოს რომ პენალტი გაეტანა, არავინ იცის, თამაში როგორ დამთავრდებოდაო, - აი, ეს ფრაზა ისმოდა ყველაზე ხშირად მატჩის დამთავრების შემდეგ.

ჰო, შესაძლოა, მართლაც სხვანაირი თამაში წასულიყო, მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ სტუმრები მანამდეც... მხოლოდ მოსაგებად ჩამოსულებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ფრეზე ან მინიმალური სხვაობით წაგებაზე თანახმა გუნდს!

ჰო, ჯერ ის გვენიშნა, სტუმართა თავკაცმა შესვენების შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ტანმაღალი ცენტრფორვარდი (193 სმ) სტეფან ნიკოლიჩი რომ შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე 19 წლის გაბრიელ იანკუ რომ შემოიყვანა; ეგ კიდევ არაფერი: 57-ე წუთზე რეგეკამპფმა მეორე შემტევიც ნიკულაე სტანჩუც რომ გაიყვანა მოედნიდან, - ანუ, "სტიუას" თავკაცს 0:0 არ აკმაყოფილებდა და, როგორც მერე გაირკვა, თურმე ყველაფერი სწორადაც გაუთვლია.

აი, რაც შეეხება მის ჩეხ კოლეგას, შესაძლოა, ბევრს განსხვავებული აზრიც ჰქონდეს დუშან უჰრინის გადაწყვეტილებებზეც.

უპირველესად, რაღა თქმა უნდა, მოედნიდან ჩისკოს გაყვანას ვგულისხმობთ: ბევრის აზრით, ესპანელი შემტევი მოედანზე უნდა დარჩენილიყო!

გასაგებია, რომ ასეთი დონის მატჩში (როცა ერთ გოლს, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამის გადაწყვეტა შეეძლო) პენალტის ვერგატანა თვითონ ფეხბურთელზეც (და, საერთოდ, მთელ გუნდზეც) დამთრგუნველად იმოქმედებდა, მაგრამ ასეთი გამოცდილი ოსტატი, ჩვენი აზრით, ალბათ, მაინც მოედანზე უნდა ყოფილიყო.

აღარაფერს ვამბობთ იმ არასასიამოვნო რეაქციაზეც, "დინამო-არენის" ტრიბუნებიდან რომ წამოვიდა: ზოგიერთმა ჩვენმა გულშემატკივარმა ჩისკო მოედნიდან... სტვენით გააცილა!

არადა, მხოლოდ ესპანელის ბრალი რომ არ იყო "დინამოს" გუშინდელი მარცხი, ამაში, ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება; ისე როგორც იმაში, რომ ასეთი საპასუხისმგებლო მატჩების წინ "დინამოს" ბევრად უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი ესაჭიროებოდა!

რა თქმა უნდა, ტრავმებისგან დაზღვეული არავინ არის და იმავე პეტერ გრაიციარის და ირაკლი ძარიას არყოფნა დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ, ადრეც ვწერდით ამ თემაზე და კვლავაც გავიმეორებთ, რომ ამ ზაფხულს "დინამოს" ბევრად მეტი აქტიურობა მართებდა სატრანსფერო ბაზარზე: თუმცა, გუშინდელმა მატჩმა ყველაზე ცუდი რაც დაგვანახვა, სხვა იყო: სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისათვის მზად არ არის! ყოველ შემთხვევაში, გუშინდელ მეტოქესთან მატჩში ეს ყველაფერი ნათლად ჩანდა...

მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა

ახლა კი უშუალოდ მატჩის შესახებაც, რომელიც სტუმრების... უმწვავესი შეტევით დაიწყო: მიჰაი პინცელის პასით კრისტიან ტანასე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, რასაც ჩვენს კართან ზედიზედ ორი კუთხური მოჰყვა.

ჩვენების საპასუხო შეტევაც არ იყო ურიგო, დარკო გლიშიჩის მოხდენილი პასის მერე ბურთი ჩისკომ რომ გაატარა, რასაც გიორგი მერებაშვილის აქტიურობა და სტუმართა კართან კუთხური მოჰყვა; მერე ჩისკოს სახიფათო დარტყმულიც ვნახეთ, ბურთი გარედან რომ მოხვდა სტუმართა კარის ბადეს.

საერთოდაც, პირველ ტაიმში ჩვენები რამდენჯერაც ტემპს მოუმატებდნენ, მაშინვე სახიფათო მომენტი იქმნებოდა, მაგრამ ვერც გლიშიჩის, ვერც ლევან ხმალაძის და ვერც გივი კვარაცხელიას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

ყველაზე რეალური მომენტი კი "დინამოს" 28-ე წუთზე ჰქონდა: ჯაბა დვალმა კარგი პასით გიორგი მერებაშვილი მოძებნა, დინამოელთა მარჯვენა ნახევარმცველმა (ისე, ჩვენი აზრით, მისი გამწესება სხვა პოზიციაზე უფრო პროდუქტიული იქნებოდა - გ. ტ.) ოსტატურად ჩამოიცილა იასმინ ლატოვლევიჩი და "ცაციათი" ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ "სტიაუა" მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუმ იხსნა, დამატებაზე კი ელგუჯა გრიგალაშვილმა ვერ იყოჩაღა.

ისე, "დინამოს" რაც არ დაეწუნებოდა, ეს "გახსნილი თამაში" იყო, თუმცა, ამით სტუმრებმა უფრო ისარგებლეს, - მოედნის ცენტრს უპრობლემოდ გადმოდიოდნენ და მერე, მრავალფეროვანი შეტევებითაც უამრავ ხიფათს რომ გვიქმნიდნენ.

პირველ ტაიმში სტუმართა მომენტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: ვლად ჩირიჩესმა თავური დარტყმით ოდნავ ააცილა, ლატოვლევიჩის შეტევა გიორგი ლორიამ მოიგერია, ისე როგორც იმ ეპიზოდში, როცა სტეფან ნიკოლიჩი მახვილი კუთხიდან ცდილობდა გოლის გატანას.

არც ის დაგვავიწყდეს, ერთ მომენტში კრისტიან ტანასემ ჩინებული "სლალომით" მარცხენა ფლანგზე რომ გაინავარდა და კიდევ კარგი, მის გამჭოლ გადაცემას ვერავინ მიუსწრო, თორემ პირველი ტაიმი უგოლოდ არ დამთავრდებოდა.

შორია ჯგუფურ ეტაპამდე...
მეორე ტაიმის საწყისი წუთები "უცნაურად მშვიდი" გამოდგა. თუმცა, მერე რუმინელები ისევ გააქტიურდნენ და ეფექტური სამსვლიანი კომბინაციაც ვიხილეთ იანკუს, ტანასესა და პოპას შესრულებით; მერე ისევ ტანასემ იაქტიურა და გიორგი ლორიამ გადაგვარჩინა!

საერთოდაც, რაღაც უცნაური 10-წუთიანი მონაკვეთი ვიხილეთ: ბურთი მოედნის ცენტრში რომ არ ჩერდებოდა და "დინამომაც" ორჯერ სახიფათოდ რომ შეუტია, მაგრამ ელგუჯა გრიგალაშვილის წამოწყებულ კომბინაციას დარკო გლიშიჩმა სათანადო გაგრძელება ვერ მოუძებნა, უსტარიცის ეფექტური თავური დარტყმა კი "სტიაუას" მეკარემ მოიგერია.

ჩიპრიან ტატარუშანუ მალე მატჩის გმირიც გახდა: შეხვედრის ავსტრიელ არბიტრს არ გამოეპარა სტუმართა მცველის ხელით თამაში და პენალტიც დანიშნა, მაგრამ ჩისკოს დარტყმული "სტიაუას" მეკარემ ხელებში გააქვავა!

ჰოდა, აი, აქ დამთავრდა "დინამოს" ილუზიები: ისევ ტანასეს სახიფათო შეტევა და კვლავაც ლორიას უშეცდომო თამაში, მაგრამ გაბრიელ იანკუს საშუალო მანძილიდან დარტყმულ ბურთს ჩვენმა მეკარემ ვერაფერი მოუხერხა.

ისე, დარტყმის მომენტში რუმინელი ფეხბურთელი მარტო რატომ იდგა, ძნელი სათქმელია; თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ამით არ დასრულებულა: სტუმრებს ერთბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ და მატჩის დარჩენილი 25 წუთი... შეტევებში გაატარეს.

აი, ამ მონმენტების აღწერას კი ნამდვილად აღარ შევუდგებით, უბრალოდ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ერთხელ ძელმა გადაგვარჩინა, ერთხელ - ლორიამ, სამი-ოთხჯერ იღბალმა გადმოგვხედა, მაგრამ შეუჩერებელმა ტანასემ მორიგი "შოუ" რომ მოაწყო მარცხენა ფლანგზე და ჩვენს საჯარიმოში მარტოდმარტო (!) მყოფ გაბრიელ იანკუს ზუსტად რომ გადააწოდა ბურთი (ამ უკანასკნელმაც პარტნიორს გარჯა არანაკლებ ზუსტი დარტყმით დაუფასა), "დინამო-არენის" ტრიბუნებიდან გულშემატკივარმა წასვლა დაიწყო...

მატჩის შემდგომი კომენტარები:
დუშან უჰრინი: ბუქარესტში სწრაფი გოლის გატანას შევეცდებით

ლაურენციო რეგეკამპფი: მაღალ დონეზე ვითამაშეთ და გოლებიც გავიტანეთ


30. 07. თბილისი. "დინამო-არენა". 30000 მაყურებელი

დინამო-სტიაუა 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 იანკუ (64), 0:2 იანკუ (8, ტანასეს პასით)
გაფრთხილება: გრიგალაშვილი (24), სტანჩუ (42), პინტილი (45), ლატოვლევიჩი (60), სუკალა (64), ხმალაძე (71), გარდოში (86)
არბიტრი: რ. შორგენჰოფერი (ავსტრია)

დინამო (4-4-2): ლორია, სეთურიძე, კვარაცხელია, უსტარიცი, კვირკველია, მერებაშვილი (86 ხოჭოლავა), გ. გრიგალაშვილი, ხმალაძე, გლიშიჩი, დვალი (79 გოგა), ჩისკო ( 67 ვუო)
მწვრთნელი: დ. უჰრინი

სათადარიგოები: ზარქუა, ხურცილავა, გველესიანი, პაპავა

სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ, გეორგიევსკი, სუკალა, ჩირიჩესი, ლატოვლევიჩი, პინტილი (83 გარდოში), ბურჩეანუ, პოპა, სტანჩუ (46 იანკუ), ტანასე, ნიკოლიჩი (57 პიოვოკარი)
მწვრთნელი: ლ. რეგეკამპფი

სათადარიგოები: კოჟოკარუ, პრეპელიცა, რადუცი, პირვულესკუ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
არა რა,პირდაპირ გასაოცარია ზოგიერთი ქართველი გულშემატკივარის მოსაზრებები.რა გავიდოდით რისგავიდოდით,პენალტიო თორემ მოვიგებდითო.აუუუ ჩამოფრინდით რა მიწაზე.81 წელი 30 წლის წინ იყო.2 - პასს ზუსტად რომ ვერ გადააწვდის ფეხბურთელები ერთმანეთს კარში გოლი როგორ უნდა გავიდეს?.ჯამარაული,არველაძეები,ქინქლაძე,ქეცბაია...ამათ შემდეგ მოკვდა ქართული ფეხბურთი.უნგრული სინდრომია ეს...7 :0 რომ მოვუგეთ სომხებს ადრე,ახლა აქეთ მიგვამყნობენ ასეთი ანგარიშით,ისეთი ფეხბურთელები ყავთ.ჩვეენ?...
MARADONA
19:48 31-07-2013
0
ფეხბურთი უნდა აიკრძალოს საქართველოში კანონის დონეზე ერთი 10 წლით!ყველა გუნდურ სპორტში რაღაცას მივაღწიეთ ევროპულ და მსოფლიო ასპარეზზე, ფეხბურთში მაქსიმუმი იყო მე-3 ადგილი ჯგუფურ ეტაპზე ნაკრების დონეზე, ისიც რამდნეი ხნის წინ!! მარტო ფეხბურთი განიცდის რეგრესს!! მარტო ქართველი ლეგიონერები აიღე, შეადარეთ არველაძეები, კალაძე, ქინქლაძე და ძმანი მათნი და ეხლანდელები. მითხარით, ყველაზე ცნობილი გუნდი, რომელშიც ქართველი ირიცხება! "დნეპრი"?!არადა ის ფული რაც ფეხბურთის ფედერაციის შენახვაზე იხარჯება, რო განაწილდეს სხვა ფედერაციებზე, მერე ნახე სქართველოს დროშის ფრიალი მსოფლიოში!
0

სიახლეები პოპულარული