სიტი-დინამო. გამოხმაურება: ძვირ ფასად მიღწეული ძვირფასი მიღწევა

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ სიტი" ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

"ქალაქელები" ამაზე დიდი ხანი ოცნებობდნენ და ეკლიან გზაზე არაერთგზის გადაჩეხილან, მაგრამ ამჯერად, პირველი რთული მონაკვეთი გაიარეს და ახლა წილისყრის მოლოდინში არიან. თუმცა "სიტიმ" ვარდი უეკლოდ ვერც ამჯერად მოკრიფა და კიევოს "დინამოსთან" ჭიდილი ცოტა ძვირად დაუჯდა.

საქმე ის არის, რომ დებიუტშივე დაშავდნენ და შესაცვლელები შეიქნენ ვენსან კომპანი და ნიკოლას ოტამენდი. ამ უკანასკნელს ექიმები ჯერ კიდევ აკვირდებიან და ზუსტი დიაგნოზი უცნობია. სამაგიეროდ, ვიცით, რომ საკმაოდ სერიოზულია ბოლო თვეებში ტრავმებით გაწამებული კომპანის დაზიანება, "სიტის" ბელგიელი
კაპიტანი, სულ ცოტა, ერთი თვე ვერ ითამაშებს.

მეორე საკითხია ის, რომ უკრაინაში მოგებული 3:1 მანჩესტერელებს მშვიდად ყოფნის საშუალებას კი აძლევდათ, მაგრამ ამით გამართლება იმ უფერულ-უნიათო თამაშისა, რომელიც გუნდმა კიეველებთან აჩვენა, ალბათ, მაინც არ იქნებოდა სწორი. მით უფრო, წინა შეხვედრების ჩაგდების მერე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, "სიტიმ" პრემიერლიგის გასულ ტურში გოლი ვერ გაუტანა აუტსაიდერ "ნორვიჩს" და ახლა საშინაო არენაზეც უგოლოდ გაეყარა "დინამოს", რომელიც ალაგ-ალაგ უტევდა და დაცვას აშიშვლებდა. ასე რომ, პელეგრინისთან ბევრი კითხვებია.

მეოთხედფინალში გასვლა კარგი შედეგია, მაგრამ ასეთი თამაშით მანჩესტერელებს საკუთარი და ინგლისის სახელის დაცვა გაუჭირდებათ, პრემიერლიგაში კი ოთხეულში ადგილის დაკარგვის საფრთხე გაჩნდა.

"კმაყოფილი ვარ, რადგან შემდეგ ეტაპზე გავედით. არ იყო აუცილებელი თამაშისთვის ტემპის მიცემა და დიდი ენერგიის დახარჯვა, რადგან ეს არ გვჭირდებოდა. მეტოქე უფრო უნდა წასულიყო რისკზე, ჩვენ კი, უბრალოდ, ბურთის კონტროლი გვსურდა და თან გოლის გატანასაც შევეცდებოდით. "დინამოს" ბევრი შანსი არ ჰქონია, მეტოქეს ბოლოსკენ შეექმნა ერთი რეალური მომენტი. ტაქტიკური და დაძაბული თამაში გამოვიდა, მაგრამ ამჯერად, ასე იყო საჭირო.

მეოთხედფინალში გასვლა გუნდისთვის დიდი წარმატება და მიღწევაა. აქამდე ამას ვერ ვახერხებდით, რადგან ძალიან არ გვიმართლებდა. არ არის ნორმალური, როდესაც მერვედფინალშივე ორჯერ გიწევს "ბარსელონასთან" ჭიდილი.

"სიტი" დიდ კლუბად ჩამოყალიბების გზაზეა, კლუბად, რომელმაც სტაბილურად უნდა მიაღწიოს სერიოზულ წარმატებებს. გუნდი ზრდასა და განვითარებას აგრძელებს. სამწუხაროდ, კომპანის ისევ კოჭის ტრავმა აქვს და მისთვის ძალიან რთული პერიოდია. ოტამენდის დაზიანება კი საგანგაშო არ ჩანს და იმედია, რამდენიმე დღეში მწყობრში იქნება" - განმარტა პელეგრინიმ.

კიეველთა თავკაცი სერგეი რებროვი კი თავისი ბიჭებით კმაყოფილი გახლდათ - "სამწუხაროდ, შინ დავმარცხდით და შანსები იქ დავკარგეთ, მაგრამ კარგად ვიბრძოლეთ და მანჩესტერში მოგებაც შეგვეძლო. გუნდი წინსვლას აგრძელებს, ბიჭებმა დიდი და საჭირო გამოცდილება მიიღეს და ამიერიდან უფრო ძლიერები ვიქნებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული