ატლეტიკო VS ბაიერნი - ტოპ-გუნდების ომი

AutoSharing Option
* 40 წელზე მეტია, რაც ეს ორი გუნდი ერთმანეთს ევროთასებზე გადაეყარა.
* "ბაიერნი" ზედიზედ მეხუთედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
* მადრიდის "ატლეტიკო" ბოლო სამ სეზონში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
* 422 წუთია, "ატლეტიკოს" გოლი არ გაუშვია, გუნდმა უკანასკნელი ხუთი მატჩი მოიგო.
* ბოლო 11 მატჩია, "ბაიერნს" არ წაუგია. 11-დან 9 შეხვედრაში მიუნხენელებმა მოიგეს.
* "ბაიერნმა" ბოლო ორ სეზონში ესპანეთში დათმო ნახევარფინალის პირველი მატჩები.

"ვისენტე კალდერონზე" ორი ისეთი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს, რომლებიც ტოპ-ფორმაში არიან. ხოსეპ გვარდიოლას მეორე და უკანასკნელი შანსი
აქვს, "ბაიერნთან" ერთად ევროთასი მოიგოს. დიეგო სიმეონე მორიგი ისტორიის დაწერას აპირებს...

ურთიერთშეხვედრა
არც 1974 წლამდე და არც მის მერე ეს ორი კლუბი ერთმანეთს არ შეხვედრია. მაშინ კი, მაისში "ატლეტიკო" და "ბაიერნი" ევროპის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ეს ორივე გუნდისთვის პირველი ფინალი იყო. ბრიუსელში, "ეიზელის" სტადიონზე ჰანს-გეორგ შვარცენბეკმა 120-ე წუთზე გაიტანა და "ბაიერნი" გადაარჩინა - 1:1. ორი დღის მერე "ეიზელზე" გადათამაშება დაინიშნა. "ბაიერნმა" ამჯერად, "ატლეტიკოსგან" ქვა-ქვაზე არ დატოვა - 4:0. დუბლები შეასრულეს ული ჰიონესმა და გერდ მიულერმა.

პრესკონფერენცია
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "უნდა ვიფიქროთ მხოლოდ ერთ რამეზე - გამარჯვებაზე. ველი ძალიან რთულ მატჩს ოპონენტთან, რომელსაც უდიდესი შემტევი პოტენციალი აქვს; იმ მწვრთნელის წინააღმდეგ, რომელსაც შეუძლია თამაშიდან თამაშამდე მოახდინოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. როგორმე უნდა შევძლოთ და მატჩის სადავეები ხელთ ვიგდოთ. ეს მატჩი ჩვენთვის სეზონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

"ატლეტიკოს" და "ბაიერნს" ბევრი რამ ასხვავებთ, მაგრამ ეს ომია, რომელშიც აუცილებლად ის ჯარი არ იმარჯვებს, რომელსაც მეტი ჯარისკაცი ჰყავს. იგებს ის არმია, რომელიც თავის ჯარისკაცებს უკეთ გამოიყენებს.

ფეხბურთსა და ცხოვრებაში არ არსებობს რევანში, არსებობს ახალი შესაძლებლობები. "ბაიერნი" ზუსტად ისეთივე სიტუაციაშია, როგორშიც ჩვენ ვართ. ჩემი სურვილია, ჩემმა გუნდმა მოიგოს, მეტი არაფერი".

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მოხარულნი ვართ, რომ ნახევარფინალში ვართ. ამ ეტაპზე მხოლოდ ძლიერი გუნდები თამაშობენ და "ატლეტიკო" გამონაკლისი არ არის. ესპანეთში "ატლეტიკო" თანასწორად ებრძვის "ბარსელონასა" და "რეალს", ევროპაში ის ფავორიტებს ამარცხებს. სიმეონემ გუნდთან ერთად უკვე დიდ წარმატებას მიაღწია.

დიდი თამაში იქნება, რთულიც და თვალსასეიროც. ყველაფერს გავაკეთებთ ფინალში გასასვლელად. "ატლეტიკო" მარტო კარგი დაცვა არ არის, გუნდი ძალიან ორგანიზებულია. მას ჰყავს კოკე. "ატლეტიკო" კარგია კონტრშეტევაზე, არ ტოვებს სივრცეს.

მოკლედ, თუ ყველა საკითხში მაგრად არ ითამაშებ, "ატლეტიკოსთან" შანსი არ გაქვს. ვფიქრობ, მე უფრო კარგი მწვრთნელი და ადამიანი ვარ, მეტად მშვიდი".

გასულ უქმეებზე
"ატლეტიკოს" "მალაგას" დამარცხება გაუჭირდა, სანამ შეცვლაზე ანხელ კორეა არ შევიდა. არგენტინელმა გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0 და "ატლეტიკო" ისევ რჩება საჩემპიონო რბოლაში.

"ბაიერნმა" ბერლინში "ჰერტა" 2:0 დაამარცხა და საჩემპიონო ტრიუმფს მიუახლოვდა. გოლები მეორე ტაიმში გავიდა. თავი არტურო ვიდალმა და დუგლას კოშტამ გამოიჩინეს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. I მატჩი
ატლეტიკო-ბაიერნი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გოდინი, ტიაგო, ფერეირა-კარასკო (?) - ბადშტუბერი, რობენი, ბოატენგი (?), როდე (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - ს. ნიგესი, კოკე, გაბი, ფერეირა-კარასკო - ფ. ტორესი, გრიზმანი
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - ლამი, ხ. მარტინესი, ალაბა, ბერნატი - ვიდალი - დ. კოშტა, მიულერი, ტ. ალკანტარა, რიბერი - ლევანდოვსკი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მე ჩემი აზრი დავაფიქსირე ატლეტიკოსთან მიმართებაში,ძნელია ეკამათო ბარსას,ან ბაიერნის ფანებს,აქ ყველაფერი გასაგებია,მეორეც ბაიერნმა ხო დახია ყველაფერი ბენფიკასთან მატჩებში,მართლაც ანტი ფეხბურთი იყო ბაიერნის შესრულებით,სულ ცოტა დააკლდა ბენფიკას და ჰოპას დაიძახებდა,მაგრამ ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს და ეს ამ საღამოს გამოჩნდება,მე მინდა გაიმარჯვოს ღირსეულმა.
roma
19:14 27-04-2016
0
დაანებეთ თავი ამ ახალგაზრდა ჭანტურიას უსარგებლო პიარს ნუ ეწევით, ამით მასაც დაღუპავთ, როგორც სხვა ბევრი დაღუპეთ გეყოფათ. ამას ჯერ ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ საზოგადოებამ მას კითხვები დაუსვას. მოეშვით უნიჭო პიარს.
0

სიახლეები პოპულარული