"ლესტერ სიტი" ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისური "ლესტერი" ჩემპიონთა ლიგაზე მშვენივრად თამაშობს. მართალია, კლაუდიო რანიერის გუნდს პრემიერლიგაში საქმეები ისე არ მისდის, როგორც მოქმედ ჩემპიონს ეკადრება, მაგრამ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ყველაფერი მშვენივრადაა. "მელიებმა" ორივე მატჩი მოიგეს და თავიანთ ჯგუფში ლიდერობენ.

გუნდი აშკარად გააძლიერა ისლამ სლიმანის გამოჩენამ. სწორედ ექსსპორტინგელმა გაიტანა გამარჯვების გოლი "პორტუსთან" სამშაბათს გამართულ შეხვედრაში. ნელ-ნელა ფორმაში შედის რიად მაჰრეზი, თავისი გოლების ძიებაშია ჯეიმი ვარდიც და არც ნ’გოლო კანტეს გაშვება შეიმჩნევა დიდად.

თანაც, როდესაც ნამპალის მენდი ტრავმას მოიშუშებს და ათამაშდება, იტალიელ სპეციალისტს ნახევარდაცვაში კიდევ უფრო
დიდი არჩევანი ექნება.

"ლესტერს" ამ სეზონში არათუ ჩემპიონობის გამეორება, ევროზონაში მოხვედრაც ძალიან გაუჭირდება და ისე ჩანს, რომ ეს ალბათ, არ გამოუვა, მაგრამ ლესტერშირელები ამით ტრაგედიას არ შექმნიან და აქცენტი ამჟამად სწორედ ჩემპიონთა ლიგაზე კეთდება, სადაც გუნდმა ჯგუფიდან გასვლისკენ უკვე დიდი ნაბიჯი გადადგა წინ.

რანიერი ჟურნალისტებთან საუბარში ჩვეულად მხიარულია და ხუმრობის ხასიათზეა. მან სემ ელარდაისის სენსაციური წასვლის მერე, ცხელ კვალზე იოხუნჯა, ინგლისის ნაკრებში გადასვლაზე ხომ არ მეფიქრაო.

"ბიჭები დიდი შემართებით თამაშობენ, ყველაფერი კარგად მიდის და კმაყოფილი ვარ. თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. "პორტუსთან" მატჩის ბოლო 10 წუთში გაგვიჭირდა და კიდევ ბოლო პასის გაკეთება არ გამოგვდიოდა, მაგრამ რიად მაჰრეზმა ის ერთი ფანტასტიკური პასი მაინც გააკეთა" - თქვა იტალიელმა.

სხვათა შორის, "ლესტერი" ინგლისის მე-10 წარმომადგენელი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე და პირველი, რომელმაც სადებიუტო სეზონი 2 მოგებით დაიწყო. ისლამ სლიმანი კი პირველი ალჟირელია, რომელმაც ამ ტურნირზე გოლი ორი სხვადასხვა კლუბის მაისურით გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული