"დინამოსთან" "ლანელის" შანსი არ ჰქონდა და არც უნდა ჰქონოდა - 5:0 (+VIDEO)

AutoSharing Option
ევროპის ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. დინამო-ლანელი. საპასუხო მატჩი
21.07. თბილისი. ეროვნული. 12 000 მაყურებელი

დინამო-ლანელი 5:0 (პირველი მატჩი 1:2)
1:0 ხისკო (7), 2:0 იაგუე ხიმენესი (11), 3:0 რობერტინიო (27), 4:0 ხისკო (51), 5:0 კოტო (55)
დინამო ლანელი
4-3-3 4-4-2
ლორია მორისი
ოდიკაძე ტომასი
თომაშვილი ჯონსი
კაკუბავა გრისტი
რეხვიაშვილი უილიამსი
ხისკო სამენი
კოშკაძე ბოუენი
კვეკვესკირი კორბისიერო
კოტო ევანსი
იაგუე ხიმენესი გრიფიტსი
რობერტინიო ფოლოუზი

ა. გარსია ე. ლეგი
დინამო
25. კაკუბავა-ჰომოლა
54. ხისკო-ჯიღაური
62. კოშკაძე-თექთურმანიძე
სათადარიგოები: ნადირაძე, ახალაია, ბერაია, ფანცხავა
ლანელი
35. ფოლოუზი-ბონდი
46. კორბისიერი-ვენეიბლსი
68. ბოუენი-ჰოლოვეი
სათადარიგოები: რიჩარდსი, ლეგი, ორმი, სეკერი
გაფრთხილება: კვეკვესკირი (21), გრიფიტსი (21),
რეხვიაშვილი (33), სამენი (43), ხისკო (55)
არბიტრი: მ. შტრომბერგსონი (შვედეთი)

გუშინ ევროთასებზე ყველაზე დიდი ანგარიშით თბილისის "დინამომ" მოიგო, რომელმაც სამხრეთუელსური "ლანელი" 5:0 გაანადგურა. ამ სასიხარულო ამბის მიუხედავად, გავბედავთ და ვიტყვით, რომ დღემდე ვერ გაგვირკვევია, როგორ "მოახერხა" ჩვენმა გუნდმა ბრიტანეთში წაგება. ამასთან, ერთი თხოვნაც გვაქვს - სენიორ გარსია, უმორჩილესად გთხოვთ, დაცვას მიხედეთ და თქვენი გუნდი ავ თვალს არ ენახვება.

სასიხარულოა, რომ "დინამომ" მიზანს ჯერ კიდევ მაშინ მიაღწია, როცა გულშემატკივართა დიდი ნაწილი ჯერ ტრიბუნებზე არ მოკალათებულიყო. ეროვნულ სტადიონზე 12 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რაც ამ დროისთვის (როცა ქალაქი იცლება) კარგი მაჩვენებელია. ამდენივეო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ათასს მაინც აღწევდა სტადიონს შემოსეული კალიების რიცხვიც.

"დინამომ" მალევე გადაწყვიტა ამ დაპირისპირებაში გამარჯვებულის ბედი და, სხვაგვარად როგორ უნდა ყოფილიყო პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენების ნაჯერით დაკომპლექტებულ "ლანელისთან"? ჯერ 7 წუთიც არ იყო გასული, როცა ანგარიში ხისკომ გახსნა, ამ ეპიზოდში ოდიკაძემ იაქტიურა, საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან დაბალი ბურთი ჩააწოდა და "ლევანტეს" ყოფილმა გარემარბმა არ დააყოვნა.

4 წუთის შემდეგ ისევ ოდიკაძის პასმა დაუდო სათავე დინამოელთა გოლს, მან ესპანელი ცენტრფორვარდი იაგუე ხიმენესი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, ოდესღაც "ესპანიოლში" ნათამაშებმა ხიმენესმაც გვიჩვენა, რომ კლასი არ დაეწუნება - 2:0. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, ბურთი მრგვალია და არც უელსელთა გააქტიურების გამორიცხვა შეიძლებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა მთავარი - "ლანელი" არ არის "დინამოს" ტოლ-სწორი გუნდი, მან კოჭი სხვებთან უნდა აგოროს, ერთხელ გამოუვიდა და ეყოფა! სხვათა შორის, ეს პირველ რიგში მასპინძლებმა ირწმუნეს, ამიტომაც ვამბობთ, რომ მე-11 წუთზევე გაირკვა, რომ "ლანელის" შანსი არ ჰქონდა და არც უნდა ჰქონოდა.

ამის შემდეგ ჩვენს საჯარიმოსთან უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა, რომელიც ლევან კაკუბავას ტრავმად დაგვიჯდა, "დინამოს" ცენტრალურმა მცველმა მხარი ისე დაიზიანა, რომ შესაცვლელი გახდა და მოედანზე ირჟი ჰომოლა ვიხილეთ. ჩეხმა ცუდად ითამაშა უელსში, მაგრამ ალექს გარსიას სხვა გზა არ ჰქონდა. სხვათა შორის, მე-20 წუთზე მომხდარ ამ ეპიზოდში უელსელ გრიფიტზე მეტად ისევ ჩვენებს ვადანაშაულებთ, ორმა მცველმა, ფაქტობრივად, არაფრისგან შექმნა საკუთარ კართან ეპიზოდი და კაკუბავა საბრძოლველად გაწირა.

27-ე წუთზე "დინამოს" კაპიტანმა ალექსანდრე კოშკაძემ გაიბრწყინა, რომელსაც ბოლო წამს მეკარე მორისმა თავით დაასწრო, მაგრამ უელსელმა კიპერმა ბურთი ზუსტად ბრაზილიელი რობერტიონიოს მისამართით მოიგერია, რობერტინიოს კი არ გასჭირვებია ცარიელ კარში გატანა მიუხედავად იმისა, რომ კუთხე ოდნავ მახვილი იყო და არც კარამდე იყო ახლო.

უელსელები განადგურებისთვის იყვნენ განწირულები, ისინი ახალი "დინამოს" შენებას ზვარაკად შეეწირნენ. სტუმართა მწვრთნელმა ის ჯორდან ფოლოუზი შეცვალა, რომელმაც უელსში ბენეფისი მოიწყო, გუშინ კი კომიკურ სიტუაციაში ჩავარდა, ბურთიც კი ვერ მიიღო ხეირიანად.

48-ე წუთზე პირველი სახიფათო სიგნალი გაისმა ქართველთა კართან, უელსელებმა საჯარიმო გაითამაშეს და მცველი ლოიდ გრისტი ახლო მანძილიდან ურტყამდა, ლორიამ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ზუსტად ერთ წუთში "დინამომ" ძალზე მწვავედ უჩხვლიტა "ლანელის", მაგრამ კოშკაძემ კარში დარტყმის ნაცვლად პასის მიცემა გადაწყვიტა და მომენტიც დაიკარგა.

ამის შემდეგ, ხუთწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გავიდა სტუმართა კარში, მათზეც ვიტყვით და მატჩის დეტალურ აღწერასაც შევწყვეტთ. ხისკო დაახლოებით ისეთ სიტუაციაში იყო, როგორშიც წუთების წინ კოშკაძე, ესპანელმა არ დაახანა და ეგრევე დაარტყა, ბურთი ხარიხამ აისხლიტა და ისე გავიდა, შემდეგ კი თავი კოტომ გამოიჩინა, აქ კოშკაძის ბრწყინვალე პასს აღვნიშნავთ - 5:0.

ამის შემდეგ საინტერესო აღარაფერი მომხდარა, სტადიონის მეოთხედით დაბნელებას თუ არ ჩავთვლით, თუმცა მსაჯს მატჩი არ შეუწყვეტია. კინაღამ დაგვავიწყდა, აღგვენიშნა - ხუთივე გოლი "დინამოს" ლეგიონერებმა გაიტანეს.

რა დავინახეთ გარსიას გუნდში ახალი წინა მატჩთან შედარებით? (ვგულისხმობთ "მისლამისთან" თბილისურ შეხვედრას) - მეტი მოძრაობა, უკეთესი შემსრულებლები და მონდომება. ბუნებრივია, ასეთ თამაშში დაცვის ლაფსუსები უფრო თვალშისაცემია, მაგრამ, რა ვუყოთ - შემდეგი მეტოქე "რეიკიავიკი" უელსურზე ბევრად უკეთესი გუნდია და ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავ დინამოს! კიდევ ბევრი სიხარული მოგეტანოთ. ბევრი სამუშაო გაქვთ და იმედია თავს გაართმევთ. ძალიან სუსტად გამოიყურება დაცვა. უაზრო შეცდომების შედეგი იყო კაკუბავას დამტვრევა. ოდიკაძე და განსაკუთრებით ჰომოლა ალბათ ყველაზე სუსტი წერტილებია დინამოში.
თემური
18:41 22-07-2011
0
დინამოს ისიც ეყოფა თუ როგორი სირცხვილი გვაჭამა უელსში. მე ეჭვი მეპარება ესეთი არაორგანიზებული გუნდით ისლანდიას რომ მოვუგოთ. წარმოიდგინეთ ეგეც რა სირცხვილი იქნება.
ramo
12:02 22-07-2011
0

სიახლეები პოპულარული