ჩიხურა VS ვადუცი - დიახ, უნდა შევუტიოთ!

AutoSharing Option
4 ივლისს, 18:00 საათზე, უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის "ჩიხურა" ლიხტენშტეინის "ვადუცს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.

მატჩის წინა დღეს ვაკის არენაზე ჯერ "ჩიხურამ" ივარჯიშა, შემდეგ კი "ვადუცმა", პაუზების დროს კი ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი მედიას გაესაუბრა.


Sportall.Ge

სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი):
- გუნდში კარგი განწყობაა. ევროტურნირზე პირველად გამოვდივართ და ვფიქრობთ, რომ ეს დიდი სტიმულია.

შეთამაშება არ უნდა გაგვიჭირდეს, რადგან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჩვენი ახალწვეულები ევროსარბიელზე საკმაოდ გამოცდილები არიან. მიმაჩნია, რომ კარგი დასაწყისი გვექნება.

გვაქვს ინფორმაცია, რომ მეტოქე
შეტევაზე ორიენტირებულია. თუმცა, ზუსტად მაინც არ ვიცით, "ვადუცი" რა გუნდია.

- შანსებს როგორ შეაფასებთ და რა იქნება თქვენი პროგრამა-მინიმუმი?
- სულ 20 დღეა, რაც გუნდი ემზადება და ჯერ მოთამაშეები სათანადო კონდიციებში არ არიან. თუმცა ამის გამო მომზადების ფორსირება არც მიცდია, რადგან წინ ჩემპიონატია, მოთამაშეებმა კი ენერგია მთელ სეზონზე უნდა გადაანაწილონ.

გორის "დილასთან" საკონტროლო შეხვედრაში გუნდს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ბიჭების გამოცდილება მაძლევს იმედს, რომ ამ ეტაპს დავძლევთ.

ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ. ჩემი აზრით, იგივე ჯიღაური პირველ ლიგაში თამაშს არ იმსახურებდა. მოვიყვანეთ გამოცდილი რატი წინამძღვრიშვილი და შეტევაში მისი იმედი გვაქვს.

- კარში ვის დააყენებთ?
- ორივე მეკარეს ვენდობით, მაგრამ გიორგი სომხიშვილი უფრო გამოცდილია და მას ვათამაშებთ.

- შემტევ ტაქტიკას აირჩევთ?
- თამაში მოსაგებია და უნდა შევუტიოთ, მაგრამ კარის უსაფრთხოებაც არ უნდა დაგვავიწყდეს.

Sportall.Ge

* * *
ჯორჯო კონტინი, "ვადუცი":
- მეტოქის თამაში ვნახე, საკმაოდ ტექნიკური გუნდია, რომელიც შეტევაში სწრაფად გადადის. თუმცა ისიც ვიცი, რომ გასული სეზონის შემადგენლობიდან ბევრი წავიდა.

ჩვენ კი კარგად მოვემზადეთ, რადგან შვეიცარიის ჩემპიონატი მალე იწყება და ფორმაში უნდა ვიყოთ. გუნდში ლიხტენშტეინის ნაკრების 5 წევრი გვყავს.

რაც შეეხება შანსებს, ამაზე ლაპარაკი ძნელია. თუმცა დაცვიდან ვითამაშებთ და კარგი იქნება, გოლს თუ გავიტანთ.

Sportall.Ge

* * *
ბოლოს საჩხერელთა მოთამაშეებსაც გავესაუბრეთ:

დავით ოდიკაძე:
- ამ გუნდის წინააღმდეგ ხუთი წლის წინათ თბილისის "დინამოში" ვითამაშე. კარგად მახსოვს, მოგების მიუხედავად, "კერკეტი კაკალი" გამოდგა. ვიცით, რომ ახლაც საკმაოდ გაძლიერდა.

და მაინც, ჩვენ მოგება გვჭირდება და ხუთი წლის წინანდელი შედეგის იმედი მაქვს. უეფაზე დებიუტანტები რომ ვართ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მონაწილეობით დავკმაყოფილდებით.

რაც შეიძლება, შორს უნდა წავიდეთ. საჩხერელი ქომაგები მოდიან და მათი გახარება გვინდა.

გოგა დათუნაიშვილი:
- მეტოქეზე მხოლოდ ის ვიცით, რომ შარშანდელთან შედარებით, გაძლიერდა და ალბათ, ნორმალური ევროპული გუნდია. თუმცა მოსაგებად ვიბრძოლებთ.

რატი წინამძღვრიშვილი:
- შეკრება დაგვიანებით დავიწყეთ, ახალწვეულები ბევრნი ვართ და შეთამაშება გვაკლია. ამის მიუხედავად, დრო მაქსიმალურად კარგად ავითვისეთ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგი გუნდი შეიკრიბა.

"ვადუცთან" მოგებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ და მჯერა, გავიმარჯვებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე "ვადუცი" - აქამდე "ჯუჯებს" მაინც ვჯობდით...
"ვადუცმა" საჩხერის "ჩიხურასთან" თამაშამდე საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელები დაიმატა
საჩხერის "ჩიხურა" ლიხტენშტეინის "ვადუცის" მოლოდინში
უეფამ ევროთასებზე მოთამაშე ქართულ გუნდებს მსაჯები დაუნიშნა
სოსო ფრუიძე: ბევრად ძლიერ მეტოქეს ველოდით
წილისყრა. საჩხერის "ჩიხურა": "ჯუჯები" შვეიცარიიდან
სოსო ფრუიძე: ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლა? თავს ნუ მოვიტყუებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული