მატჩის წინა დღეს "დილამ" ამავე სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვედრა ჟურნალისტებთან გამართა.
მასმედის წინაშე ჯერ კლუბის ხელმძღვანელობა და "დილას" გენერალური სპონსორის გენდირექტორი, სანდრო ლილუაშვილი წარსდგნენ.
"დილას" კომპანია "ავტოგაზ პრო" დაასპონსორებს. გარიგების დეტალები კონფიდენციალურია, თუმცა ფაქტი, რომ კლუბს პარტნიორი გამოუჩნდა, სასიამოვნოა.
სანდრო ლილუაშვილი:
"გადავწყვიტეთ, გვერდში დავუდგეთ "დილას". ამ გუნდის ფეხბურთელებს ინდივიდუალურად მივუდგებით: მატჩის საუკეთესო ფეხბურთელს პრიზს გადავცემთ ხოლმე, სეზონის ბოლოს კი "დილას"
სოსო ვახტანგაშვილი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი:
"რამდენიმე თვის წინ "დილაში" კრიზისული სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოხერხდა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ "დილას" უპრობლემოდ ეთამაშა ევროსარბიელზე და მუდმივი ყურადღების ქვეშ იყოს".
გია ისიანი, "დილას" მენეჯერი:
"ოლბორგთან" პირველ შეხვედრაში "დილას" მაისურზე არ იქნება სპონსორის ლოგო, რადგან უეფას ეს წინასწარ ვერ ვაცნობეთ. საპასუხო შეხვედრაში, დანიაში კი უკვე "ავტოგაზ პრო"-ს ლოგოთი ვითამაშებთ".
ასევე მოხდა კლუბის ახალწვეულების წარდგენა, ესენი არიან: ნუკრი რევიშვილი (1), თეიმურაზ ღონღაძე (2), ოთარ ხიზანეიშვილი (4), მამუკა კობახიძე (5), გიორგი გურული (6), რატი ალექსიძე (8), გრიგოლ დოლიძე (22), დავით ბოლქვაძე (27), გიორგი გაგნიძე (33), ერიკ გაბარაევი (23)
* * *
პრესკონფერენციის მეორე ნაწილში "დილას" მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი და ფეხბურთელები - ირაკლი მოდებაძე და ერიკ გაბარაევი დარჩნენ ჟურნალისტებთან.
გიორგი დევდარიანი:
"თამაში 18 საათზე იმიტომ დავნიშნეთ, რომ ამით მცირე უპირატესობა შევიქმნათ. ასეთ მაღალ ტემპერატურაზე თამაშს შევეჩვიეთ, დანიაში კი განსხვავებული კლიმატია.
"ოლბორგის" ძლიერ მხარეს რაც შეეხება, გუნდი 4-5 წელი ინარჩუნებს ბირთვს, 2008-09 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშა, მერე უეფას თასზე გადაინაცვლა, დაამარცხა "დეპორტივო", "სიტისთან" კი პენალტების სერიაში წააგო. იმ გუნდის რვა ფეხბურთელი ისევ "ოლბორგშია".
ერთი სიტყვით, ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს საქმე. ჩვენთან კი სამატჩო განაცხადის 18 ფეხბურთელიდან ცხრა ახალწვეულია და დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.
"დილას" ყველა ფეხბურთელს დადებითად ვაფასებ საფეხბურთო და პიროვნული თვისებებითაც, ყველა ძალიან კარგი ინდივიდუალისტია და ერთ მუშტად უნდა შევიკრათ".
ირაკლი მოდებაძე:
"განწყობა კარგია, ყველას გვაქვს იმედი, რომ ამ დაპირისპირებაში წარმატებას მივაღწევთ. გვეიმედება გულშემატკივრებისაც, მათი თანადგომა ძალიან გვჭირდება".
ერიკ გაბარაევი:
"ახალ გუნდში, ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ გამჭირვებია, "დილაში" ყველაფერი მომეწონა და თავს აქ ნორმალურად ვგრძნობ".
* * *
ამის შემდეგ "დილა" მოედანზე გავიდა და ვარჯიში დაიწყო, მერე კი სტადიონს "ოლბორგის" ავტობუსიც მოადგა.
ჟურნალისტებთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კენტ ნილსენმა და ახმახმა შემტევმა შუახაზელმა ტომას აუგუსტინუსენმა ისაუბრეს.
კენტ ნილსენი:
"საქართველოში პირველად ვარ. "დილასთან" მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. რაც შეეხება დანიისგან განსხვავებულ კლიმატურ პირობებს, არა მგონია, რომ ამან მნიშვნელოვნად იმოქმედოს.
ვითვალისწინებთ იმას, რომ "დილამ" შარშან დანიური "ორჰუსი" დაამარცხა.
ვიცი, რომ "დილაში" ახლა ბევრი ახალი ფეხბურთელია. რთული თამაში გველის. "დილას" რამდენიმე მატჩის ვიდეოჩანაწერს ვუყურე, აგრეთვე დანიისა და საქართველოს ნაკრებების ამასწინანდელ ამხანაგურ შეხვედრასაც და ქართულ ფეხბურთზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს".
ტომას აუგუსტინუსენი:
"მოსამზადებელ შეკრებაზე გერმანიაში ბუნდესლიგის ერთ-ერთ გუნდს ვეთამაშეთ და იქაც ასეთივე სიცხე იყო. იმედი მაქვს, რომ ამის გამო არც "დილასთან" შეხვედრაში გვექნება პრობლემები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი მოდებაძე: "ოლბორგის" დამარცხება შეგვიძლია!
გიორგი დევდარიანი: "ოლბორგთან" ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია
გიორგი დევდარიანი: რატომ უნდა გავიდეს "დილა" ევროპალიგის მომდევნო ეტაპზე?!
გიორგი დევდარიანი: "დილას" ამოცანა, პირველ რიგში, ევროსარბიელზე ღირსეულად გამოსვლაა