კანკავა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ - ევროპის ლიგა. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ

AutoSharing Option
27 თებერვალს ევროპის ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩები გაიმართება.

პლეი ოფის 16 წყვილიდან ზუსტად ნახევარში პირველ მატჩებში ფრეები დაფიქსირდა. ასე რომ, ამ დაპირისპირებებში ცოტაოდენი უპირატესობა დღევანდელ მასპინძლებს აქვთ.

ხუთი წყვილია ისეთი, სადაც დღევანდელ მასპინძლებს პირველი დაპირისპირებები მოგებული აქვთ და ფაქტობრივად, თავი ქუდში აქვთ (ეს განსაკუთრებით "ზალცბურგზე", "ფიორენტინასა" და "ვალენსიაზე" ითქმის). მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო პირველ მატჩებში, როცა მასპინძლებმა 2-ბურთიანი სხვაობით მოიგეს, ეს "იუვენტუსმა" მოახერხა, თუმცა თურქეთში მაინც ელის ბრძოლა...

იხილეთ: ევროპალიგა. 1/16-ფინალი. I მატჩები: ოქრიაშვილის დებიუტი, საიმედო კანკავა
და გრიგალავა


ევროპალიგა და ქართველები
"დნიპრო", სადაც სამი ქართველი თამაშობს, უკვე ლონდონშია, ქალაქის გარეუბანში, ტყისპირა სასტუმროში ისვენებს და "ტოტენჰემთან" საპასუხო შეხვედრისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში "დნიპრომ" 1:0 მოიგო, ხოლო ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ საიმედოდ ითამაშა ინგლისელთა წინააღმდეგ. ამის მერე "დნიპრო" მარბელიაში გაემგზავრა, სადაც სამდღიანი შეკრება მოაწყო და ესპანეთიდან მიაშურა ლონდონს.

ტიმ შერვუდის გუნდი ამჯერად უკვე მაქსიმალურად შესაძლებელი უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს, უკრაინაში კი რამდენიმე მოწინავე ფეხბურთელი არ ჩასულა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრის განაცხადშიც კი არ ყოფილან სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე. მათ არც 27 თებერვალს უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ გუნდს ესპანელი სპეციალისტი ხუანდე რამოსი წვრთნის, რომელიც ადრე "ტოტენჰემის" თავკაცი იყო. რამოსი 7 წლის წინათ წვრთნიდა "დეზებს", რომლის ხელმძღვანელობითაც "ტოტენჰემმა" ლიგის თასი მოიგო.

ლიონი 10-გრადუსიანი მშრალი ამინდით შეხვდა თოვლიანი ოდესიდან ჩასულ "ჩერნომორეცს", რომელსაც საფრანგეთში თორნიკე ოქრიაშვილიც გაჰყვა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში შედგა ქართველის ოფიციალური დებიუტი.

"ლიონმა" უკრაინაში, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით მიაღწია მისთვის მისაღებ 0:0-ს.

ბელგიაში "გენკი" და "ანჟი" ითამაშებენ. რუსული კლუბის ქართველი მცველი გია გრიგალავა მიიჩნევს, რომ ამ წყვილში შანსები 50/50-ზეა. შეგახსენებთ, რომ აქაც პირველი მატჩი 0:0 დასრულდა.

საბა კვირკველიას "რუბინი" ესპანეთის ჩემპიონატის მაჩანჩალა "ბეტისს" მასპინძლობს. ესპანელებს ამ შეხვედრაში არ ეყოლებათ გამოცდილი მცველი ნაჩო. 33 წლის ფეხბურთელმა მარცხენა ფეხი ვარჯიშზე დაიშავა. ქართველი მცველის გუნდმა სევილიაში 1:1 ითამაშა, თუმცა ამ წყვილშიც ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

ბლოხინმა თქვა...
მიუხედავად იმისა, რომ საშინაო (მაგრამ სინამდვილეში ნეიტრალურ მოედანზე) მატჩში კიევის "დინამო" "ვალენსიასთან" 0:2 დამარცხდა, კიეველთა გამოცდილი თავკაცი ოლეგ ბლოხინი იხტიბარს არ იტეხს.

ის უეფას ოფიციალურ საიტთან საუბარში აცხადებს, რომ მისი გუნდის მიზანი ტიტულის მოპოვებაა. ამისთვის კი უკრაინელებმა ჯერ "ღამურები" უნდა ჩამოიცილონ გზიდან. ვნახოთ, რამდენად ადეკვატურია ლეგენდარული ფეხბურთელის განაცხადი.

"ლაციოს" ბულგარული სინდრომი
საინტერესო დაპირისპირება გველის ბულგარეთში, სადაც ქვეყნის ჩემპიონი "ლუდოგორეცი" რომის "ლაციოს" მასპინძლობს. გაგიკვირდებათ და, "ლაციო" ამ წყვილის ფავორიტი აღარ არის. რომში რომან ბეზიაკის გოლის წყალობით "ლუდოგორეცმა" იმარჯვა.

ბულგარულმა კლუბებმა 23-ჯერ ითამაშეს იტალიაში ევროთასებზე და ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, რომ იმარჯვეს - პირველი გამარჯვება "ლევსკიმ" გამოჭედა 2009 წელს და მაშინაც "ლაციო" გახლდათ დამარცხებული იტალიური კლუბი.

ლუდოგორეცის წარმატება მწვრთნელ სტოიჩო სტოევთან არის დაკავშირებული, რომელიც სამწვრთნელო საქმეში თავის კერპად არიგო საკის მიიჩნევს.

ევროპალიგა. 1/16-ფინალი. საპასუხო მატჩები
27 თებერვალი
რუბინი (რუს)-ბეტისი (ესპ) 21:00
(პირველი მატჩი: 1:1)

ნაპოლი (იტა)-სუონსი (უელ) 22:00
(0:0).

სევილია (ესპ)-მარიბორი (სლო) 22:00
(2:2).

შახტარი (უკრ)-პლზენი (ჩეხ) 22:00
(1:1).

ლუდოგორეცი (ბულ)-ლაციო (იტა) 22:00
(1:0).

ზალცბურგი (ავს)-აიაქსი (ჰოლ) 22:00
(3:0).

ბაზელი (შვე)-მაქაბი (ისრ) 22:00
(0:0)

აინტრახტი (გერ)-პორტუ (პორ) 22:00
(2:2)

გენკი (ბელ)-ანჟი (რუს) 00:05
(0:0)

ტოტენჰემი (ინგ)-დნიპრო (უკრ) 00:05
(0:1).

ტრაბზონი (თურ)-იუვენტუსი (იტა) 00:05
(0:2).

ლიონი (საფ)-ჩერნომორეცი (უკრ) 00:05
(0:0).

ფიორენტინა (იტა)-ესბიერგი (დან) 00:05
(3:1).

ვალენსია (ესპ)-დინამო (უკრ) 00:05
(2:0).

ბენფიკა (შოტ)-პაოკ-ი (საბ) 00:05
(1:0).

ალკმაარი (ჰოლ)-ლიბერეცი (სლვ) 00:05
(1:0).

ბომბარდირები:
6 - ხონათან სორიანო (ზალცბურგი); 5 - რომან ბეზიაკი (ლუდოგორეცი), ჯერმეინ დეფო (ტოტენჰემი), ოლქან ადინი (ტრაბზონი); 4 - სერჯო ფლოკარი (ლაციო), ტერენს ბოიდი (რაპიდი), ანდრი იარმოლენკო (დინამო კ.), ალანი (ზალცბურგი), იევჰენ კონოპლიანკა (დნიპრო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კანკავა უდაოდ საუკეთესოა საქართველოს ნაკრებში
ბადრი
15:09 27-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული