[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა სანდოხაძე: ახლა გაჩერება არ შეიძლება

AutoSharing Option
დოსიე
ნიკა სანდოხაძე
დაიბადა 1994 წლის 20 თებერვალს (19 წლის)
სიმაღლე 196 სმ; წონა 89 კგ
პოზიცია: ცენტრალური მცველი

საკლუბო კარიერა:
2010/12 - თბილისის "დინამო 2"
2012 - ქუთაისის "ტორპედო"

სანაკრებო კარიერა:
U17 საქართველო - 5 მატჩი, 0 გოლი
U19 საქართველო - 9 მატჩი, 0 გოლი
სანაკრებო დებიუტი: ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 18.10.10 საქართველო 2:1 პოლონეთი

ნიკა სანდოხაძე გულშემატკივარმა კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრებიდან გაიცნო. სხვა თუ არაფერი, სიმაღლით იქცევდა ყურადღებას - 16 წლის ბიჭი 193 სმ იყო.

კობა ჟორჟიკაშვილის ნაკრების წევრმა
გულშემატკივარს თავი 2010 წლის ოქტომბერში თბილისში გამართულ ევროშესარჩევის ჯგუფურ შეხვედრებში დაამახსოვრა - ნაღდი კაპიტანი, მებრძოლი, საიმედო, თავდადებული და აქტიური ცენტრალური მცველი.

19-წლამდელებშიც პირველივე დაძახებიდან არის. ელიტრაუნდში ორჯერ ითამაშა, მალე კი ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზებს.

ეზოდან დაწყებული კარიერა
ეზოში ვთამაშობდი, ბავშვთა ფეხბურთის ცნობილი მწვრთნელი თემურ თვალჭრელიძე რომ მიყურებდა და "ლოკომოტივში" დამიბარა. ფეხბურთი მიყვარდა და გამიხარდა. მაგრამ მალე ისევ შევეშვი და ერთი წელი გავაცდინე.

ბიძაჩემმა გიორგი ჯმუხაძემ დამაძალა და "ნორჩ დინამოელში" ზორბეგ ებრალიძესთან შემიყვანა. იქ ორი წელი ვივარჯიშე და "დინამოს" აკადემიაში კახა გოგოლაძესთან გადავედი, "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ვვარჯიშობდი, მაგრამ ორი წელიწადია, ქუთაისის "ტორპედოში" გამოვდივარ.

ზემოდან დანახული სამყარო
ბავშვობაში სიმაღლით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ 2007 წელს, როდესაც "ნორჩ დინამოში" ვთამაშობდი, ტანი მთელი 20 სანტიმეტრით ავიყარე. თავიდან ორგანიზმს ასეთ სიმაღლესთან შეგუება გაუჭირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევეჩვიე, კუნთის და გულის მოძრაობა შესაფერისი გამიხდა, ძვლებიც გამიმაგრდა, სიმაღლე ორგანიზმის ზრდას შეუსაბამდა და ნელ-ნელა კონდიციებიც აღვიდგინე.

ამას ჩემს სისწრაფეზე დიდი გავლენა არც მოუხდენია, რაც ასეთ დროს ხდება ხოლმე - ისედაც საშუალო სისწრაფე მქონდა.

17-წლამდელებში კობა ჟორჟიკაშვილმა სპეციალური ვარჯიშები დამინიშნა და როგორც ვხედავ, ამან შედეგიც გამოიღო.

შეტევიდან დაცვაში
თავიდან ცენტრალური ნახევარმცველი ვიყავი. არგენტინული ფეხბურთი და ეს ქვეყანა მარადონამ შემაყვარა. ასე მგონია, იქ იმისთვის იბადებიან, ფეხბურთი რომ ითამაშონ და ამ სილამაზით სიამოვნება მოგანიჭონ.

მარადონას სიყვარულით, მეც გამთამაშებლობით დავიწყე და დღემდე მიყვარს შეტევა და გოლის გატანა, მაგრამ თვალჭრელიძე მეუბნებოდა, დაცვაში უნდა ითამაშოო. ამპლუა მოგვიანებით, "დინამოს" აკადემიაში შემიცვალეს, როდესაც მცველი დაგვიშავდა და უკან იძულებით დამხიეს.

ყველაფერი ერთმანეთს უცნაურად დაემთხვა: კობა ჟორჟიკაშვილმა ნაკრების სელექცია დაიწყო და მაშინ მნახა, როდესაც ცენტრალურ მცველად მომსინჯეს. ნაკრებში პირველი შეხვედრა კარგად გამომივიდა და მას შემდეგ ნაკრებშიც და კლუბშიც მცველად მათამაშებენ. ეს ჩემთვის უცხო პოზიცია იყო და, ცხადია, დასახვეწი ბევრი მქონდა, მაგრამ ჟორჟიკაშვილისგან ბევრი ვისწავლე.

მერე კი გიორგი დევდარიანმა ერთი წლით უფროსების 19-წლამდელებში გამომიძახა, რაც ასევე დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ელიტრაუნდში გუნდი ოთარ კორღალიძემ წაიყვანა და იქაც დიდი გამოცდილება მივიღე - ჩვენს ასაკში ხომ ერთწლიანი განსხვავება ბევრს ნიშნავს.

19-წლამდელებში კახა კაჭარავასა და გია ცეცაძესთან უფრო და უფრო თავდაჯერებული გავხდი. ბედნიერი ვარ, ამ მწვრთნელებთან რომ მიმუშავია - ყველას თავისებური ხედვა ჰქონდა და ძალაუნებურად, მეც ბევრს ვსწავლობდი.

ყველაზე მნიშვნელოვანი სანაკრებო მოვლენა, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა იყო. 4 წელია, რაც ორი სხვადასხვა ასაკის ნაკრების წევრი ვარ და ეს იყო ჩვენი მიზანი, ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვედრილიყავით.

ნუ გაჩერდები
ელიტრაუნდზე პირველად რომ გავედით, უზომოდ ბედნიერები ვიყავით. ბიჭები კობა ჟორჟიკაშვილმა გამოგვაფხიზლა, ნუ იცხოვრებთ წარსულით, მომავალზე იფიქრეთ და ყოველდღე ისწავლეთ, თორემ თქვენზე ნიჭიერები გვყოლია და ვერაფერს მიაღწიესო.

ამ სიტყვებმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. დავფიქრდი, მართალი იყო - მე რომ მეფიქრა, ნაკრებში გარანტირებული ადგილი მაქვს და ვერავინ შემეცილება-მეთქი, გუნდის კარი მაშინვე დაიხურებოდა. ჩემს პოზიციაზე ხომ ბევრი ნიჭიერი ბიჭია და შემცვლელს უცებ მომიძებნიდნენ.

ამიტომ ვცდილობ, რაც უნდა მეზარებოდეს ან ცუდად ვიყო, გულიანად ვივარჯიშო.

ჩემს ასაკში გართობა ყველას უნდა და რეჟიმის დაცვა ძნელია, მაგრამ პროფესიონალიზმს აქედანვე თუ არ მივეჩვევი, ფეხბურთს ვერ ვითამაშებ.

* * *
ჩემზე დიდი გავლენა გია ცეცაძემ მოახდინა. მასთან მუშაობის დროს ფეხბურთელები თავდაჯერებულები გავხდით. შეკრული გუნდი გვყავს, ჭკვიანური ტაქტიკით. ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ და ევროფინალშიც კლასისა და თავდადების ხარჯზე გავედით.

ცხადია, ლიტვაში ჯგუფური ეტაპიდან გასვლა გვსურს. სადაც ამდენს მივაღწიეთ, ახლა გაჩერება სირცხვილი იქნება - ახლა უფრო დიდი სტიმული გაგვიჩნდა.

მიხარია, მე და ჩემი გუნდელები ასეთ მიზნებზე რომ ვფიქრობთ. არადა, კარგად მახსოვს, სანაკრებო კარიერას როგორი ფიქრებით ვიწყებდით. 17-წლამდელების შესარჩევი ციკლის დაწყებამდე იმედი მქონდა, მაგრამ არც ვიცოდი, რისი.

ერთ-ერთ უმძიმეს ჯგუფში, რვა თვის შეკრებილი გუნდით გაცილებით შეთამაშებულ მოწინააღმდეგეებთან მოვხვდით - ინგლისი, შვედეთი და პოლონეთი საფეხბურთო ქვეყნებია, ფეხბურთელები მშვენიერ პირობებში ვარჯიშობენ და ვფიქრობდი, რატომ ჩვენ და არა ისინი, როდესაც ყველაფრით ჩვენზე წინ არიან? თუმცა მოედანზე ყველაფერი თანაბრდება და პირობებზე წინ დგება თავდადება, ნიჭი, რაშიც ქართველები არავის ჩამოვუვარდებით.

ტორპედოზე
ავსტრიულ შეკრებაზე ფეხი ვიტკინე, ვმკურნალობდი და მწვრთნელს რომ სდომებოდა, "ჟილინასთან" მაინც ვერ ვითამაშებდი. თუმცა, სლოვაკებთან წაგებამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია - ტრავმას ევროპის ჩემპიონატამდე მოვირჩენ, 2-3 დღე მჭირდება და ლატვიურ შეკრებაზეც სრული დატვირთვით ვივარჯიშებ.

ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] თემურ მარკოზაშვილი: ევროფინალი ყველას სტიმულია
[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ
[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული