[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ

AutoSharing Option
დოსიე:
ნიკა კაჭარავა
დაიბადა 1994 წლის 13 იანვარს ნიქოზიაში (19 წლის)
პოზიცია: თავდამსხმელი
სიმაღლე - 198 სმ
წონა - 88 კგ

საკლუბო კარიერა:
2011-12 - "დინამო 2"
2012 - "ვანდიში"
2013 - ყაზანის "რუბინი 2" (72 ნომერი)

სანაკრებო კარიერა:
U19 საქართველო - 5 მატჩი, 1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა
სანაკრებო დებიუტი: ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 26.10.12: ხორვატია 2:0 საქართველო

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა საფეხბურთო გარემოშია გაზრდილი - მამამისი, კახა კაჭარავა წლების განმავლობაში ჯერ თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი იყო,
შემდეგ მისი მთავარი მწვრთნელი, წლეულს კი "ზესტაფონს" ავარჯიშებდა.

თუმცა, ვინც ამ ბიჭის თამაშს იხილავს, მიხვდება, რომ მისი სანაკრებო კარიერა მამის დამსახურება არ არის. მაღალი თავდამსხმელი გამტანიც არის და პასებიც ეხერხება, ნაკრებში კი მუდამ გამორჩეულთა შორის არის.

ყველაფერი ასე დაიწყო
7 წლის "ნორჩ დინამოელში" თემურ თვალჭრელიძესთან შემიყვანეს. 6 თვის შემდეგ ომც-ში ბაგრატ ჩადუნელთან შევედი და იქ დაახლოებით 2 წელი ვთამაშობდი, მაგრამ მალე ეს გუნდი დაიშალა, რადგან მოედნის ადგილას კორპუსები ააშენეს - ასეთები ხომ ჩვენთან ხშირად ხდება.

ბოლოს 3,5 წელი გუბაზ დოლიძესთან 35-ე სკოლაში ვვარჯიშობდი. იმ გუნდის წევრები იყვნენ ლაშუკა დვალი და გიორგი აბურჯანია. ბიჭები დღემდე ვხუმრობთ, "გუბაზიჩები" ვართო, რადგან დოლიძემ ჩვენს გაზრდაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.

იქიდან მიმიწვიეს თბილისის "დინამოს" აკადემიაში, სადაც ერთი წლით უფროსებში ვთამაშობდი. მერე იყო "დინამო 2", სტაჟირება შვეიცარიის მოყვარულთა გუნდ "ვინდიშში". ბოლოს კი კონტრაქტი რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბთან გავაფორმე.

"რუბინი" და კვირკველია
2013 წლის იანვარში მითხრეს, რომ ყაზანის "რუბინში" მიმიწვიეს. შეკრება მთავრდებოდა. ვერ გეტყვით, 4 დღეში ასეთი რა გავაკეთე, მაგრამ ყურბან ბერდიევმა შემდეგ შეკრებაზეც წამიყვანა, მალე კი კონტრაქტი შემომთავაზა.

თავიდანვე დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი, მაგრამ სეზონის დაწყებიდან 20 დღეში ძირითად გუნდში გადამიყვანა და მას შემდეგ იქ ვვარჯიშობ - ძალიან გამოცდილ და მაღალი კლასის მოთამაშეებთან, რაც 19 წლის ბიჭისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ და ვითვისებ.

ახლა კი შეკრებაზე ძირითად გუნდთან ერთადაც ვიყავი და დუბლშემადგენლობასთანაც.

მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ძალიან კარგი პრაქტიკა მივიღე, თუმცა ელიტრაუნდიდან დაბრუნებული, გუნდს ერთი კვირის დაგვიანებით შევუერთდი. სხვათა შორის, დუბლებში სლოვაკეთის პირველი ლიგის გუნდთან დუბლი შევასრულე, ძირითადში კი, მიავას "სპარტაკთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში პენალტი ავიკიდე.

არ შეიძლება, აქვე რომ არ ვთქვა: "რუბინში" ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მცველი საბა კვირკველია დამხვდა, რომელიც გვერდში ძმასავით დამიდგა და გუნდთან ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა.

მამა და ოჯახი
ბევრს ნიშნავს, მამა რომ ფეხბურთელი იყო. სხვათა შორის, მისი კარიერის გამოა, კვიპროსში რომ დავიბადე - მაშინ კახა ნიქოზიის "ოლიმპიაკოსში" თამაშობდა.

მამა ვარჯიშებითა და თამაშებისთვის მზადებით ისეთი დაკავებული იყო, ჩემს შეხვედრებზე იშვიათად დადიოდა, მაგრამ ვარჯიშს თუ დაესწრებოდა, სულ შენიშვნებს მაძლევდა.

ერთად რომ ვუყურებდით მსოფლიოს, ევროპის ჩემპიონატის ან ჩემპიონთა ლიგის მატჩებს, ყველაფერს სპეციალისტის თვალით განიხილავდა და თავდამსხმელების მოძრაობაზე მიმითითებდა, ვინ მოქმედებდა კარგად და ვინ რაში ცდებოდა. მე კი, უბრალოდ, ყურება და ფეხბურთით სიამოვნება მინდოდა. თუმცა, მერე და მერე მივხვდი, რომ ამას ჩემ გასაგონად და გასაზრდელად ლაპარაკობდა.

მამამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. 19-წლამდელების მთავარ მწვრთნელად რომ დანიშნეს, ყველაზე მკაცრი ჩემ მიმართ იყო. სხვა რომ ცდებოდა, მე მიყვიროდა. მაგრამ ეს ბუნებრივია - შვილს მეტი მოეთხოვება.

მისგან განსხვავებით, დედა, ლია მიქაძე თამაშებს არ აცდენდა, მაგრამ დედები ყველაზე ემოციური გულშემატკივრები არიან. ახლა მეცინება - პასები არ მიყვარდა და მიყვიროდა. ჩემს ყველა შეცდომას ისე განიცდიდა, ნერვები მეშლებოდა და ერთხელაც თამაშებზე სიარული ავუკრძალე.

კარიერული უხერხულობა
ფეხბურთზე მისვლისთანავე მივხვდი, რომ ცნობილი მამა უხერხულობას მიქმნიდა. მე თუ მომენტს გავაფუჭებდი, ეს მამასაც მიეწერებოდა.

როდესაც 19-წლამდელებში დანიშნეს, უკვე მივხვდი, რომ დაიწყებოდა ლაპარაკი, რომ ნაკრებში ჩემი აყვანა მისი "დამსახურება" იყო. სამწუხაროდ, საქართველოში ყველაფერს ეჭვით ვუყურებთ და გამონაკლისი მე ვერ ვიქნებოდი.

რომ იცოდეთ, ამის გამო კახას "ზესტაფონში" წასვლა და ნაკრების მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძის დანიშვნა ყველაზე მეტად მე გამიხარდა - მჯეროდა, რომ ცეცაძე მიმიწვევდა, რადგან გოლები მამას კი არა, მე გამქონდა. ადრე ამ ლაპარაკებს განვიცდიდი, ახლა შევეგუე, რადგან ვიცი - მამა არასოდეს დამხმარებია და მისი ჩრდილიდან გამოსვლას სულ ვცდილობ, სალაპარაკო არავის რომ არ დარჩეს. ეს ჩემთვის იმხელა მოტივაციაა, რომ ჭორების გამო ყურების ჩამოყრის უფლება არ მაქვს.

აქვე ერთსაც ვიტყვი - ბავშვობაში ისეთ პატიოსან მწვრთნელებთან ვვარჯიშობდი, მამის გამო არავინ გამაჩერებდა.

უჩვეულოდ მაღალი
ბავშვობაში უხერხულობას მხოლოდ კახას შვილობა არ მიქმნიდა. თამაშების დაწყებამდე მოწინააღმდეგეთა მშობლები სულ ჩხუბობდნენ, ამ ასაკგადაკეთებულს რატომ ათამაშებთო.

როგორ დამემტკიცებინა, არ ვიცოდი. არადა, ყოველთვის ასაკთან შედარებით ძალიან მაღალი ვიყავი - 11 წლისა 177 სანტიმეტრი გავხდი.

ამის გამო ხერხემლის პრობლემა შემექმნა, სისწრაფესა და გამძლეობაში უცებ მოვუკელი. 2 თვე დავისვენე, რადგან ორგანიზმი ასეთ ზრდას ვერ ეგუებოდა და ადაპტაციისთვის დრო მჭირდებოდა.

მერე კიდევ გავიზარდე, მაგრამ სიმაღლეს ორგანიზმი უკვე შეჩვეული იყო. განსაკუთრებით, შვეიცარიაში ვარჯიში დამეხმარა - "ვანდიშში" სისწრაფეში, მოქნილობასა და სისხარტეში საგანგებო ვარჯიშები დამინიშნეს, რამაც ძალიან კარგად იმოქმედა.

ევროპის ჩემპიონატზე
დარწმუნებული ვარ, მინიმუმ ჯგუფიდან გასვლა მაინც შეგვიძლია. იცით, რა მაიმედებს? ინგლისთან მოსაგები გვქონდა, მაგრამ ფრედ დავასრულეთ. ამის შემდეგ ბიჭები დამწუხრებულები იყვნენ. არადა, ერთი შეხედვით, ქართველებისთვის ეს მშვენიერი შედეგი იყო - თუმცა ჩვენ ამბიციური ბიჭები და გუნდი გვყავს და გრანდებთანაც მოგებაზე ვფიქრობთ. აი, ეს მაიმედებს.

აქცენტი შეტევაზე გადავიტანეთ და ამან გაამართლა. გია ცეცაძე სულ გვიმეორებს, თავს მეტოქეზე მაღლა თუ არა, მათზე დაბლა მაინც ნუ დააყენებთო.

ჩვენზე ნიჭიერი თაობებიც იყვნენ, მაგრამ ამ ნაკრებში განსაკუთრებით მოტივირებული ბიჭები შეიკრიბნენ, რომელთაც ვარჯიში და რეჟიმის დაცვა არ ეზარებათ. თან, ასე მგონია, ომი და უბედურება რომ არ არის, ჩვენთან ფეხბურთმა განვითარება მარტო ამის ხარჯზეც დაიწყო.

ნეტავ, ჩემპიონატზე ხალხი დადიოდეს - მაშინ სულ სხვა დონის ფეხბურთი გვექნება. არადა, ზოგიერთი შეხვედრა მართლა კარგი საყურებელია. მაგალითად, ყაზანში ვარჯიშის შემდეგ ვისვენებდი, "1 არხი" რომ ჩავრთე და ქუთაისის "ტორპედოსა" და გორის "დილას" შეხვედრა დაიწყო. ისეთი ტემპი, თამაში და ლამაზი სანახაობა იყო, სხვას რომ ენახა, იტყოდა, რომელიმე ევროპული ქვეყნის გუნდებს ვუყურებო.

ახლა რუსეთში ვვარჯიშობ, მცირე ხანს შვეიცარიაშიც ვიყავი და ისედაც, ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ, თუ დამიჯერებთ, ჩვენნაირი ნიჭიერი ბავშვები არსად მინახავს. აბა, რატომ უნდა დავუხაროთ ვინმეს თავი? თამაში შეგვიძლია და ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 3 /
13 იანვარს არის დაბადებული
ტექნიკური შეცდომაა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი
merab mamulaSvili
00:38 03-07-2013
0
შეცდომითაა მითითებული თარიღი 13 იანვარს არის და არა 1 ში
0

სიახლეები პოპულარული