[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!

AutoSharing Option
დოსიე
ავთანდილ ენდელაძე
დაიბადა 1994 წლის 17 სექტემბერს ლანჩხუთში (18 წლის)
პოზიცია: თავდამსხმელი
სიმაღლე - 177 სმ; წონა - 69 კგ

საკლუბო კარიერა:
2010-12 - ზუგდიდის "ბაია" - 27 მატჩი, 2 გოლი
2012 - "ზესტაფონი" - 7 მატჩი, 0 გოლი

სანაკრებო კარიერა
U17 საქართველო - 7 მატჩი, 1 გოლი
U19 საქართველო - 4 მატჩი, 1 გოლი

სანაკრებო დებიუტი: ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. 18.10.10 საქართველო 2:1 პოლონეთი


"ზუგდიდის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი ახალგაზრდებს ხშირად ენდობოდა, გამოუცდელ მოთამაშეებს აწინაურებდა და დიდ
ფეხბურთში გზას ულოცავდა.

ერთ-ერთი ასეთი ავთანდილ ენდელაძე გახლდათ. ის ზუგდიდის "ბაიაში" 2010 წელს გამოჩნდა. 2011 წლის 21 აგვისტოს კი, 16 წლისამ ფოთის "კოლხეთის" კარის ბადე შეარხია და ისტორიაში შევიდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად, ვისაც უმაღლეს ლიგაში გოლი გაუტანია.

მოედნიდან გამოსული ისე ნერვიულობდა, ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ ფეხბურთში მშვენიერი განაცხადი გააკეთა.

ამ დროისთვის, ენდელაძემ კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდზე თამაშიც მოასწრო და გულშემატკივარმა გაიცნო. მალე კი "ზესტაფონში" მიიწვიეს.

ენდელაძეს 19-წლამდელებში სისტემატურად ათამაშებდნენ კახა კაჭარავა და გია ცეცაძე. ელიტრაუნდში შოტლანდიასთან უმძიმეს შეხვედრაში მესამე გოლით სქოთების იმედს ცივი შხაპი გადაასხა, 9 მოთამაშით დარჩენილი საქართველო 3:0 დააწინაურა და ევროპის ჩემპიონატზე გუნდის გასვლაში თავისი წილი დაიდო.

დაგვიანებული ფეხბურთი
რატომღაც ისე მოხდა, რომ ფეხბურთზე საკმაოდ გვიან, 10 წლისა შევედი. პირველი მწვრთნელი ბაღდათში მყავდა - ჯაბა ახალაძე. იქ 14 წლამდე ვვარჯიშობდი. შემდეგ ზუგდიდის "ბაიამ" მთელ დასავლეთ საქართველოში ნიჭიერი ბავშვების ძიება რომ დაიწყო, მეც მიმიწვიეს.

ზუგდიდში სხვადასხვა დროს მავარჯიშებდნენ მამუკა ჭაჭუა, ბორის გუგუჩია და ელგუჯა ქომეთიანი. "ბაიას" ძირითად შემადგენლობაშიც ბატონმა გუჯამ ამიყვანა და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრაც მისი ხელმძღვანელობით ჩავატარე.

17 წლისა "ზესტაფონში" მიმიწვიეს. მაშინ გუნდი საქართველოს ჩემპიონი იყო და ეს ტრანსფერი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ახლა ვცდილობ, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმკვიდრო.

ბომბარდირი მამა
მამა, ზვიად ენდელაძე დიდი ხნის განმავლობაში ზესტაფონში თამაშობდა - მაშინ გუნდს "მარგვეთი" ერქვა. ზვიადი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელია: "მარგვეთში" ჩატარებულ 70 შეხვედრაში ანგარიშზე 62 გოლი ჩაიწერა, "ასიანთა კლუბის" წევრობა სამ ჩემპიონატში გატანილი ბურთებით მოახერხა.

სხვათა შორის, კარიერა 2010 წელს ხარაგაულის "ჩხერიმელაში" დაასრულა - მაშინ 44 წლის იყო. ანუ მამამ ბუცები მაშინ ჩამოკიდა, როდესაც მე კარიერას ვიწყებდი. ბოლო ორი წელია, რაც ქუთაისის "მართვეს" სპორტსკოლაში მწვრთნელობა დაიწყო.

უეფა ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირებს "ოქროს ბუცით" აჯილდოებდა. წესით, 1995/96 წლების სეზონში ეს პრიზი ზვიადს ერგებოდა, რადგან 40 გოლით საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, მსგავსი შედეგი კი ევროპის არც ერთი ქვეყნის ბომბარდირს არ ჰქონია, მაგრამ იმ პერიოდში უეფამ გამარჯვებულის გამოვლენა დროებით შეაჩერა და მამა უპრიზოდ დარჩა.

ასე მგონია, ახლა რომ ეთამაშა, საკმაოდ დიდი წარმატებები ექნებოდა.

ფეხბურთზე სწორედ მამამ მიმიყვანა და მან მოახდინა ჩემზე დიდი გავლენა. როდესაც დრო ჰქონდა, ერთი-ერთზე თამაშს, კაცის მოტყუებას, დარტყმას და ათას სხვა რამეს მასწავლიდა. ეს ისეთი წვრილმანებია, რაც შემდეგ ძალიან გამომადგა.

ვარჯიშის დროს მამა მკაცრია, საერთოდ კი, რბილი და თბილი ადამიანია.

სანაკრებო კარიერა
კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშები უწევდა და ფეხბურთელებს არჩევდნენ. გუნდს შეკრება ზუგდიდში ჰქონდა. თურმე, ნოდარ აკობიას მოვეწონე და ჟორჟიკაშვილს ჩემი მიწვევა ურჩია.

მას შემდეგ 17 და 19-წლამდელების ნაკრებებში სისტემატურად მიწვევენ და ელიტრაუნდში ორჯერ ვითამაშე. ახლა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლის იმედი მაქვს. სხვათა შორის, გიორგი დევდარიანმა 18-წლამდელებშიც მიმიწვია, მაგრამ ამ გუნდს შესარჩევი ციკლი არ უწევდა.

მიხარია, საქართველოს ნაკრების ფორმით თამაშის საშუალება რომ მაქვს - ეს ყველა ბავშვის ოცნებაა.

დასამახსოვრებელი შეხვედრა
რამდენიმე შეხვედრა იყო გამორჩეული, იმავე 17-წლამდელებში, მაგრამ 19-წლამდელებში უდიდესი სიხარული განვიცადეთ და ელიტრაუნდის სამივე მატჩს გამოვარჩევ.

ცხადია, ელიტრაუნდში შოტლანდიასთან მატჩი დამამახსოვრდა. მსაჯმა ორი მოთამაშე რომ გაგვიგდო, 1:0-ს ვიგებდით. 66-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მეორე გაიტანა, 72-ე წუთზე კი ბუდუმ მეკარესთან პირისპირ მე დამტოვა და 3:0 გავხადე - უზომოდ ბედნიერები ვიყავით.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ინგლისთან შეხვედრაც კარგად მახსენდება. მათი მეკარე მე-7 წუთზე სწორედ ჩემი წაქცევისთვის გააძევეს.

ისეთი ბრძოლის ჟინი, ემოცია და მაგარი განწყობა გვქონდა, რომ წაგებას ვერაფრით წარმოვიდგენდით. თანაც, ქართველები მოვიდნენ და ემოციურად გვქომაგობდნენ - ამანაც ძალიან კარგად იმოქმედა.

ბელგიასთან შეხვედრა მეორე ყვითელი ბარათის გამო გამოვტოვე. ამის მიუხედავად, ეს ჩემს კარიერაში მაინც ყველაზე ბედნიერი მოგონებაა - ამ მატჩის მოგებით, ევროპის ჩემპიონატზე გავედით. აბა, ასეთი სიხარული ბევრ ქართველ ფეხბურთელს განუცდია?

ევროპისთვის ინდივიდუალურად ვემზადები
სამწუხაროდ, გვიან გაირკვა, რომ "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში ითამაშებდა. მაგრამ მნიშვნელოვანი ტურნირი მელის, დასვენება დანაშაული იქნებოდა და არ გავჩერებულვარ. ევროპის ჩემპიონატს კარგ ფორმაში რომ შევხვდე, ქუთაისში ფიზმომზადების მწვრთნელთან ინდივიდუალურად ვემზადები.

ჩემი აზრით, ჯგუფიდან გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. რატომღაც მგონია, რომ ჩვენი თაობა პროფესიონალიზმით გამოირჩევა, ნიჭიერებიც საკმაოდ გვყავს და მწვრთნელებიც ლამაზ ფეხბურთს გვათამაშებენ.

ასე მგონია, ევროფინალში გამოსვლით საქართველოს გავახარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ
[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 7 /
გაიხარე ალი. წარმატებები ბიჭებო
Soso
14:00 04-07-2013
0
გაიხარე ალი და გაახარე ქვეყანა
სოსო
13:48 04-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული