"სასადილოში კარლოს ტევესის გვერდით რომ მოვხვდი, გავიფიქრე, ეს სად ვარ-მეთქი"

AutoSharing Option
დოსიე
ბაჩანა არაბული
დაიბადა: 1994 წლის 5 იანვარი, თბილისი
პოზიცია: ცენტრფორვარდი
სიმაღლე: 187 სმ, წონა: 77 კგ

საკლუბო კარიერა
2011 - "მეტალურგი 2"
2012-13 -"დილა" - 4 მატჩი, 5 გოლი
2013 - "საბურთალო"

სანაკრებო კარიერა
U17 - 15 მატჩი, 10 გოლი
U19 - 13 მატჩი, 4 გოლი

ნაკრებში დებიუტი: U17. 18.10.10. საქართველო-პოლონეთი 2:1

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროფინალში გავიდა, მაგრამ ლიტვისკენ მიმავალ გზაზე პირველი ბარიერის გადალახვა მძიმე ამოცანა აღმოჩნდა - შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შემდეგ საქართველოს მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა.

ყველაფერი
ისლანდიასთან ბოლო შეხვედრაში გადაწყდა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა 2:0 მოიგეს, დღევანდელი წერილის გმირმა ბაჩო არაბულმა კი დუბლი შეასრულა - საქართველოს 19-წლამდელებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვეს.

არაბული ქართველმა გუშემატკივარმა 2010 წელს, თბილისში გამართული ევროშესარჩევის შეხვედრებიდან გაიცნო: ის კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელთა ნაკრების ლიდერი იყო.

მუხიანიდან ნაკრებამდე
თბილისში დავიბადე, მუხიანში ვიზრდებოდი და ფეხბურთი ძალიან მიყვარდა. 7 წლისა კორპუსის წინ მდებარე საფეხბურთო სკოლა "მიმინოში" შემიყვანეს. ჩემი პირველი მწვრთნელები ჯონი ტილკავიშვილი და მიშა მოსიაშვილი იყვნენ.

13 წლიდან "ოლიმპში" გია ცეცაძესთან გადავედი, სადაც 2007 წლამდე ვვარჯიშობდი. მერე კი გიას "საბურთალოში" გადავყევი.

სხვათა შორის, "ოლიმპიდან" ესპანურ ტურნირზე წაგვიყვანეს, სადაც "რომა", "ლევანტე", "კიოლნი" და სხვა კლუბები მონაწილეობდნენ და ფინალში გავედით, მე კი საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გავხდი.

სანაკრებო კარიერა
სხვათა შორის, პირველად 17-წლამდელთა ნაკრებში გიორგი დევდარიანმა გამომიძახა - ერთი წლით პატარა ვიყავი, როდესაც ზუგდიდურ შეკრებაზე წავედი. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

მას შემდეგ ნაკრებებში სისტემატურად მიწვევდნენ. მერე კობა ჟორჟიკაშვილმა ამიყვანა - მაშინდელ სიხარულს რა დამავიწყებს, თბილისში ვთამაშობდით და მატჩებს ტელევიზია გადასცემდა. პატარა ბიჭებმა მთელი საქართველო გავახარეთ.

ჩემს გაზრდაში გია ცეცაძემ და გიორგი დევდარიანმა დიდი როლი ითამაშეს. 15 წლის ვიყავი, როდესაც ცეცაძე რუსთავის "მეტალურგის" დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს და მეც წამიყვანა. მახსოვს, ოთხ შეხვედრაში ექვსი გოლი გავიტანე.

სიხარულიდან ტკივილამდე და პირიქით
ინგლისის პრემიერლიგაში თამაში ჩემი ოცნება იყო და მის ასრულებასთან ახლოს ვიყავი. 17-წლამდელებში თამაშის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა და ინგლისში გავემგზავრე. სილვა, ტურე, ჯეკო დუბლებში ფორმის აღდგენას ეშურებოდნენ.

მერე სასადილოში ტევესის გვერდით მოვხვდი და გავიფიქრე: ეს სად მოვხვდი-მეთქი.

მაგრამ 17-წლამდელების ელიტრაუნდზე გამგზავრებამდე მძიმე ტრავმა მივიღე, ტურნირიც გამოვტოვე და წელიწად-ნახევარი დამჭირდა ფორმის აღსადგენად. ძნელი იყო იმასთან შეგუება, რომ ეს პერსპექტივა დროებით გამოირიცხებოდა, თან არ ვიცოდი, მოედანს როდის დავუბრუნდებოდი.

ისევ გია ცეცაძე დამეხმარა, მამხნევებდა და ინდივიდუალურად მავარჯიშებდა. ჩემი აქამდე მოსვლაც მისი დამსახურებაა. საერთოდ, ბევრი კარგი თვისება გააჩნია, გაჭირვებაში არ გიღალატებს და ყველაფერს აკეთებს, რომ დაგეხმაროს.

დევდარიანისგანაც დიდ ყურადღებას ვგრძნობდი. უიმედოდ არ ვყოფილვარ, მაგრამ ამ უქმობის დროს, ბევრ რამეზე დავფიქრდი და ცხოვრებას და ფეხბურთს სხვანაირად შევხედე.

ესეც აუცილებლად უნდა ვთქვა - კახა კაჭარავას დამსახურებაა, საკუთარი თავის ხელახლა რომ ვირწმუნე. ფორმაში არ ვიყავი და არსად ვთამაშობდი, როდესაც 19-წლამდელებში მიმიწვია. არადა, ვერავინ გაამტყუნებდა, შესარჩევზე რომ არ წავეყვანე. მაგრამ მენდო და ისლანდიასთან 2 გოლი რომ გავიტანე, ამით მადლობაც გადავუხადე. გაჭირვებაში ნაკრების მწვრთნელის ნდობა ძალას გიორმაგებს.

მძიმე გზა ევროფინალამდე
ელიტრაუნდზე უმძიმეს ჯგუფში პირველზე გავედით. ამიტომაც ევროპის ჩემპიონატზე ქვეჯგუფში ორ საუკეთესოს შორის მოხვედრა წარმოუდგენელი არ უნდა იყოს. ჯერ ესაა მინიმუმი და მერე ვნახოთ.

ჩვენი ნაკრები ერთი დიდი ოჯახია, ერთმანეთის მეგობრები ვართ და შედეგი ამის დამსახურებაც არის. ამიტომაც მჯერა, რომ ევროფინალში წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

მთავარია, კარგი მსაჯობა იყოს. იცით, ბელგიაში რატომ გამაძევეს? მსაჯმა მითხრა - ცოცხალ კედელში ბურთი ხელზე მოგხვდაო და ყვითელი ამიფრიალა. სინამდვილეში, არ მომხვედრია. მეორე ყვითელი კი მეტოქის საჯარიმოში მიჩვენა, როდესაც ბურთისთვის ბრძოლაში ავხტი. მცველმა ხელი მკრა, წავიქეცი და მსაჯმა რომ დაუსტვინა, მეგონა - პენალტი დაგვინიშნა და თურმე ჩემი გაძევება გადაუწყვეტია.

იმედია, ევროპაზე ასეთ უსამართლობას არ წავაწყდებით.

ევროპის შემდეგ
ზამთარში გადაწყდა, რომ მეორე ბუნდესლიგის "დუისბურგში" ჩავირიცხებოდი, მაგრამ ეს ტრანსფერი აღარ გამოვიდა. ახლა "დილასთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და დღეს "საბურთალოს" ფეხბურთელი ვარ.

თუმცა, ლიტვაში ევროპის ჩემპიონატზე სელექციონერები ჩამოდიან და ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული - გააჩნია, როგორ ვითამაშებ. თუ არაფერი გამოვიდა, არაა გამორიცხული, ისევ "დილაში" დავბრუნდე.

ევროპის ჩემპიონატამდე კი ინდივიდუალურად ვემზადებოდი, სატრენაჟორო დარბაზშიც ხშირად დავდიოდი და ფორმა შევინარჩუნე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა სანდოხაძე: ახლა გაჩერება არ შეიძლება
[გაიცანით 19-წლამდელები] თემურ მარკოზაშვილი: ევროფინალი ყველას სტიმულია
[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ
[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბაჩამ გორის დილაში გელოდებით ძმაო მაგ გუნდს ჭირდები, წარმატებები ევროპაზე გვასახეთ ბიჭებო ღმერთმა დაგლოცოთ.
bibo
14:19 09-07-2013
0
აი ეს არის ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთპატივისცემა. პირველ რიგში ეს აკლია ქართულ ფეხბურთს!
zura
15:54 09-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული