"მამლების" მთავარი მწვრთნელი ფრანსის სმერეცკი ცნობილი სპეციალისტია: 1996 წელს მისი გაწვრთნილი "გინგამი" ინტერტოტოს გათამაშების გამარჯვებული გახდა (საწყის ეტაპზე ფოთის "კოლხეთი" დაამარცხა). 1995 წელს საფრანგეთის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, 2008 წელს მისი გაწვრთნილი ფრანგი 17-წლამდელები ფინალში გავიდნენ, 19-წლამდელები კი 2010-ში ჩემპიონები გახდნენ. 2012 წელს სმერეცკი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატიც გახლდათ.
სმერეცკი იმედოვნებს, რომ 2010 წლის შედეგს გაიმეორებს და ლიტვიდან ევროპის ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდება:
"ახლა ჩემპიონობა გაცილებით ძნელი იქნება, ვიდრე 2010 წელს,
ჩვენი პროგრამა-მინიმუმი ჯგუფიდან გასვლაა, თუმცა კლუბებზე ვართ დამოკიდებულნი, რადგან საფრანგეთის ჩემპიონატისთვის მზადება პირველ ივლისს დაიწყო და ამის გამო მოთამაშეები ერთად ცოტა ხანი ემზადებოდნენ.
ამას გარდა, ჩვენ ვერ დაგვეხმარება კურტ ზუმა, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრებს თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაჰყვა".
სმერეცკის ჰკითხეს - მეტოქეებიდან ყველაზე მეტად რომელს უფრთხის.
"ჩვენს მეტოქეებზე - საქართველოზე, თურქეთსა და სერბეთზე ბევრი ინფორმაცია არც გვაქვს. ისინი საქმეში არ გვინახავს. თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებსა და მოპოვებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ფავორიტი თურქეთია.
და მაინც, ზოგიერთი ნაკრები ფინალურ ეტაპზე იგივე შემადგენლობის წამოყვანას ვერ ახერხებს, რომლითაც ელიტრაუნდზე წარმატებას მიაღწია..." - ამბობს ფრანგების დამრიგებელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U19-ის ევროპული დღიური - ნაკრები 12 ივლისს შეივსება