U21. შოტლანდია VS საქართველო - სქოთებს უნდა ახსოვდეთ ჩივაძე...

AutoSharing Option
14 ნოემბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პეისლიში, გლაზგოსთან ახლოს, სტადიონ "სენტ მირენ პარკზე" შოტლანდიელ თანატოლებს გაეჯიბრება ევროშესარჩევის ციკლში. ჩვენი დროით, თამაში 23:30 საათზე დაიწყება.

კილტი ტარტანისგან იკერება და შოტლანდიის ნაკრებს ამად ეძახიან "ტარტანის არმიას". ბრიტანელებს უყვართ მეტაფორები. თუ ხასიათზე არიან, არც ქედმაღლობაზე ამბობენ უარს.

იქ ფეხბურთიც განსაკუთრებულად უყვართ და მერე რა, რომ ახალგაზრდული ნაკრები თამაშობს - ბრძოლა და ძვალთამტვრევა იქ ნებისმიერი რანგის მატჩს ამშვენებს.

მატჩის წინა დღეს ალექსანდრე ჩივაძემ გუნდი სწორედ ამ სტადიონზე ავარჯიშა, ჩვენ კი ვარჯიშის დროს იქ მყოფ საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელ ლაშა დვალიშვილს დავურეკეთ:

"სტადიონი 8 000 მაყურებელს იტევს. მინდორი იდეალურ მდგომარეობაშია. გუშინ და გუშინწინ კი სხვა სტადიონზე ივარჯიშა ჩვენმა ნაკრებმა.

განწყობა კარგია. რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. გლაზგოსთან ახლოს, მყუდრო და კომფორტულ სასტუმროში დავბინავდით, სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ გუნდი ნორმალურად მოემზადოს.

ერთადერთი პრობლემა ამინდია - რაც ჩამოვედით, თითქმის სულ წვიმს და ამას ქარიც ემატება. აქაურები ვარაუდობენ, თამაშის დღეს ამინდი გამოკეთდებაო.

ნაკრები მოინახულეს შოტლანდიაში მცხოვრებმა ჩვენებურებმა. ისინი დაგვპირდნენ, სტადიონზე ორმოცდაათამდე ქართველი მოვალთ გუნდის გასამხნევებლადო",
- გვითხრა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ შესარჩევში საქართველო და შოტლანდია უკვე შეხვდნენ ერთმანეთს - 14 ოქტომბერს ჩვენებმა თბილისში 2:1 გაიმარჯვეს.

როგორც მაშინ, ჩივაძის განკარგულებაში 14 ნოემბერსაც არ იქნებიან გიორგი ილურიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა ძალამიძე; მათ არჩილ ტვილდიანიც დაემატა - ისინი ტრავმირებულები არიან.

ჯგუფების 10 გამარჯვებული და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში გადის, საიდანაც 7 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, რომელთაც მასპინძელი ჩეხეთი დაემატება. საქართველოს აქვს შანსი, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავოს. ასე რომ, ჩივაძის გუნდს ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს. ასე რომ, ჩივაძის გუნდს ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს.

18 ნოემბერს გორში სლოვაკეთს ვისტუმრებთ და სწორედ ამ ორ შეხვედრაში გადაწყდება, შეინარჩუნებს თუ არა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პლეი-ოფში გასვლის შანსს.

ჩივაძეს კარგი გუნდი ჰყავს - გიორგი ჭანტურია, ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე... კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო ფეხბურთელი.

მოკლედ, შოტლანდიასთან მატჩის წინ გვაქვს იმის საფუძველი, რომ იმედიანად ვიყოთ.

თავად ჩივაძესაც ერთ დროს წარმატებით უთამაშია ბრიტანულ გუნდებთან. მისი კაპიტნობით "დინამომ" "ვესტ ჰემს" ლონდონში 4:1 რომ მოუგო, იმ შეხვედრაში ანგარიში სწორედ ჩივაძემ გახსნა შორეული დარტყმით.

ესპანეთის მუნდიალზე კი, 1982-ში, გრემ საუნესის და გორდონ სტრაჩანის შოტლანდიასაც მან გაუტანა გოლი, როცა საბჭოთა ნაკრები 0:1-ს აგებდა (სხვათა შორის, სწორედ ჩივაძის შეცდომის გამო და აკი გამოისყიდა კიდეც ეს შეცდომა!).

Sportall.Ge

მეორე გოლიც ქართული იყო - რამაზ შენგელიამ სქოთი მცველების შეცდომით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, ისიც დააწვინა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ის მატჩი 2:2 დასრულდა და საბჭოთა გუნდმა მომდევნო ეტაპზე გააღწია...

ასე რომ, შოტლანდიელებს კარგად უნდა ახსოვდეთ ქართველები, კერძოდ - ფეხბურთელი ჩივაძე და ვნახოთ, იქნებ მწვრთნელმა ჩივაძემაც დაამახსოვროს თავი კილტიანებს...

ევროპის 2015 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. საკვალიფიკაციო ეტაპი. III ჯგუფი
14 ნოემბერი
შოტლანდია-საქართველო 23:30
სლოვაკეთი-ჰოლანდია 23:15

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 3 3 0 0 11-0 9
2. სლოვაკეთი 4 3 0 1 12-3 9
3. შოტლანდია 4 2 0 2 6-7 6
4. საქართველო 4 2 0 2 5-8 6
5. ლუქსემბურგი 5 0 0 5 1-17 0

მომდევნო მატჩი
18 ნოემბერი
საქართველო-სლოვაკეთი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ქართველებს კლასით ვჯობდით - შოტლანდიელებს თბილისში წაგებისთვის შურისძიება სურთ
ალექსანდრე ჩივაძე პრობლემებით და იმედით: კარგი შანსი გაგვიჩნდება, თუ...
U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეს ჯანომ,ჭანტურიამ ,ყაზაიშვილმა ....უნდა ,,კლასნი,,ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარონ შოტლანდიელებს!!!
თამაშის ყურების საშუალება გვექნება?
akhali
13:01 14-11-2013
0
დღევანდელი თამაში გადამწყვეტია. წავაგებთ, დამთავრდა ვეღარსად ვეღარ წავალთ. ამაზე ჩივაძეს და ფედერაციას ადრე უნდა ეფიქრა, თუნდაც უაზრო კალენდარს რომ დათანხმდნენ, ან ჰოლანდიასთან უაზრო სასტავი რო დააყენეს, ან სლოვაკიასთან უაზრო ფეხბურთი რო ითამაშეს.
koka
12:45 14-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული