მათე ცინცაძე: მე მგონი, ელიტრაუნდის წილისყრაში გაგვიმართლა

AutoSharing Option
ფოტოზე: მათე ცინცაძე და დავით დარციმელია
სეზონის დაწყებამდე, ქუთაისის "ტორპედო" ჩემპიონატის ფავორიტებიდან ყველამ ჩამოწერა. ცხადი იყო, რომ გია გეგუჩაძისა და გამოცდილი ფეხბურთელების მთელი ჯგუფის წასვლა გუნდს ნეგატიურად უნდა დასტყობოდა.

"ტორპედოს" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ და გუნდში შეკრებილმა ახალგაზრდებმა პროგნოზები თავდაყირა დააყენეს და ერთი ხანობა თბილისის "დინამოს" კვალშიც მიჰყვებოდნენ.

თუმცა, სწორედ "დინამოსთან" წაგების შემდეგ მოხდა, "ტორპედო" წელში რომ ვერ გაიმართა...

გუნდის ერთ-ერთი სახე მათე ცინცაძეა. 18 წლის საყრდენი ნახევარმცველი ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელიცაა, 2012 წელს 17-წლამდელთა ევროპის
ჩემპიონატზე ითამაშა და ახლახან, 19-წლამდელთა შესარჩევის თბილისურ ციკლშიც მშვენივრად გამოიყურებოდა.

რა მოუვიდა "ტორპედოს"? მათე ცინცაძეს ამ თემებზე ველაპარაკეთ...

- - ბოლო თამაშებია, "ტორპედო" საკუთარ თავს არ ჰგავს. რა არის მიზეზი, გადაიღალეთ?
- ბოლო შეხვედრა "ზესტაფონთან" 0:1 რომ წავაგეთ, მთელ გუნდს ეტყობოდა დაღლილობა. სეზონი ადრე დავიწყეთ, ევროპის ლიგაზე ვითამაშეთ, მერე იყო ეროვნული ჩემპიონატის მატჩები, ბევრმა ჩვენგანმა 19-წლამდელთა შესარჩევ ციკლშიც ითამაშა და ბოლო 20 დღეში უმრავლესობას 6-7 მატჩი დაგვიგროვდა. ძალები ვეღარ აღვიდგინეთ და, ეტყობა, ჩავარდნა ამის ბრალია.

ამას გარდა, უიღბლობაც იყო, მაგალითად - თბილისის "დინამოსთან" და ბოლო ტურში - "ზესტაფონთან", რომელთანაც პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. თუმცა გამოუსწორებელი არაფერია, ასეთი რამ ნებისმიერ გუნდს შეიძლება მოუვიდეს.

- უმაღლეს ლიგაში პირველ სეზონს ატარებთ. ამ დონეზე გადართვა ძნელი იყო?
- ჩვენთან გამოცდილი ფეხბურთელებიც არიან - ხიდეშელი, ჭელიძე, ქვილითაია, ფირცხალავა, ბარაბაძე, კუხიანიძე... გვერდში დამიდგნენ და ამ პერიოდის გადალახვაში დამეხმარნენ, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს იოლი იყო. გამოცდილება მაკლია, რაც უმაღლესი ლიგისთვის სერიოზული მინუსია. მარტო მე კი არა, მთლიანად "ტორპედოს" აკლია გამოცდილება და არასტაბილური თამაშიც ამით არის გამოწვეული, მაგრამ ზაფხულის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მეც ბევრი ვისწავლე, გუნდის თითოეულმა წევრმაც და მჯერა, სამეულში მოხვედრის შანსი მაინც გვაქვს.

ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი ძნელი იქნება, რადგან გუნდის ბირთვს 18-19 წლის ბიჭები შევადგენთ.

- უმაღლესი და პირველი ლიგის დონეებს შორის დიდი განსხვავებაა?
- ძალიან დიდი! პირველ ლიგაში არც ასეთი ფიზიკური მომზადებაა, არც კლასი და გაცილებით იოლი თამაშებიც გვქონდა. უმაღლესში კი ბევრია ისეთი დაძაბული და საკმაოდ სწრაფი თამაში, 19-წლამდელებს ჰოლანდიასთან რომ გვქონდა.

- თქვენი თაობა საკმაოდ ამბიციური და წარმატებულია. ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლეთ, ახლა შესარჩევი ეტაპი 100-პროცენტიანი შედეგით დაასრულეთ... გამოდის, რომ საქართველოში მომზადება მაინც შესაძლებელია...
- არ ვართ ესპანეთისა და ინგლისის დონეზე, მაგრამ კარგ პირობებში ვემზადებით. "ტორპედოს" გარდა, კიდევ რამდენიმე გუნდშია ასეთი პირობები, ნორმალურად რომ ივარჯიშო და მოემზადო.

ჩემს მაგალითზე გეტყვით - როცა შესარჩევი ციკლი დაიწყო, მივხვდი, რამდენს ნიშნავდა უმაღლეს ლიგაში თუნდაც ოთხი თვით თამაში. პირადად მე ბევრი შემძინა და, რაც მთავარია, მომცა ის, რაც ყველაზე მეტად მაკლდა - გამოცდილება. შეიძლება, კარგი პირობები არ იყოს, მაგრამ ბევრს ნიშნავს სათამაშო პრაქტიკა და ასაკოვანი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში.

- ელიტრაუნდში 19-წლამდელთა ნაკრების შანსებზე რას იტყვით?
- მე მგონი, გაგვიმართლა. ინგლისს, გერმანიასა და ესპანეთს ბევრად სჯობდა შვეიცარია, ისრაელი და კვიპროსი, რაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს გვაძლევს.

ისიც გამიხარდა, რომ მატჩები შვეიცარიაში გაიმართება. მიმაჩნია, რომ იქ უკეთესი და უფრო ობიექტური მსაჯობის იმედი უნდა გვქონდეს, ვიდრე ისრაელსა და კვიპროსში იქნებოდა.

შესარჩევ ეტაპზე გუნდმა წარმატებას ერთსულოვნებით, სათამაშო დისციპლინითა და მწვრთნელების სწორი დავალებების ხარჯზე მივაღწიეთ და იმედი მაქვს, ელიტრაუნდშიც ასე მოხდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვასილ მაისურაძე: საქართველო შვეიცარიაში როგორც ლიდერი, ისე უნდა ჩავიდეს
ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატები. წილისყრა: იღბალიც და უიღბლობაც
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მაგარი ბიჭია,ეგეთი საყრდენი კარგა ხანია ქართველებს არ გვყოლია :))) ამის მამაც ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყოო გამიგიაა
goga
17:46 29-11-2013
0
მომწონს ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებს..
daviti
21:37 29-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული