"პირდაპირ გეტყვით, ისეთ პრობლემებს წავაწყდი, რომ არ მეგონა, თუ შემექმნებოდა"

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი უქულოდ დაასრულა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ჯერ ბოსნიასთან დამარცხდა (1:2), მერე რუსეთთან (0:1), ბოლოს კი იტალიელ თანატოლებთანაც დაყარა ფარ-ხმალი (0:1).

საკუთარ კედლებში მოთამაშე ჩვენი ბიჭებისგან გაცილებით მეტს ველოდით. მიგვაჩნდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა შეგვეძლო. შედეგი კი საპირისპიროა.

ფაქტია, როცა საქმე 17 წლის ჭაბუკს ეხება, მას ხაზს ვერ გადაუსვამ. ისეთი ფეხბურთელებიც ბევრი ვიცით, ამ ასაკში რომ ვერაფერი უჩვენებიათ და მერე მსოფლიო დაუპყრიათ, მაგრამ ამ წარუმატებლობაზე თვალის დახუჭვაც არ ივარგებს.

17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე
"ლელოსთან" ინტერვიუში ელიტრაუნდს აფასებს...

- პირველ რიგში, ზოგადად შევაფასოთ ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდი...
- როგორი შეფასება უნდა გავაკეთო? რა თქმა უნდა, შეფასება უარყოფითია. საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ერთი კია - ტურნირის დაწყების წინ მე შევპირდი ქართველ გულშემატკივარს, რომ ვითამაშებდით "პირველ ნომრად" და ეს შევასრულეთ კიდეც.

ჩემი აზრით, პირველ ორ თამაშში მარცხს არანაირად არ ვიმსახურებდით. ეს განსაკუთრებით ეხება რუსეთთან შეხვედრას. ვნახე პირველი ორი თამაშის სტატისტიკური მაჩვენებლები და უნდა გითხრათ, რომ ბევრ რამეში თვალსაჩინოა ჩვენი უპირატესობა. მაგალითად - ჩვენ ხშირად ვურტყამდით კარში... ოღონდ ესაა, ხარისხიანად ვერ ვურტყამდით...

რაც შეეხება იტალიის ნაკრებს, ეს არის ამ ასაკში ევროპული ფეხბურთის ნამდვილი გრანდი. პირველ ტაიმში ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით; მეორე ტაიმში რაც მოხდა, ეს არ ჯდება არანაირ ლოგიკაში... ასე თამაში არ შეიძლება! ჩვენი ფეხბურთელი ასე არ უნდა მოქცეულიყო. იტალიასთან 11 კაცით არის თამაში რთული და, მით უმეტეს, 10 კაცით რა იქნებოდა?!

მე არასოდეს ვიშვერ ხელს ფეხბურთელისკენ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ - ასე მოქცევა არ შეიძლება!

მთლიანობაში, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ დრო არ მეყო. ორი თვე გვქონდა ელიტრაუნდამდე, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ სწორად ვერ განვსაზღვრე საწყისი წერტილი, ის წერტილი, საიდანაც უნდა დამეწყო მუშაობა. ახლა ვხვდები, რომ ეს საწყისი წერტილი უფრო დაბალი საფეხური უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირდაპირ გეტყვით - წავაწყდი ისეთ პრობლემებს, რომლებიც არ მეგონა, თუ შემექმნებოდა.

ამ ნაკრებში არიან ინდივიდუალისტები, თუმცა გუნდური თამაში ვერ იყო სათანადო დონეზე. ეს ფაქტია და ამას ჩვენ ვერსად გავექცევით. ამ თაობას ყველაფერი წინ აქვს და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო.

- ბევრის აზრით, და მას მეც ვიზიარებ, არ არის მართებული, რომ ნაკრები მხოლოდ თბილისელი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული...
- გიპასუხებთ. ივანიაძე ბათუმელია და თბილისში ცხოვრობს; ქავთარაძე ჟინვალელია, ხარაბაძე - ქუთაისელი... ჩვენ ალალბედზე არ შეგვირჩევია ფეხბურთელები. ყველა მწვრთნელთან გვქონდა კავშირი. მათგან ვიღებდით ინფორმაციას... გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ არავინ გამოგვრჩენია საქართველოში. ვინც იყო ღირსი, ყველამ ითამაშა. ჩემი ინიციატივით სამი ფეხბურთელი მივიდა ნაკრებში და მიმაჩნია, რომ მათ გაამართლეს.

ზურაბ დავითაშვილს მე მივიჩნევ ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად. მან ორი წლით დიდებში ითამაშა და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. გაამართლეს გიორგი ივანიაძემ და სანდრო შეწირულმაც.

ფეხბურთელზე რომ ვამბობთ, ნაკრებში თამაშის ღირსიაო, სადმე ხომ უნდა თამაშობდეს? ან დუბლებში უნდა იყოს, ან უმაღლესი ლიგის გუნდის სამატჩო განაცხადში მაინც ხვდებოდეს...

- რატომ ვერ მოხვდნენ ნაკრებში ვირუბოვი, ბარაბაძე და ქიმერიძე, რომლებმაც გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღეს ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ბარიერის დაძლევაში?
- კი ბატონო, გიპასუხებთ. დავიწყოთ ვირუბოვით. მან მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და სწორედ ამის გამო ვერ წავიყვანეთ მინსკის საერთაშორისო ტურნირზე. მერე გამოვიძახეთ სომხეთთან ამხანაგურ მატჩებში და გამოჩნდა, რომ ჯერაც ეტყობოდა ავადმყოფობის კვალი, ვერ იყო ოპტიმალურ ფორმაში. სხვათა შორის, ამაზე თავადაც დაგვეთანხმა...

რაც შეეხება ბარაბაძეს, 4-3-3 ტაქტიკურ სქემაში შეიძლებოდა მისი გამოყენება, თუმცა იმ სქემაში, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ვერ დავინახე მისი ადგილი, რადგან ის გამოკვეთილად ფლანგის ფეხბურთელია. ქიმერიძის მომზადების დონე კი, ამ ეტაპზე, ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი. სულ ესაა, რისი თქმაც ამ თემაზე შემიძლია.

- ცალკე უნდა გკითხოთ გუნდის კაპიტან ლუკა ასათიანზე. რატომ იჯდა ის სათადარიგოთა სკამზე პირველ ორ შეხვედრაში? მიკროტრავმა აწუხებდა თუ თქვენ გადაწყვიტეთ ასე?
- არა, ეს მოხდა ჩემი გადაწყვეტილებით. საქმე ისაა, რომ სომხეთთან ამხანაგურ მატჩებში ასათიანი კარგად ვერ გამოიყურებოდა. იტალიასთან კი მაღალ დონეზე ითამაშა. ვეუბნებოდი, შეენარჩუნებინა მხნეობა. ლუკამ ძალიან კარგად მიიღო ჩემი გადაწყვეტილება. ასათიანს კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია. მან გამოიყენა შანსი, რომელიც მივეცი.

- პირველ შეხვედრაში დაშვებული უხეში შეცდომების შემდეგ ლუკა გუგეშაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქართველთა შორის. როგორ მოხერხდა, რომ გუგეშაშვილმა ამ შეცდომების შემდეგაც შეინარჩუნა ფსიქოლოგიური მდგრადობა?
- რა თქმა უნდა, დასანანი იყო, რაც მოხდა. გოლზე არ არის აქ ლაპარაკი. მას ბოსნიასთან მატჩის დაწყებისთანავე ემჩნეოდა ნერვიულობა. გახსოვთ, ერთ ეპიზოდში შეცდა, მერე ისევ შეცდა... გოლი გოლია, ყველამ შეიძლება გაუშვას... ჩვენ შეგვეძლო კარში მეორე მეკარე - კერესელიძე დაგვეყენებინა, მაგრამ მაინც არ გავწიეთ გვერდზე გუგეშაშვილი. ვუთხარით და ისიც მიხვდა, რომ ბევრი რამ უნდა დაიწყოს თავიდან, უნდა გადააფასოს ბევრი რამ.

- მოგვეჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებს ორი მთავარი პრობლემა ჰქონდა: "ბოლო პასისა" და გამოკვეთილი ინდივიდუალისტების არყოლის. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- გეთანხმებით, წინა ხაზში არ იყო იმდენი სიმწვავე, რამდენიც უნდა ყოფილიყო. მეტოქეებს ჩვენზე აქტიური და აგრესიული ფეხბურთელები ჰყავდათ წინა ხაზში. თუნდაც იტალია ავიღოთ - ყველამ ვნახეთ, რა დონეზე ითამაშა მათმა შავკანიანმა ფორვარდმა მოისეს კინმა. ჩვენ ვცდილობდით სიტუაციის გამწვავებას. კარში ცოტა არ დაგვირტყამს, მაგრამ წეღანაც ვთქვი - ხარისხიანად ვერ ვურტყამდით. რაც შეეხებათ შემსრულებლებს, ინდივიდუალისტებს, ფეხბურთელი ასეთად უნდა დაიბადოს.

- იტალიას თავი დავანებოთ, მაინც რით გვაჯობეს ბოსნიამ და რუსეთმა?
- თუნდაც არჩევანით, ფეხბურთელების რაოდენობით... მათ საშუალება აქვთ, არაერთი გუნდიდან აირჩიონ ფეხბურთელი, ჩვენთან კი მაქსიმუმ ორი მოთამაშეა ერთ პოზიციაზე. გინდა თუ არა, საქართველოში ფეხბურთელმა იცის, რომ 20 კაცში გარანტირებული აქვს ადგილი და სრულყოფაზე ნაკლებად მუშაობს.

- ხომ არ გამოგვეპარა რომელიმე ფეხბურთელი უცხოეთში?
- ჩვენ გვყავდა ნაკრებში გულბანი ჰოლანდიური "ზვოლედან". საქმე ისაა, რომ კლუბიდან დარეკეს და გვითხრეს, გვენახა ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელი... შეიძლება ამ მოკლე დროში მართლაც გამოგვრჩა ვინმე. ამას ნამდვილად ვერ გამოვრიცხავ.

- რჩებით 17-წლამდელთა ნაკრებში?
- არა, ამიერიდან ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვიქნები გია გეგუჩაძესთან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
ამ ნაკრებში ვინ იყო ფორმაში? ბავშვებს თავგზა აუბნიეთ ვინ სად თამაშობდა ვერ გავიგეთ ესენი ძალიან კარგი ბავშვები არიან მწვრთნელი არ უნდაშეგეცალათ ეს იყო დიდი შეცდომა ამან ჩააფლავა ელიტ რაუნდი
gio
22 მარტი 2016 15:50
0
ვირუბოვი მინსკის ტურნირზე იყო დაგავიწყდ? კარგ ფორმაში იყო მაგრამ ზამენაზე გეჯინათ ასე უცებ ყველაფერი დაგავიწყდათ ამ გუნდის დაშლა იაგორაშვილის ბრალია
gio
22 მარტი 2016 15:40
0
არ მჯერა ანდრონიკაშვილი ქიმერიძეზე კარგ ფორმაში იყო მართლა მოგეწონათ ანდრონიკაშვილის ფორმა?ავსაჯანიშვილმაც გითხრა ქიმერიძე ფორმაში არ არის და ანდრონიკაშვილი წაიყვანეთო?ეს ძალიან დიდი ტყუილია ქიმერა ვახოს არ ევასებოდა
goga
22 მარტი 2016 15:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული