ეროვნული ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
გასული ტურის მერე ეროვნულ ლიგაში ორკვირიანი შესვენება დაიწყო და ამა თუ იმ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც საკმარისზე მეტი დრო ექნებათ გარკვეული შეცდომების გასაანალიზებლად თუ აღმოსაფხვრელად.

არადა, გაანალიზება თუ დაფიქრება ერთდროულად რამდენიმე გუნდის მესვეურთ ნამდვილად სჭირდებათ: საკადრო საკითხებზეც, სამომავლო სტრატეგიაზეც და კიდევ, ვინ იცის, რამდენ სხვა თემაზეც; თუმცა, ამ ყველაფერს დრო გამოაჩენს, მანამდე კი გასულ ტურზე ვისაუბროთ და შაბათ-კვირას გამართული მატჩების გამორჩეული ფაქტები თუ მოვლენები გავიხსენოთ.

შედეგიანობაში მატებაა!
XXIX ჩემპიონატის პირველ ტურში მხოლოდ 7 გოლი გავიდა, მეორეში - 8, აი, გასულ ტურში კი
შედეგიანობამ მოიმატა და ამჯერად უკვე 14 გოლი ვიხილეთ; თანაც, საინტერესო ფაქტი მოხდა: ამ 14 გოლიდან თითქმის ნახევარი (ექვსი!) თავური დარტყმებით გავიდა!

აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტ(ებ)ზე, რომ ეს გოლები ერთმანეთზე უკეთესი იყო, გნებავთ, სანახაობრივი, გნებავთ, საშემსრულებლო თვალსაზრისით! განსაკუთრებით კი, დავით კირკიტაძისა ("დილა") და გიორგი გაბედავას ("ჩიხურას") ეფექტური (და, რაც მთავარია, ზუსტი) თავური დარტყმებია აღსანიშნავი...

და კიდევ, მესამე ტურის და, საერთოდ, ახალი სეზონის სტარტის კიდევ ერთ ტენდენციაზე: განვლილი სამი ტურის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ სამი მატჩი დასრულდა საყაიმო ანგარიშით! იმედი დავიტოვოთ, რომ მსგავსი უკომპრომისობა მომავალშიც გაგრძელდება...

ფავორიტის სტატუსი
ახალი სეზონის წინ, როცა ვრცელი წერილი მივუძღვენით XXIX ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს და მათი შანსებიც შევაფასეთ, ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსი "ჩიხურას" მივაკუთვნეთ; და აი, სამი ტურის მერე სოსო ფრუიძის დამოძღვრილი გუნდია ცხრილის სათავეში და ისიც აუცილებლად არის აღსანიშნავი, რომ ეროვნულ ლიგაში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი სწორედ "ჩიხურაა"!

ახალ სეზონში პირველი მატჩები სწორედ მესამე ტურში მოიგეს "სამტრედიამ", "დილამ" და "ტორპედომ"; პირველი მატჩები წააგეს "ლოკომოტივმა" და "შუქურამ"; "დილამ" ამ სეზონში პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა, "ჩიხურამ" კი - პირველი გოლი გაუშვა.

მოკლედ, ეროვნულ ლიგაში ერთადერთი დაუმარცხებელი ("ჩიხურა") და ერთადერთი მოუგებელი ("შუქურა") გუნდიღა დარჩა...

მოულოდნელი ბომბარდირი
სამი ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავაში "კოლხეთის" 27 წლის ახალწვეული გიორგი ჯანელიძე დაწინაურდა, რომელმაც წინა ტურში შესრულებულ "დუბლს" ამ ტურში კიდევ ერთი გოლი მიუმატა!

აღსანიშნავია, რომ ამპლუით ცენტრალურ ნახევარმცველს, გიორგი ჯანელიძეს მშვენიერი შანსი აქვს, საკუთარი მაჩვენებელი გააუმჯობესოს: თავის მართლაც საუკეთესო (2011/12 წლების) სეზონში, როცა "ვიტ ჯორჯიას" ლიდერად მოგვევლინა - 7 გოლი გაიტანა. ახლა კი წინ 33 ტური აქვს ამ შედეგის გასაუმჯობესებლად...

ტურის გმირ(ებ)ი
გასულ ტურში ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი მოექცა ყურადღების ცენტრში და თითოეულ მათგანზეც გვინდა ყურადღების გამახვილება. უპირველეს ყოვლისა, "საბურთალოს" 18 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი კოხრეიძე გვინდა აღვნიშნოთ: ამ ნიჭიერმა ბიჭმა, ისე, როგორც I ტურის საშინაო მატჩში ("კოლხეთთან"), ამჯერადაც შეცვლაზე შემოსულმა შეძლო თავისი გუნდისათვის გამარჯვების მომტანი გოლის გატანა!

გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "საბურთალომ", საერთოდაც, უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა დედაქალაქურ "დერბიში" და მანამდე დაუმარცხებელ "ლოკომოტივს" გადაასწრო (ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გათვალისწინებით)! არც ის ფაქტი უნდა ყოფილიყო უმნიშვნელო, რომ ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა "საბურთალოს" 20 წლის კაპიტანმა და ლიდერმა გიორგი ხარაიშვილმა...

გასული ტურის კიდევ ერთ გამორჩეულ ფეხბურთელზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი "ჩიხურას" 27 წლის შემტევზე, გიორგი გაბედავაზე გვინდა ვთქვათ, - ერთადერთ ფეხბურთელზე, III ტურში "დუბლის" შესრულება ვინც მოახერხა.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ "შუქურას" კარში გაბედავამ ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანა თავური დარტყმებით; თუმცა, ამ შემტევისათვის ხომ არც ეფექტური გოლების გატანაა "უცხო" და არცერთ კონკრეტულ მატჩში 2 თუ 3 გოლის გატანაც.

ეგ კი არა, ალბათ, ბევრს ემახსოვრება მის მიერ შესრულებული "პოკერი" 2009/10 წლების სეზონის სტარტზე, როცა "გაგრას" შეტევების ლიდერი გახლდათ და იმ დროისათვის მოქმედი ჩემპიონის, "ვიტ ჯორჯიას" კარში 4 გოლი გაიტანა!

ყოჩაღი ლეგიონერები
ეროვნულ ლიგაში მხოლოდ ერთადერთი უცხოელი მწვრთნელია და აი, მესამე ტურში იზეიმა თავისი პირველი გამარჯვება საქართველოს ჩემპიონატში "დილას" თავკაცმა ზივ არიემ!

თბილისის "დინამოსა" და "დილას" მატჩზე "ლელოს" გუშინდელ ნომერში დაწვრილებით ვისაუბრეთ და ისიც ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ როგორი გამორჩეული გახლდათ ორივე გუნდის შემადგენლობაში გორელთა გუნდის ბრაზილიელი ახალწვეული ლეანდრო რიბეირო!

22 წლის ლეანდრო რიბეირომ თამაში მარცხენა გარემარბად დაიწყო, მერე მარჯვნივ გადმოინაცვლა, მატჩი კი ცენტრფორვარდის პოზიციაზე დაასრულა და იმის გარდა, რომ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, საერთოდაც, ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა!

ამ მოგებით "დილამ" კვლავაც გააგრძელა თავის წარმატებული სერია ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდთან: საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მოგებული და ზედიზედ მეშვიდე წაუგებელი მატჩი თბილისის "დინამოსთან"!..

სადებიუტო მატჩები, გოლები...
სეზონის დაწყებიდან მხოლოდ სამ ფეხბურთელს ჰქონდა დებიუტი ეროვნულ ლიგაში: 18 წლის თორნიკე დაგარგულიას, 23 წლის გიორგი არქანიას (ორივე - "შუქურა") და 17 წლის მიხეილ ერგემლიძეს (თბილისის "დინამო").

აი, "შუქურას" 24 წლის უკანახაზელმა ირაკლი ჭეჟიამ (რუსეთის მოქალაქე გახლავთ) კი საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

სამუშიები!
მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ", როგორც იქნა, პირველი გამარჯვება მოიპოვა ახალ სეზონში: გია ცეცაძის აშკარად "სახეშეცვლილმა" გუნდმა გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორს სტუმრად 1:0 მოუგო. ეს ერთადერთი გოლი კი "სამტრედიის" ახალწვეულმა, 22 წლის გურამ სამუშიამ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ გურამ სამუშიამ უმაღლეს ლიგაში ბოლოს თავი გამოიჩინა 2015/16 წლების სეზონის პლეი ოფის მატჩში, როცა სწორედ მისი გოლით შეინარჩუნა ადგილი უძლიერესთა რიგებში "ზუგდიდმა".

სხვათა შორის, ამ ახალ სეზონში და, ასევე მესამე ტურში, კიდევ ერთმა სამუშიამ იყოჩაღა, ოღონდ ერთი რანგით ქვედა ლიგაში: "რუსთავი"-"ზუგდიდის" დაძაბული და ნერვული მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა (მსაჯის მიერ კომპენსირებული 4 წუთიც იწურებოდა) სტუმართა გუნდში შეცვლაზე შემოსულმა 22 წლის ცოტნე სამუშიამ გოლი გაიტანა და თავის გუნდს აშკარად დამსახურებული ქულა მოუტანა (1:1)!

სხვა ფაქტები...
ახალ სეზონში თბილისის "დინამომ" სამი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა; აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი "დინამოში" დაბრუნებულმა ბაჩანა არაბულმა გაიტანა: 23 წლის ცენტრფორვარდმა სათასო მატჩში ("ალგეთთან") "დუბლი" შეასრულა, ჩემპიონატის პირველ და მესამე ტურში კი თითო-თითო გოლი გაიტანა. თუმცა, "დილასთან" დაპირისპირებაში ეს გოლი წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა...

მესამე ტურში თავის ახალ გუნდში პირველი გოლი (ეფექტური თავური დარტყმით) გაიტანა "ტორპედოს" ახალწვეულმა, 24 წლის ბიძინა მახარობლიძემ; ასევე პირველი გოლი გაიტანა (ამ შემთხვევაშიც, ეფექტური თავური დარტყმა უნდა აღვნიშნოთ) თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში "დილას" ტანმორჩილმა და რეაქტიულმა გარემარბმა დავით კირკიტაძემ.

სხვათა შორის, 24 წლის დავით კირკიტაძემ უმაღლეს ლიგაში უკვე მეშვიდე გუნდის მაისურით შეძლო თავის გამოჩენა: სხვადასხვა დროს თამაშობდა "ტორპედოში", "ჩიხურაში", "გურიაში", "ზუგდიდში", "მეტალურგში", "სამტრედიაში"...

ყველაზე ასაკოვანი...
გასული ტურის ერთ-ერთი საინტრიგო დაპირისპირება, რაღა თქმა უნდა, დედაქალაქური "დერბი" იყო და იმის გარდა, რომ "საბურთალომ" შეძლო მანამდე 100-პროცენტიანი შედეგით მოასპარეზე "ლოკომოტივის" დამარცხება, ამ მატჩში კიდევ სხვა დასამახსოვრებელი ფაქტიც მოხდა!

"ლოკომოტივის" შემადგენლობაში შეცვლაზე შევიდა ქართული ფეხბურთის მართლაც დამსახურებული ვეტერანი, 37 წლის ზურაბ მენთეშაშვილი!

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ზურაბ მენთეშაშვილი საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი (40 მატჩი) გახლდათ, უმაღლეს ლიგას კი ეს გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი თითქმის ოთხწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა...

დღესდღეობით, სწორედ მენთეშაშვილი გახლავთ ეროვნული ლიგის ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი. ისე კი, ამავე სეზონში უსრულდება 37 წელი კიდევ სამ, ასევე დამსახურებელ ვეტერანს: დავით კვირკველიას (ბათუმის "დინამო"), შოთა ბაბუნაშვილს ("ტორპედო") და დავით ბოლქვაძეს ("კოლხეთი").

ისე, რახან ასაკი ვახსენეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ზემოთ ნახსენებ ოთხეულზე უფროსებიც გამოდიან ჩვენს ქვედა ლიგებში, თუმცა, ამ თემაზე სხვა დროს ვისაუბროთ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა უნდა სამუშიას ამ სიმბოლურში?
მხოლოდ ბრუთი გაიტანა და ისიც რის ვაი- ვაგლახით, მეტი მას თამაშში არაფერი შეუქმნია.
თამაშობდნენ და შრომობდნენ დათუნაიშვილი და სუხომლინოვი.

Jango
22:55 21-03-2017
0
samtredia sul male ityvis tavis sityvas... pizikurad gadaiwveba gundebis umravlesoba sul malee... es batums ashhkarad daetyo ukvee... cecadze udzlieresi treneria da male daamtkicebs...samtredia tamashs agar waagebs..
0

სიახლეები პოპულარული