- სამტრედია-დინამო (თბ) 0:2 - ჯოკერის დაბრუნება [VIDEO]
ფაქტია, ლობჟანიძე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ფაქტია ისიც, რომ "დინამომ" ძირითად გუნდში მისი დაბრუნებით მნიშვნელოვანი ძალა შეიმატა. სისწრაფე, სათამაშო აგრესია და ჟინი ის თვისებებია, რომლებიც საბას ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელებს შორის გამოარჩევს...
"ლელომ" მასთან ინტერვიუ ჩაწერა...
- "სამტრედიასთან" გასვლით მატჩში
- უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ. "სამტრედია" ძალიან ძლიერი გუნდია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია და ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენთვის მცირე ჩავარდნის შემდეგ აუცილებელი იყო გამარჯვება და მიხარია, რომ ეს შევძელით.
რაც შეეხება თამაშის შინაარსს და სანახაობრივ მხარეს, მგონი, გულშემატკივარი უკმაყოფილო არ უნდა დარჩენილიყო. გუნდზე ყოველთვის კარგად მოქმედებს ძლიერი მეტოქის დამარცხება და, მჯერა, "დინამოც" არ იქნება გამონაკლისი.
- გარკვეული დროის განმავლობაში არ იყავით ძირითად გუნდთან ერთად. შეგიძლიათ თქვათ, რომ ოპტიმალურ ფორმაში ხართ?
- სასურველ ფორმამდე ბევრი არ მიკლია.
- რას იტყვით მიმდინარე ჩემპიონატზე?
- რა თქმა უნდა, ყველაფერი უცბად არ ხდება და ჯერ კიდევ არის პრობლემები, მაგრამ პირადად მე უკეთესობას ვამჩნევ და ძალიან მომწონს ის გარდაქმნები, ჩვენს პირველობაზე რომ ხდება. ფეხბურთელი ყველაფერს აქცევს ყურადღებას. სასიამოვნოა, რომ თამაშები შუქდება.
რაც შეეხება საფეხბურთო მხარეს, დაძაბულობა რომ არის, ფაქტია. ათი გუნდია ჩვენს პირველობაზე და ათივეს აქვს ამბიცია. პირველობის ფორმატი და ძალთა თანაფარდობა კი ისეთია, ერთი წამითაც ვერ მოდუნდები. ყველა ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ კონცენტრაციას მთელი სეზონის განმავლობაში ვერ დაკარგავ. დონე იმდენად თანაბარია, თამაშამდე მიახლოებითაც ვერ გათვლი, ვინ ვის მოუგებს. დროთა განმავლობაში ხარისხიც მოიმატებს. ამაში დარწმუნებული ვარ.
- ფავორიტებს ხომ ვერ დაასახელებთ?
- ჩემი სურვილი და მიზანია, რომ ფავორიტი იყოს თბილისის "დინამო".
- მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ჩავარდნის შემდეგ გუნდმა მოახერხა რთულ საგარეო მატჩში მოქმედი ჩემპიონის დამარცხება...
- გეთანხმებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. დღევანდელ ფეხბურთში ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს და, რა თქმა უნდა, ამას ვერც "დინამო" ასცდა. ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდულია. ასეთ დროს ცოტა ძნელია მუდმივად სტაბილურად თამაში, მაგრამ ჩვენ აქეთკენ მივდივართ და სწორედ ამას ვცდილობთ.
- ზოგადად, როგორი სიტუაციაა "დინამოში"? დღევანდელი გუნდი იმდენად ახალგაზრდულია, 22-23 წლის ბიჭები ლამის ვეტერანები ხართ...
- ძალიან კარგი სიტუაციაა, შესანიშნავია გუნდური კლიმატი... ჩვენ გვახარებს ერთად ყოფნა, ვარჯიში... მოტივირებულები ვართ მაქსიმალურად. მე ვიტყოდი, რომ "დინამოში" იდეალური სიტუაციაა დღეს. ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია.
- ახალ მწვრთნელს ყოველთვის მოაქვს გუნდში სიახლეები. რა შეცვალა "დინამოში" კახა კაჭარავამ?
- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ის ძალიან ემოციური მწვრთნელია და მე ეს მომწონს. სულ სხვანაირი მუხტი შემოაქვს გასახდელში, ფეხბურთელებისთვის შესანიშნავი მოტივატორია... გარდა ამისა, დიდ ყურადღებას აქცევს ტაქტიკურ ნიუანსებს, თითოეულ მეტოქეს ბოლომდე აანალიზებს...
- ოთხშაბათს "ჩიხურასთან" გელით არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი. პირადად თქვენთვის ეს განსაკუთრებული მატჩია...
- მართალი ბრძანდებით. ძალიან ნაყოფიერი პერიოდი გავატარე "ჩიხურაში", იქ ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ დღეს "დინამოს" ფეხბურთელი ვარ და ჩემი გუნდის გამარჯვება მწყურია.
- გასაგებია, რომ ახალგაზრდულ "დინამოს" კატეგორიულად არავინ სთხოვს ჩემპიონობას, მაგრამ მაინც - შეუძლია გუნდს ოქროს მედლების მოგება?
- დარწმუნებული ვარ, ამ გუნდში არის საჩემპიონო პოტენციალი. კი ბატონო, დღევანდელი "დინამო" ძალიან ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ ჩვენთან უნიჭო ფეხბურთელს ვერ იპოვით. გარდა ამისა, როცა "დინამოს" მაისურა გაცვია, მაქსიმუმის გარდა, ვერაფერზე იფიქრებ.
წინ გრძელი სეზონია და ბოლომდე ვეცდებით, დასახულ მიზნებს მივაღწიოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"