დინამო(თბ)-შუქურა 5:0 - თამაში ცალ კარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" იოლად მოუგო ქობულეთის "შუქურას" და სათავეში ჩაუდგა ეროვნულ ლიგას.

იშვიათად გვახსენდება, ზოგადად ფეხბურთში ერთ გუნდს მეორეზე ამხელა უპირატესობა ჰქონოდეს. დინამოელებს რამდენიმე საგოლე მომენტი რომ არ გაეცუდებინათ, ანგარიში თავისუფლად შეიძლებოდა, ორნიშნაც ყოფილიყო.

ყველა დინამოელმა შესანიშნავად ითამაშა. გუნდმა ბევრი იმოძრავა და იმდენი რამ შექმნა მინდორზე, ბარე ორ შეხვედრას რომ ეყოფოდა. როგორ არ გამოვყოთ ბაჩანა არაბულის დიდოსტატური თამაში, რომელმაც 3 გოლი გაიტანა და მთელ რიგ ეპიზოდებშიც შესანიშნავად ითამაშა.

საერთოდ, "დინამოს" ყველა შემტევი გუნდურად თამაშობდა და, ამავე დროს, ინდივიდუალური ფეხბურთითაც გვანებივრებდა. მაგალითად,
ავიღოთ გიორგი პაპუნაშვილი, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ერთ-ერთი გოლისას საბა ლობჟანიძეს მართლაც რომ ცარიელ კარში გაატანინა გოლი. არადა, ეს თავადაც შეეძლო...

ძალიან, ძალიან საინტერესო ფეხბურთელები მოდიან "დინამოში" - საკლუბო აკადემიის აღზრდილთა პირველი ნაკადი ახლა მკვიდრდება გუნდში.

არ შეიძლება, შეცვლაზე შესული გიორგი ჩაკვეტაძის თამაში არ გამოვყოთ. მისი პასების ცქერა ერთ რამედ ღირდა და, აკი, ორი მათგანი გოლითაც დაგვირგვინდა. ამ ფეხბურთელს უდიდესი სათამაშო ინტელექტი ეტყობა და ახლა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება მისი კარიერა. ჩემი აზრით, კარგა ხანია, ქართველებს არ გვყოლია ფეხბურთელი - პასის ასეთი თვითმყოფადი კულტურით.

"დინამოს" ძალიან უხდებიან ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ზარია, ნიკა ნინუა...

ამ შეხვედრაში "დინამოს" ერთადერთ საწუხრად უკრაინელი მცველის, ბოგდან მიშჩენკოს ტრავმა თუ დარჩებოდა, ვინც შეხვედრა ვერ დაასრულა. იმ დროისთვის "დინამოს" დამრიგებელ კახა კაჭარავას შეცვლების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა, მაგრამ სანერვიულო არაფერი ყოფილა - თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

"შუქურამ" საამსეზონო ტრადიცია არ დაარღვია და მეორე ტაიმში გაცილებით უარესი იყო, ვიდრე პირველში. გუნდში არსებული უამრავი პრობლემის ფონზე კიდევ უფრო საგანგაშო იყო ქობულეთელთათვის ერთ-ერთი ლიდერის, მეკარე აზამატ ჯიოევის ტრავმა. რომ არა მისი კარგი თამაში, "დინამო" თუნდაც პირველ ტაიმში იმაზე მეტს გაიტანდა, ვიდრე ტაბლოზე ეწერა.

მატჩის სტენოგრამა
2' - არაბულის შესანიშნავი პასის შემდეგ მიქელთაძეს მეკარე ჯიოევმა აუღო. "შუქურა" აშკარა გოლს გადაურჩა.
5' - მიქელთაძე ვერ მოტრიალდა ქობულეთელთა საჯარიმოში, მერე კი პაპუნაშვილი დაეცა მცველთან ბრძოლაში...
12' - არაბული, ვინც მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, უკანასკნელ წამს ჩაჩუამ შეაჩერა.
14' - 1:0! ოთარ კიტეიშვილის დიდებული პასი და პაპუნაშვილი ჯიოევს შანსს არ უტოვებს.
20' - პაპუნაშვილის დარტყმა ოდნავ არაზუსტია.
28' - ლობჟანიძის დარტყმა "შუქურას" მცველმა დაბლოკა. თითქოს, მას ბურთი ხელზე შეეხო...
37' - ჯიოევმა პაპუნაშვილს ურთულესი ბურთი აუღო.
49' - მიშჩენკოს ჩაწოდების შემდეგ დინამოელები აპელირებდნენ, რომ ერთ-ერთ ქობულეთელს ბურთი ხელზე მოხვდა...
50' - კიტეიშვილს ჯიოევმა არ გაატანინა.
54' - 2:0! კუთხურიდან პაპუნაშვილის ჩაწოდებული ბურთი გველესიანმა მოიხელთა და ხარიხას გაარტყა, დამატებაზე კი არაბულმა ის ცარიელ კარში შეაგდო.
60' - მიქელთაძის მიერ ხელსაყრელი სიტუაციიდან დარტყმული ბურთი ზემოდან გადასცდა "შუქურას" კარს.
61' - 3:0! "დინამოს" შესანიშნავი კომბინაცია. პაპუნაშვილმა ლობჟანიძეს ცარიელი კარის წინ მისცა პასი და მასპინძელი სამბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.
64' - სტუმრების იშვიათი მომენტი: არქანიას მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი გველესიანმა დაბლოკა.
72' - 4:0! ჩაკვეტაძის პასის შემდეგ არაბული ეშმაკური დარტყმით დუბლს ასრულებს.
79' - 5:0! ისევ ჩაკვეტაძის შესანიშნავი პასი და ბაჩანა არაბულის ჰეთ-თრიკი.

ეროვნული ლიგა. VII ტური
13.04. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო(თბ)-შუქურა 5:0
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (14. კიტეიშვილის პასით), 2:0 არაბული (54), 3:0 ლობჟანიძე (61. პაპუნაშვილის პასით), 4:0 არაბული (72. ჩაკვეტაძის პასით), 5:0 არაბული (79. ჩაკვეტაძის პასით)
დინამო: ლიტოვჩენკო, მიშჩენკო, გველესიანი, თოთაძე, ლოჩოშვილი, ქარდავა (76. ნინუა), ს. ლობჟანიძე (67. ჩაკვეტაძე), კიტეიშვილი, პაპუნაშვილი (72. ზარია), არაბული, მიქელთაძე.
სათადარიგოები: რევიშვილი, თევზაძე, ხ. კვარაცხელია, სალუქვაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
შუქურა: ჯიოევი (57. სტურუა), ცეცხლაძე, ბ. მახარაძე, ართმელაძე, კუტალია, ჟეფინიო, კლიმიაშვილი, საბაძე (37. მამულაშვილი), გურული (46. არქანია), კლეცკოვი, ჩაჩუა.
სათადარიგოები: ჭანუყვაძე, ჯინჭარაძე, ჭეჭელაშვილი, ჯ. გოგიტიძე
მწვრთნელი: გია გურული
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 6
ბ. არაბული (დინამო თბ) 5
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 5

მომდევნო ტური
21 აპრილი
შუქურა-დილა
ჩიხურა-კოლხეთი

22 აპრილი
სამტრედია-ლოკომოტივი
დინამო (ბთ)-ტორპედო

23 აპრილი
დინამო (თბ)-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვოვას. ერთი - სამი მსაჯი უყურებდა არაბულს მაგ მომენტში. სამი გამეორებაა როგორც შენ აღნიშნე რის გამოც გადამღებ ჯგუფს 10იანი ეკუთვნის, ჰოდა კარგად დააკვირდის სამივეს რა ნაწილით ისწორებს ბურთს არაბული. მესამე ჩემთვის დინამოს და შუქურას წარმატება თანაბრად მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, ამით იმის თქმა მინდა რიმ სუბიექტური არ ვიყავი. მივიღებ ნებისმიერი სახის შენიშვნას რომელიც არგუმენტირებული იქნება და არა უსაფუძვლო.
ირაკლი იმედაძე
13:26 15-04-2017
0
ხელით ჩამოტანილ ბურთზე 3 ივე გამეორების დროს კომენტატორმა რა კარგად ჩამოიტანა მკერდითო :)
vova
20:00 14-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული