"დილას" განსაკუთრებით მოდებაძის დაბრუნება უნდა წაადგეს. ბოლო წლებში ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ტრავმის გამო მას ამ სეზონში არ უთამაშია. გავრისკავთ და დავწერთ - ეს ტრიო თავიდანვე მწყობრში რომ ყოფილიყო, გორელებს მიმდინარე ჩემპიონატში უკეთესი შედეგი ექნებოდათ.
და მაინც, ჩვენი პირველობის სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, ლიდერებისა და აუტსაიდერების გამოყოფა მხოლოდ პირობითად
გორული კლუბის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ჯოხაძეს სხვა საინტერესო თემაზეც ვკითხეთ: ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დღედღეზე უნდა თქვას, შეძლებს თუ არა "დილა" ევროპულ ტურნირებზე თამაშს...
- თავდაპირველად, "დილას" ლაზარეთზე უნდა გკითხოთ. რა მდგომარეობაა ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით?
- სასიხარულოა, რომ ჩვენი გუნდის სამმა ფეხბურთელმა - ირაკლი მოდებაძემ, თენგიზ წიქარიძემ და ჟეან დერეტმა - ბოლო ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა. უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ "შუქურასთან" შეხვედრაში მათი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
კი, ისინი ჯანმრთელად არიან, მაგრამ ტრავმები ახლახან მოიშუშეს, არ გაუვლიათ აღდგენითი პერიოდი და, ამდენად, მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი მათგანია მზად იმისთვის, რომ მოხვდეს 18-კაციან განაცხადში.
ამ ფეხბურთელების გამოჯანმრთელება ჩვენს გუნდს ძალიან წაადგება.
- ქობულეთში, ალბათ, მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ისახავთ...
- ეს არის ჩვენი პროგრამა-მინიმუმიც და მაქსიმუმიც. ჩემპიონატის მატჩი თავისთავად და, მაქსიმალურ გეგმებს ვისახავთ საქართველოს თასზეც. ჩვენი ამოცანაა, როგორც ჩემპიონატში, ისე თასზე, შედეგიანად ვითამაშოთ.
- ითამაშებს თუ არა "დილა" ევროთასებზე იმ შემთხვევაში, თუ ევროტურნირების საგზურს მოიპოვებს? უეფადან პასუხი ხომ არ მოსულა?
- უეფაში დოკუმენტაცია სრულად გადაიგზავნა. ველოდებით პასუხს და დიდი იმედი გვაქვს, რომ "დილა" შეძლებს ჯერ ევროტურნირების საგზურის მიპოვებას, მერე კი იქ ღირსეულად თამაშს.
- დავუშვათ, უარყოფითი პასუხი მოვიდა...
- მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არანაირად არ გამოიწვევს გუნდის დაშლას. ჩვენ "დილაში" მოვედით დიდი გეგმებით და ხანგრძლივი პერსპექტივით. თუ პასუხი იქნება უარყოფითი, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, გადაიხედოს პრიორიტეტები და მეტი ნდობა გამოვუცხადოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, 16-17 წლის ბიჭებს, რომლებიც გაიზრდებიან ჩვენი საკლუბო ფილოსოფიით და ორი-სამი წლის შემდეგ უკვე მზად იქნებიან ევროთასებზე სათამაშოდ.
და მაინც, იმედი გვაქვს, არ დაგვჭირდება კლუბის განვითარების ვექტორის შეცვლა და "დილა" ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსაგან მიიღებს ევროტურნირებზე თამაშის უფლებას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"