დინამო(თბ)-სამტრედია 3:2 - ლამაზი დრამა, რომელსაც მაყურებელი აკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთი შორსაა ევროპულისგან. რა თქმა უნდა, მას მაყურებელი არ სწყალობს და გუშინ "დინამო არენაზე", ჰა-ჰა, 1200-1500 მაყურებელი თუ შეიკრიბა.

რა თქმა უნდა, ჩვენი მოთამაშეების კლასი და მომზადება უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ ჩვენს ჩემპიონატშიც არის ხოლმე გამონათებები. ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ ერთი ასეთთაგანი გამოდგა - თამაში, რომელმაც დაძაბულობით, კარგი და ხარისხიანი ფეხბურთით, ინტრიგითა და მოულოდნელი სიუჟეტით მაყურებელი ბოლო წამამდე დაძაბულობაში ამყოფა.

"სამტრედიამ" გასვლაზე მოგებების რეკორდი დაამყარა, ზედიზედ 6 მატჩი მოიგო, მაგრამ ეს სერია გუშინ შეწყვიტა. პირველი ტაიმი
"დინამოსი" იყო, რომელმაც ორი ბურთი გაიტანა და თითქოს, თამაშის ბედიც გადაწყვიტა.

მაგრამ მეორე ნახევარში სტუმრები მოედანზე აბსოლუტურად განსხვავებული განწყობით გავიდნენ, მაღალი პრესინგით შეავიწროვეს მეტოქე, აქტიურობით, მეტი მოძრაობით უპირატესობას დაეუფლნენ და მომენტებიც მრავლად შექმნეს.

წაგების მიუხედავად, სამტრედიელთა მეკარე ომარ მიგინეიშვილი მშვენივრად გამოიყურებოდა და კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა.

საინტერესო ფაქტია - მცველმა ლაშა თოთაძემ ორი საგოლე პასი ჩაიწერა. ბაჩანა არაბულმა კი ანგარიშიც გახსნა, გამოუყენებელი მომენტებით მწვრთნელი ძალიან გაამწარა, მაგრამ ბოლოს კახა კაჭარავასა და "დინამოს" გულშემატკივრებს უზომო სიხარული მიანიჭა.

ზოგადად კი, ვისი გულშემატკივარიც უნდა ყოფილიყავით, ამ თამაშით ნამდვილად ისიამოვნებდით. ეს არ იყო დაპირისპირება - ნამდვილი ფეხბურთის ფრაგმენტი გახლდათ, რომელსაც ეროვნულ ლიგაში ეპიზოდურად მაინც წააწყდებით.

შეიძლება ამ თამაშსაც ბევრი რამ აკლდა დიდი ფეხბურთისა, მაგრამ ყველაზე მეტად - მაყურებელი, რაც, თავისთავად, შეიძლება წინაპირობა გახდეს ხარისხის მატების.

- გია ცეცაძე: სირცხვილი თბილისელებს, სტადიონზე მოსვლა რომ გეზარებათ...

მატჩის სტენოგრამა
5' - პაპუნაშვილის იდეალური პასის შემდეგ ლობჟანიძეს დარტყმაში ხელი შეუშალეს და კარის წინ არაბულს გადააწოდა. მცველმა მჭედლიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და რეალური საგოლე მომენტი განმუხტა.
11' - ჩაკვეტაძის სუპერპასი! მცველს ბურთი თავზე მილიმეტრებში გადაატარა და მეკარესთან პირისპირ დატოვა პაპუნაშვილი, მაგრამ მიგინეიშვილი კარიდან გამოვიდა და გუნდი იხსნა.
20' - რაჟამაშვილმა ლამაზად "მოჭრა" ბურთი, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოვიდა - ლიტოვჩენკომ საიმედოდ ითამაშა.
26' - მარჯვენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმა თოთაძემ შეასრულა. მოულოდნელად, ბურთი კარისკენ გაუშვა, არაბულმა თავი წაჰკრა და თბილისელები დააწინაურა - 1:0!
37' - ისევ "სტანდარტი" და ისევ გოლი! პაპუნაშვილმა ჯარიმა შეასრულა. სტუმარ მცველებს მეტოქე თავდამსხმელების "ამოკეტვაში" მცველი ლოჩოშვილი დაურჩათ მარტო კარის წინ და ამ უკანასკნელმა სადებიუტო გოლით სხვაობა გაზარდა - 2:0.
53' - გიორგი დათუნაიშვილის ჩაწოდებული ბურთი 5-იოდე მეტრიდან კარში თავით დავით ჩაგელიშვილმა გააგზავნა - რეალური მომენტი, მაგრამ ლიტოვჩენკომ კლასი აჩვენა!
63' - გოლი! რაჟამაშვილმა საჯარიმოში მჭედლიშვილს გადააწოდა, რომელმაც ლიტოვჩენკოს შორეულ კუთხეში გაუტანა - 2:1.
70' - ისევ ჩაკვეტაძის მშვენიერი გადაცემა. თევზაძე საჯარიმოში შედის და მახვილი კუთხიდან ურტყამს - "სამტრედია" მიგინეიშვილმა გადაარჩინა.
72' - ლობჟანიძემ კარის წინ ერთ მეტრში ბურთი ფეხზე დაასვა არაბულს, რომელმაც სასწაულებრივად ააცილა. ურეალურესი მომენტი!
76' - მჭედლიშვილმა შეტევა შეაჩერა და თავადვე წამოიწყო კონტრიერიში, რომლის გაგრძელება იყო ბერიაშვილის პასი დათუნაიშვილს. მეკარესთან პირისპირ დარჩენილი კაპიტანი ანგარიშს ათანაბრებს - 2:2!
80' - რაჟამაშვილის შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა ბელოვი, რომელმაც სტუმართა დასაწინაურებლად რეალური შანსი გაანიავა!
83' - ზარიას დარტყმული მიგინეიშვილმა ცუდად მოიგერია, არაბულის დამატებულზე კი სამტრედიელები მეკარემ გადაარჩინა.
86' - თევზაძემ კარის წინ ბურთი არაბულს დაასვა თავზე - მიგინეიშვილმა სასწაული რეაქცია გამოავლინა და 3 მეტრიდან დარტყმული მოიგერია!
90+2' - ახალაძემ კარის წინ ბერიაშვილი მოძებნა, რომლის დარტყმასაც მცველი გადაეფარა და მასპინძლები გადაარჩინა!
90+3' - დინამოელთა ბოლო შეტევა, თევზაძემ ფლანგიდან თოთაძე ჩართო შეტევაში, რომელმაც ზუსტი გადაცემით კარის წინ არაბული მოძებნა და ამ უკანასკნელმაც გამოზომილი თავურით წერტილი დაუსვა ლამაზ სანახაობას - 3:2!

ეროვნული ლიგა. XIII ტური
21.05. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო(თბ)-სამტრედია 3:2
გოლები: 1:0 არაბული (25. თოთაძის პასით), 2:0 ლოჩოშვილი (37. პაპუნაშვილის პასით), 2:1 მჭედლიშვილი (63. რაჟამაშვილის პასით), 2:2 დათუნაიშვილი (76. ბერიაშვილის პასით), 3:2 არაბული (90+3. თოთაძის პასით)
დინამო თბ: ლიტოვჩენკო - კუცია, გველესიანი, ლოჩოშვილი, თოთაძე - ქარდავა, კიტეიშვილი (75. ზარია) - პაპუნაშვილი (69. თევზაძე), ჩაკვეტაძე (89. ბ. ქავთარაძე), ს. ლობჟანიძე - არაბული.
სათადარიგოები: რევიშვილი, მიშენკო, მესხი, სალუქვაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი (90. კასრაძე), სანდოხაძე, გოგიაშვილი, ახალაძე - მანჯგალაძე, დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი (56. სამუშია), ჯიქია (64. ბელოვი) - ბერიაშვილი.
სათადარიგოები: დაუშვილი, მთივლიშვილი, მარკოზაშვილი, სუხომლინოვი
მწვრთნელი: გია ცეცაძე
გაფრთხილებები: ჯემალ გოგიაშვილი (44), გიორგი კუცია (58), გიორგი მჭედლიშვილი (76)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 8
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 7

მომდევნო ტური
23 მაისი
ლოკომოტივი-კოლხეთი 18:00
დილა-ტორპედო 20:00

24 მაისი
ჩიხურა-დინამო (თბ) 16:00
შუქურა-დინამო (ბთ) 18:00
სამტრედია-საბურთალო 18:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
vova

გივია

საუბარია ჩემპიონატის მატჩებზე და არა ევროპული კლუბების, განასხვავეთ ეს.

ჩიხურას და გორის მატჩებზე თბილისში მაცხოვრებელი გორელები და საჩხერლები იყვნენ უმეტესად და არა "ძირძველი თბილისელები" , ხოლო ვინც იყო მოსული ისევ ევროპული სტატუსის მატჩის გამო.
Guadua
17:04 22-05-2017
0
ბარსელონას თამაშზე მთელი ამიერკავკასია იყო სტადიონძე ფეხბურთის სიყვარულის კულტურას ქართველებს ნამდვილად ვერ დაუწუნებ!
vova
15:38 22-05-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული