დათა სიჭინავა: ჯარიმებზე მუდმივად ვვარჯიშობ

AutoSharing Option
წლევანდელი პირველი ლიგის (იგივე ეროვნული ლიგა 2) გათამაშება საინტერესოდ მიმდინარეობს. ელიტაში გადასვლის პრეტენზია 10-დან 6 გუნდს აქვს. აქ ბევრი საინტერესო მოთამაშეცაა, რომელთა შორის დათა სიჭინავა ერთ-ერთი გამორჩეულია. მეორე ადგილზე მყოფი "რუსთავის" შემტევმა ნახევარმცველმა 15 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირებში მეორე ადგილზეა.

ძნელია, ქართულ ფეხბურთში მეორე მსგავსი მოთამაშე გაიხსენო, რომელიც ჯარიმას პენალტივით ურტყამს. მისი გოლით რუსთაველებმა ლიდერ მარტვილის "მერანს" მოუგეს (1:0) და გასულ უქმეებზე ბოლნისში "სიონის" დამარცხებაშიც (3:1) გოლით შეიტანა წვლილი...

"კაცი-ჯარიმა" "ლელოს" კითხვებს პასუხობს...

- "რუსთავი" კარგ სეზონს
ატარებს. რას ფიქრობთ, დაუბრუნდებით უმაღლეს ლიგას?

- ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. პირველი ლიგა წლეულს დაძაბულია, მოგებას ვერავისთან დაგეგმავ და ამის მიუხედავად, ზედიზედ 9 თამაში მოვიგეთ, მეორე წრეში ქულა არ დაგვიკარგავს. მიხარია, რომ პირადად მეც კარგი სეზონი მაქვს, უკვე 12 გოლი დამიგროვდა. მათგან 7 - ჯარიმიდან გავიტანე, 5 კი - სათამაშო სიტუაციიდან.

- როგორც იტყვიან ხოლმე, ჯარიმას პენალტივით ურტყამთ. ეს ვარჯიშის შედეგია?
- რა თქმა უნდა, შრომის გარეშე ამას ვერ მოვახერხებდი. ბავშვობიდან ძლიერი დარტყმა მქონდა და რაღაც კი გამომდიოდა, მაგრამ ასე - არა. სხვათა შორის, ბავშვობაში დელ პიეროს ფანი ვიყავი და ჯარიმის კარგად შესრულებისა და გატანის სურვილი მისი ყურების შემდეგ გამიჩნდა.

დიდების ფეხბურთში რომ გადავედი, ბაზაზე მიწევდა ცხოვრება. ასე იყო ფოთის "კოლხეთში" ყოფნისას. თავისუფალ დროს მოედანზე შევდიოდი და ვვარჯიშობდი. რამდენჯერმე გოლი რომ გავიტანე, ვარჯიშის სურვილი კიდევ უფრო გამიძლიერდა. ქუთაისის "ტორპედოში" რომ გადავედი, იქაც ბაზაზე ვცხოვრობდი და ვარჯიში იქაც არ შემიწყვეტია. "რუსთავშიც", საშუალება რომ მაქვს, მოედანზე შევდივარ და დარტყმას ვამუშავებ.

რაც მეტს მუშაობ, მით უფრო იხვეწები და უკეთაც გამოგდის. ტრაბახში არ ჩამომართვათ, მაგრამ კარგი პოზიციიდან ჯარიმას რომ ვასრულებ, დარწმუნებული ვარ, რომ გავიტან.

- საინტერესოა, პენალტებსაც ასევე წარმატებით ასრულებთ?
- წელს პენალტი მხოლოდ ერთხელ, "ზუგდიდთან" მატჩში დავარტყი...

- ყველაზე შორი მანძილი, საიდანაც გოლი გაგიტანიათ...
- ფოთის "კოლხეთში" თამაშისას, დაახლოებით, 35 მეტრიდან გამიტანია. მართალია, ეს პირველ ლიგაში მოხდა, მაგრამ გოლი ყველა ლიგაში სასიამოვნოა. ასევე მოხდა "ტორპედოში" თამაშის დროსაც, "საბურთალოს" თბილისში 4:4 ვეთამაშეთ და მაშინაც ძალიან შორიდან გავიტანე.

- განსაკუთრებით კარგად 2015 წლის ერთი მატჩი გვახსოვს, როცა "კოლხეთში" იყავით და "ცხინვალს" ერთ მატჩში შორიდან ჯარიმაც გაუტანეთ და კუთხურიდანაც ჩაუხვიეთ. არადა, ეს კუთხური ბევრს დაავიწყდა...
- ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, თუმცა კუთხურიდან მანამდეც გამიტანია. მერე გაიტანა კლიმიაშვილმა, ახლა კი დოლიძემ კუთხურიდან გატანილი გოლების "პარადი" მოაწყო.

- კუთხურებზეც ვარჯიშობდით?
- არა, უბრალოდ, დარტყმა თუ გამოგდის, კუთხურიდან ჩახვევაც გიადვილდება... თუმცა, ორივე შემთხვევაში გასათვალისწინებელია, ვინ დგას კარში...

- რომელია ყველაზე უხერხული მეკარე?
- გიორგი ლორია და ომარ მიგინეიშვილი. როინ კვასხვაძეც მაწვალებდა, მაგრამ ერთხელ მასაც გავუტანე... მაგრამ ყველაზე მეტად კოკა სეფიაშვილი მამწარებდა, რადგან კარგად მიცნობს და მასთან გატანა მიჭირდა.

ისე, ძალიან მიკვირს, ასეთი მეკარე უგუნდოდ რომ არის. მიმაჩნია, რომ სეფიაშვილი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

- თავად რომ პირველ ლიგაში თამაშობთ, ეს როგორ ავხსნათ?
- სეზონი რომ დაიწყო, გორის "დილაში" გადასვლა შემომთავაზეს, მაგრამ "რუსთავი" გვერდში ისეთ დროს დამიდგა, სეზონის დაწყებისას ვერ მივატოვებდი, არ იქნებოდა სწორი საქციელი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული