შუქურა-საბურთალო 1:2 - თვითონ მოიპოვა, თვითონვე გაიტანა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ დროისთვის არცერთი გუნდი არ არის ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში. ამის გათვალისწინებითაც, დიდი იყო ამ შეხვედრის მნიშვნელობა. თავისთავად, "შუქურას" ქულები ჰაერივით სჭირდება. რაც შეეხება "საბურთალოს", "დინამოსთან" დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს უკანდასახევი გზა აღარ ჰქონდა.

მატჩის პირველი ტაიმი მაინცდამაინც თვალსასეირო ვერ გამოდგა. "ჩელე არენაზე" თამაში ჯერ საერთოდ ჭირს, გუშინ კი ამას ქობულეთური სიცხეც დაემატა. ამან ფეხბურთელებს მნიშვნელოვნად შეუზღუდა მოძრაობის საშუალება...

"შუქურამ" აქტიურად დაიწო მატჩი, მაგრამ დაახლოებით 10 წუთის შემდეგ "საბურთალომ" თამაში დაალაგა. თბილისელები ბურთს მეტოქეზე ხშირად კი ფლობდნენ, მაგრამ
მათ იერიშებს სიმწვავე აკლდა.

უნდა გამოვარჩიოთ ლაშა შინდაგორიძის მომენტი. მან მოწინააღმდეგის საჯარიმოში მეურვეს აჯობა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ვეღარ გაიტანა. მეორე ეპიზოდში კი, რიკოშეტის შემდეგ, "შუქურას" უკრაინელმა ახალწვეულმა მეკარემ, ვლადიმირ მელნიჩენკომ, მართლაც რომ დიდებულად ითამაშა.

ეს იყო და, "შუქურამ" გაიტანა. საგოლე კომბინაცია ლევან კუტალიამ დაიწყო და ეფექტური თავურით მანვე დაამთავრა. აღსანიშნავია, რომ პარტნიორს შესანიშნავი პასით გაუმართა ხელი ლევან საბაძემ. შეხვედრის პირველი ტაიმი ქობულეთელთა მინიმალური უპირატესობით დასრულდა.

დაიწყო მეორე ტაიმი და "საბურთალოს" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ელვინ ტერამ გაუმართლებლად იუხეშა და მსაჯმა მას მეორე გაფრთხილება უჩვენა, რასაც ეგრევე წითელი ბარათი მოჰყვა. პირდაპირ უნდა ვთქვათ - ამ სიტუაციაში ხისტად თამაშის არავითარი აუცილებლობა არ იყო და ტერას მეტი თავშეკავება მართებდა...

თითქოს, "შუქურას" რიცხობრივი უპირატესობით უნდა ესარგებლა, მაგრამ მოხდა პირიქით. "საბურთალომ" ხელთ იგდო თამაშის სადავეები და ანგარიშიც გაათანაბრა. მანამდე იყო ქობულეთელთა არჩათვლილი გოლი, მაგრამ იმ ეპიზოდში არბიტრმა მართებულად განსაჯა.

გოლი კი საბურთალოელთა ნახევარმცველის, ვლადიმერ მამუჩაშვილის შესანიშნავ თავურს მოჰყვა. ის ისე მაღლა "აფრინდა" ჰაერში, ასეთ ნახტომს ბარე ორი ინატრებდა...

"საბურთალოს" გიორგი ხარაიშვილმა მოაგებინა, რომელმაც მისივე წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა ულამაზეს გოლად აქცია.

მატჩის სტენოგრამა
14' - ლაშა შინდაგორიძემ `შუქურას" საჯარიმოში კარგად დაამუშავა ბურთი, მახვილი კუთხიდან დაარტყა კიდეც, მაგრამ ოდნავ არაზუსტად.
20' - ჩაბრაძის ჩაწოდების შემდეგ ლაშა კალანდაძეს ბურთი აეჭრა და ვლადიმირ მელნიჩენკომ "შუქურა" სასწაულებრივი ნახტომით იხსნა.
34' - გოლი! კუტალიას დაწყებული შეტევის შემდეგ ბურთი საბაძეს მიუვიდა. მან ისევ კუტალია მონახა, ვისი თავურიც უნაკლო აღმოჩნდა - 1:0!
40' - გიორგი ხარაიშვილის დარტყმულს მელნიჩენკო ადგილზე დახვდა.
44' - ისევ ხარაიშვილი და ამჯერად საჯარიმო დარტყმა. კვლავ შესანიშნავია მელნიჩენკო.
53' - ტერამ ყვითელი ბარათი მიიღო. ეს მისთვის მეორე გაფრთხილება იყო და "საბურთალო" 10 კაცით დარჩა.
56' - გურულმა უაღრესად ხელსაყრელი მდგომარეობიდან ვერ გაიტანა.
61' - ჟეფინიოს პასის შემდეგ კუტალიას გოლი არბიტრმა ოფსაიდის გამო გააუქმა.
62' - იმნაძემ თავურით ვერ გაიტანა.
64' - გოლი! ვლადიმერ მამუჩაშვილმა შესანიშნავი თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში - 1:1!
71' - ბექა გვარაძის შორეული დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
85' - გოლი! გიორგი ხარაიშვილმა დიდებულად შეასრულა მის მიერვე მოპოვებული საჯარიმო. ბურთი ისე აჭრა, მელნიჩენკომ "შუქურას" გადარჩენა ვეღარ მოახერხა - 1:2!
90' - კუტალია საჯარიმოში წაიქცა და ქობულეთელები 11-მეტრიანს ითხოვენ. არბიტრი თამაშს არ აჩერებს და მალე საფინალოდაც ჩასტვენს...

ეროვნული ლიგა. XVIII ტური
21.06.ქობულეთი. "ჩელე არენა" 
შუქურა-საბურთალო 1:2
გოლები: 1:0 კუტალია (34), 1:1 მამუჩაშვილი (64), 1:2 ხარაიშვილი (85)
შუქურა (4-5-1): მელნიჩენკო - პომაზანი, კალანდაძე, ჩაჩუა, ჯაფარიძე - კახელიშვილი (86. მამულაშვილი), გურული (70. შალამბერიძე), კლიმიაშვილი, ჟეფინიო, საბაძე (46. არქანია) - კუტალია.
სათადარიგოები: სტურუა, ცეცხლაძე, ჭანუყვაძე, მალაზონია
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
საბურთალო (4-4-2): კუპატაძე - ჩაბრაძე (77. მალი), თედ. გრიგალაშვილი, ცნობილაძე, სოფრომაძე - მამუჩაშვილი, ტერა, ბიძინაშვილი (52. არზიანი), ხარაიშვილი - შინდაგორიძე, იმნაძე (62. გვარაძე).
სათადარიგოები: გოშაძე, მარგველაშვილი, ფიფია, არზიანი
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: ტერა (36), კახელიშვილი (56), კუტალია (75), სოფრომაძე (80), ჩაჩუა (84), ჟეფინიო (88)
გაძევება: ტერა (50)
არბიტრი: პ. მაჭარაძე.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10

მომდევნო ტური
21 ივლისი, პარასკევი
დინამო (თბ)-კოლხეთი

22 ივლისი, შაბათი
საბურთალო-ტორპედო
სამტრედია-შუქურა
ჩიხურა-დილა

23 ივლისი, კვირა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული