"საბურთალო": დავით ვოლკოვი, თორნიკე თარხნიშვილი და ბრაზილიელი

AutoSharing Option
რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ "საბურთალომ" შესვენება დაასრულა და ეროვნული ლიგისთვის მზადება განაახლა. გუნდი საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში მხოლოდ 19-წლამდელთა ნაკრების 6 ფეხბურთელი არ იმყოფება.

გუნდში საინტერესო საკადრო სიახლეებია. არახალია, რომ ბელგიის პირველი დივიზიონის "სერკლ ბრიუგეში" იჯარით წავიდა ვაგნერ გონსალვესი, რომელიც ბოლო დროს გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

სამაგიეროდ, "საბურთალოსთან" ერთად პირველად ივარჯიშა 22 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ედუარდო კოუტო სილვამ, რომელიც ჯერ დაკვირვების ქვეშაა.

"ნორჩ დინამოში" დაბრუნდა გოგი ფიფია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იცავდა დედაქალაქელთა ღირსებას.

ბათუმის "დინამოს"
პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და "საბურთალოს" თავდამსხმელმა თემურ ჩოგაძემ კლუბი შეიცვალა და კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ მან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ის ბათუმურ კლუბში იჯარით ითამაშებს.

"საბურთალომ" იქ კიდევ ერთი მოთამაშე გაუშვა - ზურაბ არზიანი, რომელიც თბილისელთა შემადგენლობაში 2017 წლის თებერვლიდან ირიცხებოდა. დედაქალაქელებმა ზღვისპირეთიდან თავადაც დაიმატეს მოთამაშე - თორნიკე თარხნიშვილმა ბათუმის "დინამოსთან" ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ეს ტრანსფერი "საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ დაგვიდასტურა.

მან სხვა სიახლეებიც გაგვანდო - თბილისურ გუნდში ითამაშებენ სერბეთიდან დაბრუნებული დავით ვოლკოვი, ხოლო "შევარდენიდან" დაბრუნებულ მეკარე გიორგი ჩოჩიშვილს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ფიქრობს, სად გააგრძელოს კარიერა.

ამასობაში, "საბურთალომ" საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, ამხანაგური მატჩი გამართა "გაგრასთან" და 4:2 დაამარცხა. თბილისელებმა ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშეს. საწყის წუთებში ორი ბურთი ზემოთ ხსენებულმა ედუარდო კოუტო სილვამ გაიტანა. მან ჯერ თავურით გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ ზუსტად დაარტყა საჯარიმოს სიახლოვიდან.

"გაგრამ" ცოტნე მოსიაშვილისა და ლევან პაპავას გოლებით აღადგინა წონასწორობა, ხოლო შემდეგ ჯერ გიორგი ხარაიშვილმა დააწინაურა "საბურთალო", ბოლო წერტილი კი დავით ვოლკოვმა დასვა - 4:2.

საბურთალო: გოშაძე, ჩაბრაძე, ცნობილაძე, გრიგალაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი, გვარაძე, სილვა, შინდაგორიძე, იმნაძე; II ტაიმი: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, ნადარაია (65. ვოლკოვი), სოფრომაძე, ბიძინაშვილი, სილვა, ხარაიშვილი, გვარაძე, შინდაგორიძე.

მორიგ ამხანაგურ შეხვედრას "საბურთალო" 15 ივლისს გორში, "დილასთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული