ქალაქელები 6 ივლისს შეიკრიბნენ და ადგილზე ემზადებიან ჩემპიონატის განახლებისთვის.
"საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ვებგვერდთან სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
- გათამაშების ცხრილში რა პოზიციაზეც ახლა ვიმყოფებით, თავისუფლად შეიძლებოდა უფრო მაღლა ვყოფილიყავით, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც უფრო უკეთესი შედეგის ჩვენებაში ხელი შეგვიშალა, ტრავმიანობა იყო. თუმცა, რა კონტიგენტითაც გვიწევდა თამაში, ვფიქრობ იმ დროისთვის ნორმალურ შედეგს მივაღწიეთ.
ყოველ მატჩში 4-5 ფეხბურთელს სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჰქონდა
ნიკოლოზ მალიმ და ლუკა ლაკვეხელიანმა უმეტეს მატჩებში კარგად წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები და საიმედოდ გამოიყურებოდნენ. ამით ჩვენ დავინახეთ, რომ "საბურთალოს" ეზრდება თაობა, რომლის იმედიც უნდა გვქონდეს.
- "საბურთალომ" ორი კვირის წინ განაახლა ვარჯიში. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა ორი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ორივეში იმარჯვა. ამ დროისთვის, თამაშის ხარისხი რამდენად მისაღებია?
- ორივე ამხანაგური შეხვედრა ძლიერი სიცხის ფონზე მოგვიწია, ასეთ ვითარებაში ხარისხი იკარგება. ვარჯიშებიდან გამომდინარე თუ ვიტყვი, ოპტიმალური ფორმისგან შორს ვართ. ეს არცაა გასაკვირი და საგანგაშო. ნელ-ნელა ვუმატებთ და ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, ვფიქრობ სასურველ კონდიციებში ვიქნებით.
- გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა "საბურთალომ" შევსებაც მიიღო. რას იტყვით კლუბის ახალწვეულებზე?
- ვაგნერ გონსალვესი, გიორგი ფანცულაია, ზურაბ არზიანი, გოგი ფიფია - ეს არიან ფეხბურთელები, რომლებმაც "საბურთალოში" თავისი საქმე კეთილსინდისიერად გააკეთეს. ზოგს დაუმთავრდა კონტრაქტი, რამდენიმესთან კი ორმხრივი შეთანხმებით მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა.
ამ ფეხბურთელებს გაწეული მუშაობისთვის მადლობას ვუხდი და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.
რაც შეეხება ახალწვეულებს - ჩვენთან ითამაშებს ალბანელი ფორვარდი ნდუენ მუიესი, თორნიკე თარხნიშვილი და დავით ვოლკოვი. ეს უკანასკნელი ამ დროისთვის არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ძალიან მეიმედება და მჯერა ჩვენს მოლოდინს გაამართლებს.
ვფიქრობ, თავდასხმის ხაზში საკმაოდ გავძლიერდით, დანარჩენს კი მოახლოებული მატჩები დაგვანახებს. სელექცია ჯერ არ დასრულებულა - ამ დროისთვის "საბურთალოში" ისინჯება რამდენიმე ფეხბურთელი, მათზე გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ.
- მესამე წრის პირველ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოს" მასპინძლობთ, რომელიც გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა "საბურთალომ" იმერლებთან ორ მატჩში 4 ქულა მოიპოვა. როგორ შეხვედრას ელით?
- "ტორპედო" კარგად დაბალანსებული და ორგანიზებული გუნდია. ჩემპიონატის სტარტი არ გამოუვიდა, თუმცა შემდეგ ეტაპობრივად მოუმატა და ახლა მეორე საფეხურზე იმყოფება. რთული მატჩი გველის, მეტოქე გამოცდილი და ტრადიცული კლუბია.
მესამე წრიდან ბევრად მეტს ველი ჩვენი კლუბისგან, ვიდრე განვლილ ორ წრეში.
გამოჯანმრთელდნენ ფეხბურთელები და ფაქტობრივად ყველა მწყობრშია. ამავდროულად, დავიმატეთ გამოცდილი ფეხბურთელები და გავძლიერდით. გუნდში დიდი კონკურენციაა, არავის არა აქვს გარანტირებული ადგილი - ვინც კონკრეტული მატჩისთვის უკეთ წარმოაჩენს თავს, იმას მიეცემა თამაშის შესაძლებლობა.
- წლეულს, "საბურთალოს" მიზანი რა არის?
- ჩვენი მიზანი და გეგმები უცვლელია - გავზარდოთ ახალგაზრდები, რომლებიც გამოადგებიან თავიანთ ქვეყანას. გვინდა, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ჯერ შინაურ პირველობაზე კარგად წარმოაჩინონ თავი, შემდეგ კი ევროპაშიც გაიტანონ საქართველოსა და "საბურთალოს" სახელი.
ასაკობრივი ნაკრებების საბაზო გუნდი ვართ, ჩვენი ფეხბურთელები სისტემატურად ხვდებიან სხვადასხვა ნაკრებებში, რაც ძალიან სასიამოვნოა.
ეროვნულ ლიგაში გვსურს, რაც შეიძლება მაღალი ადგილები დავიკავოთ, ამის რესურში და შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს. ჩვენი მიზანი წლეულს "საბურთალო"-2-ის ერთით მაღალ ლიგაში დაწინაურებაცაა. ფარმ-კლუბი წარმატებით ასპარეზობს რეგიონალური ლიგის გათამაშებაში და ერთ-ერთი რეალური კანდიდატია ჩემპიონობის.
ასევე, ძალიან გვინდა, რომ წლეულს, როდესაც "საბურთალოს" U-19 ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშებს, ღირსეულად გამოვიდეთ და კარგი იქნება თუ რამდენიმე ეტაპს გავივლით. ამ ტურნირზე 2015 წელს საქართველოდან პირველად ჩვენმა გუნდმა იასპარეზა, სამწუხაროდ ორი თამაშის ჯამში დანიურ გუნდთან დავმარცხდით.
შარშან "დინამოს" მიეცა შესაძლებლობა, მაგრამ მათაც პირველი ეტაპი ვერ გადალახეს. წლეულს, კიდევ ერთხელ გვეძლევა შანსი, რომ ვითამაშოთ ევროტურნირებზე. გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა და იმედი მაქვს ღირსეულად ვითამაშებთ.
მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით