"ლელომ" "ჩიხურას" ერთ-ერთ წამყვან მოთამაშესთან ინტერვიუ ჩაწერა.
ვილაპარაკეთ მის პირველ ჰეთ-თრიკზე, ეროვნულ ლიგაში საჩხერელთა შანსებსა და ზოგადად ქართულ ფეხბურთზე, რომელმაც ბოლო ევროზაფხულზე უმძიმესი განცდები დაგვიტოვა...
- ჰეთ-თრიკი ყოველთვის სასიამოვნოა. "დილასთან" თქვენს კარიერაში პირველად მოახერხეთ ერთ მატჩში 3 გოლის გატანა...
- ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო
- მოულოდნელი ის იყო, რომ, ასე ვთქვათ, სუფთა ფორვარდი არ ხართ, ფლანგიდან უტევთ. ასეთი პოზიციიდან ჰეთ-თრიკი ძნელი შესასრულებელია...
- ასეა, ფლანგიდან ვთამაშობ და გამოკვეთილი თავდამსხმელი არ ვარ. მაგრამ გოლები მაინც გამქონდა. აქამდე, უმაღლესი ლიგის შეხვედრებში ყველაზე მეტი დუბლი მაქვს შესრულებული.
სხვათა შორის, გარდამავალი ჩემპიონატისწინა სეზონში 9 გოლი შევაგდე, ოთხიც თასზე გავიტანე. ასე რომ, გოლი ჩემთვის უცხო არაა.
- რას ფიქრობთ, "ჩიხურას" სამეულისთვის ბრძოლა შეუძლია?
- რა თქმა უნდა, შეუძლია და ვიბრძოლებთ კიდეც. ჩვენი გუნდი ნამდვილად არის იმის ღირსი, რომ მინიმუმ, სამეულში აუცილებლად იყოს. საამისოდ, ამბიციაც გვაქვს და პოტენციალიც. იმედია, ჩვენს გულშემატკივარს ისევ გავახარებთ.
- კარგი, მოხვდით სამეულში, გახვედით ევროპალიგაზე, მერე?
- ამისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ?!
- სხვა რამეს გეკითხებით: შეიძლება, რომ ისე გაძლიერდეს თქვენი ან რომელიმე ქართული გუნდი, რომ ევროპაში წლევანდელივით არ შევრცხვეთ? სხვაგვარად, აქაურ მედლებს ფასი ეკარგება...
- გეთანხმებით, რომ წელს ქართულ გუნდებს დიდი ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტი არ შეგვიძლია და ხელი უნდა ჩავიქნიოთ.
- ეს ხომ სწორედ იმაზე მეტყველებდა, რომ ამჟამად ჩვენი საკლუბო ფეხბურთი კატასტროფულ მდგომარეობაშია?!
- მესმის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ყურები ჩამოვყაროთ, ბედს შევურიგდეთ და უიმედოდ ვიყოთ. უნდა მოვძლიერდეთ და ჩვენი მაქსიმუმი ვაჩვენოთ. ყველა გუნდს აქვს თავისი ძლიერი მხარე, რაც უნდა დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ და უკეთეს შედეგს მივაღწიოთ.
წლევანდელი შედეგები ქართული ფეხბურთის მდგომარეობას კი ასახავს, მაგრამ არა - ჩვენს რეალურ შესაძლებლობებს. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ბევრად მეტი შეგვიძლია.
- წლევანდელი გათამაშების შედეგებით უეფას რეიტინგში 55 ქვეყანას შორის 51-ე ადგილზე ვართ. რა პერსპექტივას ხედავთ?
- რა თქმა უნდა, არასასიამოვნო და გულდასაწყვეტი ამბავია და არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ქართველი ფეხბურთელისა და გულშემატკივრისთვის. დამერწმუნეთ, ძალიან რთულია ჩვენთვის იმის გააზრება, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, პირველივე ეტაპზე ყველა გუნდი გამოვარდა და ქომაგებს იმედები გავუცრუეთ.
იმედია, დიდი მონდომებით მომდევნო წელს მაინც გაგვიმართლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"