მას ამის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა - დამატებულ ბოლოსწინა წუთზე მის თვალწინ სტუმრებმა, დიდი ალბათობით, წესების დარღვევით დაატოვებინეს ბურთი
აღნიშნული ეპიზოდი ლაინსმენის სიახლოვეს მოხდა და არც არბიტრი გახლდათ მოშორებით. მათი რეაქციის შემხედვარე კი გვგონია, რომ მცველის დაცემის მიზეზი საერთოდ ვერ შენიშნეს, თორემ არა გვგონია, ზედ ბოლო წამებზე თავი სახლაფორთოდ გაეხადათ.
არადა, ეს არ ყოფილა შეხვედრაში ერთადერთი კითხვითი ნიშანი მსაჯების მიმართ, თუმცა ისიც აშკარა იყო, რომ "სილაგავა და კომპანია" ერთ მხარეს არ "გარჯილან" და შესაბამისად, არც ვინმეს მხარი დაუჭერიათ, თუმცა რამდენიმე უხეში შეცდომა რომ მოუვიდათ, ფაქტია.
საბოლოოდ, უფრო დაზარალებული მასპინძლები კი გამოვიდნენ, თუმცა მანამდე პრეტენზია ორჯერ ბოლნისელებსაც ჰქონდათ და არცთუ უსაფუძვლოდ: ტაიმის შუაში საკუთარ საჯარიმოში მეკარემ და მცველებმა შეუთანხმებლად ითამაშეს. ბურთზე დაგეშილი სტუმართა ფორვარდი, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ საჯარიმოში "დაუხმარებლად" დაეცა, იქვე ხიფათი გაგრძელდა და მართალია, მახვილი კუთხიდან, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ჭედიამ ხარიხა შეაზანზარა.
ამას "სიონის" პროტესტი მოჰყვა - ისინი პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა გაგრძელებული თამაშის "საპენალტოდ შემობრუნებაზე" უარი თქვა.
გაცილებით აშკარად მოჩანდა ეპიზოდი, როცა საკუთარი მეკარის ბაქანთან მიჩიხულმა ბათუმელთა მცველმა შოთა მამინაშვილს ბურთი მიუგორა, სავარაუდოდ, ფეხით გადასაგდებად, თუმცა მეკარემ მრგვალი საგანი ხელში დააფიქსირა.
მთავარმა მსაჯმა ჩათვალა, რომ ეს არ იყო პასის გაკეთება და მეკარემ "აჭრილი" ბურთი დაიჭირა.
ამ ეპიზოდებში თუ სიტუაცია სადავოს წააგავდა, ერთხელად გამოცდილმა არბიტრმა ისეთი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, გამართლებას ვერანაირად მოუძებნის - ეს მეორე ტაიმში მოხდა: 53-ე წუთზე მოედანზე ერთ-ერთი ბოლნისელი დაეცა. მსაჯს დარღვევა არ დაუფიქსირებია. თანაგუნდელებმა ბურთი აუტზე გადააგდეს, ლაშა სილაგავამ კი დამნაშავედ თორნიკე ბერიძე სცნო და მეტოქეზე უხეშობისთვის გააფრთხილა. თამაში კი აუტიდან მასპინძლებმა განაგრძეს!
ახლა მატჩის შესახებაც გეტყვით ორიოდ სიტყვას:
თავიდანვე ნათელი იყო, რომ აუტსაიდერთა პაექრობა დაძაბული და საინტერესო იქნებოდა. ამ მატჩამდე აჭარლები ქვემოქართლელებს ქულით უსწრებდნენ და ესეც დამატებით ინტრიგას მატებდა შეხვედრას.
პირველი ხიფათი მასპინძლებმა შექმნეს, როცა მე-11 წუთზე, თამაშგარეს შექმნისას, სტუმარი მცველი ჩარჩა და მეკარესთან ერთი-ერთზე შეყრილმა ალექსანდრე ტიმჩიშინმა ხარიხას გადააცილა.
ამის შემდეგ იყო ის ორი ეპიზოდი, სტუმართა პროტესტი რომ გამოიწვია და ასევე, ბოლნისელი გიორგი ქუცურუას სახიფათოდ დარტყმული, რომელიც მეკარემ არცთუ დამაჯერებლად მოიგერია.
პირველ ტაიმშივე მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ორი მასპინძელი თავებით შეეჯახა, რის შედეგადაც ნიკა ხუხია შესაცვლელი გახდა, ხოლო ბორის მახარაძემ თავშეხვეულმა ჩაასრულა შეხვედრა.
52-ე წუთზე მასპინძლები ხარიხამ მეორეჯერ გადაარჩინა - ამჯერად ვლადიმერ ჯოჯუა გაიყვანეს დასარტყმელ პოზიციაზე და სტუმართა შუახაზელმა კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.
ამის შემდეგ მასპინძლებს სამი ხიფათი შეექმნათ, სამივეჯერ სტანდარტული მდგომარეობისას - ჯერ მეკარის ბაქანზე ჩაკიდეს ბურთი და კარიდან გამოსულ მინდია ბობღიაშვილს მცველი შეეჯახა. "სიონი" კარის დარაჯს რომ არ ემარჯვა, მასპინძელ ფორვარდებს დაუცველ კარში გატანა არ გაუჭირდებოდათ.
დანარჩენ ორ ეპიზოდშიც ბობღიაშვილი საიმედოდ გაისარჯა, როცა ჯარიმიდან დარტყმული ორჯერვე ხელებში გააქვავა.
მატჩის კულმინაციურ მომენტამდე ჩინებული შანსი მეტად აქტიურ რეზო ჯიქიას მიეცა, როცა მეკარის ბაქნის სიახლოვეს ორ მცველს აჯობა, მაგრამ იმდენად ახლოს აღმოჩნდა კარის ძელთან, რომ მამინაშვილს ვეღარ ააცილა, თუმცა მეკარის გონივრული მოქმედებაც აღსანიშნავია.
...ჯერ კიდევ გოლის დაფიქსირებისას მიცვივდნენ ბათუმელები არბიტრსა და ლაინსმენს, თუმცა ეს რომ შედეგს არ გამოიღებდა, ფაქტია. მატჩის ორგანიზატორთა და მასპინძელი მწვრთნელ-ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "თემიდელებმა" გასახდელს მშვიდობიანად მიაღწიეს.
P.S. ნამატჩევს მასპინძელი გუნდის წარმომადგენლებმა ფირი დაატრიალეს, სადაც ჩანს, რომ მასპინძელ მცველს წაქცევაში "დაეხმარნენ".
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
31.10.2012. ქობულეთი. ჩელე-არენა. 600 მაყურებელი
დინამო (ბთ)-სიონი 0:1
გოლი: 0:1 ფეიქრიშვილი (90+2)
დინამო (ბთ) სიონი
4-4-1-1 4-1-4-1
მამინაშვილი ბობღიაშვილი
ი. კვეკვესკირი ორბელაძე
ხუხია სვანიძე
ზ. ლობჟანიძე მაჭავარიანი
თოთაძე ჩიკვილაძე
ტიმჩიშინი ჯოჯუა
ვ. თევდორაძე ჭედია
ვარშანიძე ოქროპირიძე
ბ. მახარაძე ქუცურუა
ბერიძე თარხნიშვილი
ბაციკაძე ჯიქია
მწვრთნელები:
გ. გურული ა. ჯელაძე
დინამო (ბთ)
41. ხუხია - ქორიძე
64. ბაციკაძე - ჯორბენაძე
84. თევდორაძე - ცნობილაძე
სათადარიგოები: პიცანი, დიასამიძე, ნასუაშვილი, ზოიძე
სიონი
56. თარხნიშვილი - ფეიქრიშვილი
67. ქუცურუა - ჭანკოტაძე
76. ოქროპირიძე - მანწკავა
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ნემსაძე, უგრეხელიძე, ხურციძე
გაფრთხილება: ჯიქია (3), კვეკვესკირი (16), ბერიძე (53), სვანიძე (60).
არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"