კოლხეთი-მეტალურგი 2:3 - ფოთში დამარცხებულებს ასამართლებენ

AutoSharing Option
თავიდანვე გეტყვით, რომ მატჩი მცველების მიუტევებელი შეცდომებითა და მსაჯებისადმი ხშირი პრეტენზიებით გამოირჩა.

თუ ორივე გუნდის უკანახაზელების შეცდომები თვალნათელი იყო, გადაჭრით ვერ იტყვი, რამდენად სწორად მოიქცა ლაშა სილაგავა, როცა ჯერ კოლხების მოთხოვნას წაუყრუა, ხოლო შემდეგ ანალოგიურად ყური არც რუსთაველთა პროტესტს უგდო.

ორივეჯერ გუნდები ხელით თამაშისთვის ითხოვდნენ 11-მეტრიანს და ორივე შემთხვევაში, როცა ანგარიში 1:1 გახლდათ.

ამ სეზონში კი ისეთ შეხვედრებს დაჩვეულები ვართ, როცა "კოლხეთი" მეტოქეს თითქოს ტოლს არ უდებს, მაგრამ დაცვაში დაშვებული შეცდომების გამოა, აქამდე რომ ერთხელაც ვერ მოუგია. თუმცა შეცდომა, რომელიც
კოლხმა მცველებმა პირველი გოლისას დაუშვეს, აშკარად "გამორჩეული" იყო - მეკარის ბაქნის სიახლოვეს, უწყინარ სიტუაციაში ფოთელთა უკანახაზელებმა ერთმანეთს შეუშალეს ხელი, მოგერიებისას ერთმა მეორეს გაარტყა და ცარიელ კართან მარტოდ დარჩენილ ირაკლი სიხარულიძეს გატანა აღარ გასჭირვებია, 0:1.

მალევე მეტალურგთა ფორვარდს მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო, მაგრამ ლევან ბუბუტეიშვილთან პირისპირ შეყრილმა მეკარეს ვეღარ აჯობდა.

გაშვებულ გოლამდე კი შანსი მასპინძლებსაც ჰქონდათ - შალვა კვანტალიანს ჯერ ზურაბ ბათიაშვილმა აუღო, ხოლო შემდეგ გიორგი კრასოვსკის ჩინებული გადაცემა ვერ შეირგო - თავური, შორეული კუთხის ნაცვლად, კარის გასწვრივ წავიდა. მახვილი კუთხიდან პასის ავტორი ამატებდა, მაგრამ მანაც კარში ვერ მოარტყა.

მასპინძლებმა გათანაბრება პირველ ტაიმში მაინც მოახერხეს. კოლხი მცველების "საჩუქარს" ექს-კოლხმა ალექსანდრე ინწკირველმა "უპასუხა" - საკუთარი საჯარიმოს მოშორებით, მარჯვენა ფლანგზე ბურთის ამოტანაში ხელი მეტოქეებმა შეუშალეს, გამოცდილმა მცველმა კი ბურთის ცენტრალურ ზონაში გადატანა სცადა, რომელიც ქარმა აჭრა და მოულოდნელად ასევე ექს-კოლხი ბათიაშვილის უკან ჩაეშვა.

მეკარემ, მეტად სახიფათო თავისუფალი დარტყმის რისკის მიუხედავად (რადგან პასი გამიზნული იყო), ბურთის ნახტომში მოგერიება კი სცადა, მაგრამ მხოლოდ ხელის შეხება მოახერხა, 1:1.

ამან კოლხებს სტიმული მისცა. ისინი გოლიდან ხუთიოდ წუთში ითხოვდნენ პენალტს, ხოლო ერთხელ შეტევის უკეთ დასრულებაც შეეძლოთ.

მათ წინ გასვლა 57-ე წუთზე მაინც მოახერხეს, როცა მეტოქის საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლეს, რასაც სტუმართა დაცვის შეცდომა მოჰყვა და აშკარა საგოლე სიტუაციაში დარჩენილ პაატა დათუნაიშვილს ხელი ვეღარავინ შეუშალა, 2:1.

ამას ხუთიოდ წუთში უკვე კოლხი მცველების შეცდომა მოჰყვა, როცა რუსთაველთა შეტევას ვეღარ გაუმკლავდნენ და სიხარულიძესაც დუბლის შესრულების შანსი მისცეს, 2:2.

მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაცილებით ძლიერ მეტოქეს გახსნილი ფეხბურთი შესთავაზეს - აშკარა იყო, ვისაც გაუმართლებდა, ის მოიგებდა.

უფრო მწვავე კოლხთა შეტევები იყო, მაგრამ იღბალი სტუმრების მხარეს აღმოჩნდა, თუმცა მათ 3 ქულას მხოლოდ ფორტუნასა და მონდომებას ვერ დავაბრალებთ: სოსო ფილიას გაწვრთნილი გუნდები მუდამ გამოირჩევიან სათამაშო დისციპლინით, მაგრამ რატომღაც, "კოლხეთმა" დაცვა ზედმეტად მოიშიშვლა, რაც გუნდს ძვირად დაუჯდა - 76-ე წუთზე, დიმიტრი ტატანაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა, 2:3.

ამის შემდეგ მასპინძლებმა კი გაიბრძოლეს, მაგრამ გიორგი კრასოვსკის ორ სახიფათო დარტყმას თუ არ ჩავთვლით, მოედანზე საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

P.S. მატჩის მიმდინარეობისას და მის შემდეგაც ტრიბუნიდან, მსაჯების გარდა, პრეტენზიები მასპინძელი მოთამაშეების მიმართაც გაისმოდა, რაზეც რეაქცია მობურთალებსაც ჰქონდათ. თუმცა საბოლოოდ სიტუაცია აღარ გამწვავებულა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVII ტური
28.11.2012. ფოთი. ფაზისი. 500 მაყურებელი
კოლხეთი-მეტალურგი 2:3
გოლები: 0:1 სიხარულიძე (25), 1:1 ინწკირველი (33. საკუთარ კარში); 2:1 პ. დათუნაიშვილი (57), 2:2 სიხარულიძე (62), ტატანაშვილი (76)

კოლხეთი მეტალურგი
4-1-3-1-1 4-4-2
ბუბუტეიშვილი ბათიაშვილი
გ. კილასონია ჯაფარიძე
ტყეშელაშვილი გავაშელიშვილი
ფარულავა ინწკირველი
გაბუნია სუხიაშვილი
გოგონაია გ. მიქაბერიძე
ქებაძე დობროვოლსკი
კობერიძე ი. მაისურაძე
პავლიაშვილი ხაბელაშვილი
კრასოვსკი სიხარულიძე
კვანტალიანი ტატანაშვილი

მწვრთნელები:
ს. ფილია გ. ყიფიანი

კოლხეთი
46. ქებაძე - პ. დათუნაიშვილი
80. კობერიძე - ქორჩილავა
87. პავლიაშვილი - მოსიაშვილი
სათადარიგოები: ხარშილაძე, ცხვიტარია, ზ. ჩხეტიანი, ბუხაიძე

მეტალურგი
55. ხაბელაშვილი - თექთურმანიძე
69. მიქაბერიძე - რაზმაძე
86. ტატანაშვილი - ქავთარაძე
სათადარიგოები: ჰოსმანი, მახვილაძე, ჯანელიძე, ხიდეშელი

არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული