ზესტაფონი-დინამო 2:1 - კაჭარავას ხეზე ასვლა არ უსწავლებია [VIDEO]

AutoSharing Option
"ზესტაფონისა" და "დინამოს" დაპირისპირებები ბოლო წლებში ქართული ფეხბურთის მშვენებად ითვლებოდა.

მართალია, დღესდღეობით ეს გუნდები სატურნირო ცხრილში ერთმანეთთან საკმაოდ არიან დაცილებულნი, თუმცა მოქმედი ჩემპიონისა და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის დუელი ქართული ფეხბურთის მოყვარულებში კვლავაც დიდ ინტერესს იწვევს.

23 დეკემბერს გამართულ შეხვედრას დამატებით ინტრიგას მწვრთნელის ფაქტორი სძენდა. მოგეხსენებათ, ახლახან "ზესტაფონის" მწვრთნელ-კონსულტანტად კახა კაჭარავა დაინიშნა, რომელიც "დინამოს" წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

კაჭარავას ხელში ზემოიმერლებმა მანამდე ორი შეხვედრა მოიგეს და ლიდერებთან მატჩსაც შესანიშნავ განწყობაზე ხვდებოდნენ.

22-ე ტურის შეხვედრა მიმდინარე ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა. ემოციებით დატვირთულ და
სანახაობრივ თამაშში ზესტაფონელებმა კარგა ხანს დაუმარცხებელ "დინამოს" მნიშვნელოვანი 3 ქულა აართვეს და ზამთრის არდადეგებზე კარგ ხასიათზე გავიდნენ.

Sportall.Geორივე გუნდის თავკაცმა შემადგენლობაში მცირეოდენი კორექტივები შეიტანა. მასპინძლებს პატრიკ მილხრაუმი და მამუკა კობახიძე აკლდათ, რომელთა არყოფნაშიც ძირითადში თორნიკე გრიგალაშვილი და იგორ იელიჩი გამოჩნდნენ. პოზიციები ჰქონდათ შეცვლილი თორნიკე აფციაურსა და თეიმურაზ ღონღაძეს, "დინამოსთან" მატჩში ორივე მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა.

დინამოელთა მთავარი დანაკლისი ექსზესტაფონელი ჯაბა დვალი გახლდათ, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და "დინამოსთვის" მნიშვნელოვანი ძალაა, მაგრამ კლუბებს შორის შეთანხმების მიხედვით, მას იანვრამდე არ აქვს "ზესტაფონის" წინააღმდეგ თამაშის უფლება. მის ნაცვლად ზესტაფონელთა წინააღმდეგ დავით ხოჭოლავამ ითამაშა.

შეხვედრამ მოლოდინი სავსებით გაამართლა, მოედანზე საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი ფეხბურთი გაჩაღდა. თამაში ორივე გუნდმა საკმაოდ აქტიურად დაიწყო. ჩისკოს სახიფათო საჯარიმო დარტყმას მასპინძლებმა შოთა ბაბუნაშვილის შეტევით უპასუხეს.

თანდათან მასპინძლების უპირატესობა გამოიკვეთა და მალე ბაბუნაშვილმა პატარა შედევრიც "გამოაცხო": შოთამ ალექსი ბენაშვილისგან მიიღო გადაცემა, მეკარესთან პირისპირ გასულმა კიპერი კი მოატყუა, მაგრამ კარში დარტყმა დააგვიანა და გულშემატკივრებიც ანერვიულდნენ; თუმცა ბაბუნაშვილი არ დაბნეულა, ფინტების კასკადი გააგრძელა, ოთარ ხიზანეიშვილი და გიორგი ლორია კიდევ ერთხელ გააცურა და შესანიშნავი გოლიც გაიტანა.

ამ ეპიზოდს "დინამოს" ფანების განრისხება მოჰყვა. აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, სადაც ისინი იყვნენ განთავსებული, ვითარება დაიძაბა. თბილისელ და ზესტაფონელ ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა. საქმეში პოლიცია ჩაერია და აგრესიულ გულშემატკივრებს სტადიონის ტერიტორია დაატოვებინა.

გოლის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა გაგრძელდა, თანაგუნდელებმა ბოტი გოა ზედიზედ სამჯერ გაიყვანეს ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ კოტდივუარელმა ლეგიონერმა მიზანი ვერა და ვერ გაისწორა.

ზესტაფონელები ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ თბილისელები, როცა შანსი მიეცემოდათ, ძალიან სახიფათოდ ასრულებდნენ "სტანდარტულებს". ოთარ ხიზანეიშვილის დაბალი ტრაექტორიით დარტყმული საჯარიმო როინ კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია, თუმცა მოგვიანებით ალვარომ საჯარიმოს ხაზიდან "სტანდარტული" ოსტატურად შეასრულა. კვასხვაძემ ბურთს ხელი კი წაჰკრა, მაგრამ საკუთარი გუნდი გოლისგან ვეღარ იხსნა.

ტაიმის ბოლომდე გუნდებმა თითო-თითო მომენტი გაცვალეს. ჯერ ზესტაფონელ ბოტი გოას ჰქონდა გოლის გატანის რეალური შანსი, მაგრამ კვლავ უხეიროდ გაისარჯა. თბილისელთაგან კი გველესიანმა იაქტიურა, თუმცა ჩისკოს კუთხურის შემდეგ მას კვასხვაძემ არ მისცა გატანის საშუალება.

მეორე ტაიმის დებიუტში, ბოტი გოას აქტიურობის შემდეგ, თემურ ღონღაძეს შეეძლო "ზესტაფონის" დაწინაურება. მას ხელს არავინ უშლიდა, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან პირდაპირ ლორიას დაუმიზნა.

ამის შემდეგ უპირატესობა თბილისელთა ხელში გადავიდა. დინამოელები ბურთს აკონტროლებდნენ და მწვავედაც უტევდნენ. განსაკუთრებით სახიფათო ჩისკოს საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც კვასხვაძემ აკრობატულ ნახტომში მოიგერია.

მასპინძლები მალევე გამოერკვნენ და ზედიზედ სამი სახიფათო შეტევა განახორციელეს. ძალზედ აქტიური ბენაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ბურთს კარის წინ მარტოდ დარჩენილი რატი წინამძღვრიშვილი ვერ შეწვდა.

შემდეგ იელიჩის ძლიერი დარტყმისას გადარჩნენ დინამოელები, თუმცა ზესტაფონელებმა მესამე ცდაზე მაინც იხეირეს: ბენაშვილმა ბურთზე ბოლომდე იბრძოლა და მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ღონღაძემ დაასწრო და ვარდნაში მასპინძლები დააწინაურა.

დუშან უჰრინის შეგირდებმა მარცხის საფრთხე იგრძნეს და შეტევები გაამწვავეს. გიორგი რეხვიაშვილის დარტყმას წინ მცველი გადაეღობა, ჩისკოს "მზაკვრული გასროლა" კი კვასხვაძემ მოიგერია.

სხვა რეალური საგოლე შანსი დინამოელებს არ მისცემიათ. ეგ კი არა, ზესტაფონელებს ვა-ბანკზე წასული სტუმრების დასჯა მართებდათ, მაგრამ იელიჩმა და წინამძღვრიშვილმა თავიანთი შანსები ვერ გამოიყენეს.

VideoSportall.Ge
ზესტაფონი - დინამო 2:1


მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი (დინამო):
"ძალიან კარგი მატჩი იყო. აქტიურად დავიწყეთ და ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ შეცდომები დავუშვით და დავმარცხდით. წაგების მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, პირველი ადგილი შევინარჩუნეთ და ზამთრის ჩემპიონები გავხდით".

კახა კაჭარავა (ზესტაფონი):
"რთული მატჩი გამოვიდა. "დინამო" ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. დღესაც შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ფეხბურთი გამართლებაა და ამ შეხვედრაში ჩვენ გაგვიმართლა. მომენტები ორივე მხარეს მრავლად იყო. მატჩი ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, რომ ორივე გუნდს თანაბრად ჰქონდა წარმატების შანსი, თუმცა ღმერთი დღეს ჩვენს მხარეს იყო".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური. სხვა მატჩები
მერანი-დილა 2:3 - ის, რაც ასე ენატრება ქართველ ქომაგს [VIDEO]
ტორპედო-სიონი 4:1 - სანახაობა სირიელი არბიტრის თანხლებით [VIDEO]
მეტალურგი-ზუგდიდი 5:1 - უემოციო სპარინგი რუსთავში [VIDEO]
კოლხეთი 1913-ვიტ ჯორჯია 1:1 - ფოთელებმა პირველი ეტაპი მოგების გარეშე დაასრულეს
დინამო (ბთ)-ჩიხურა 0:2 - საჩხერელთა მეცამეტე გამარჯვება სეზონში

სატურნირო ცხრილი

Sportall.Ge

ბომბარდირები:
ჩისკო (დინამო თბ) 17
დვალი (დინამო თბ) 16
ს. ლომია (მერანი) 12
ალვარო (დინამო თბ) 11
ნ. საბანაძე (ტორპედო) 10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული