ფრიდონ ინჯია: ბატონო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტო, გაგვეცით პასუხი!

AutoSharing Option
ქართულ ფეხბურთში მდგომარეობა რომ დღითიდღე უარესდება, არახალი ფაქტია. გარიგებული მატჩების სიმრავლეს ბოლო არ უჩანს. ამას ემატება კერძო გუნდების მეპატრონეების ინტერესების სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფა, რაც, რასაკვირველია, უარყოფით დაღს ასვამს ჩვენს ფეხბურთს და ფაქტობრივად, ჩიხში აქცევს მას.

სწორედ ამგვარი დამოკიდებულებითაა გამოწვეული გუნდების პრეზიდენტების გულისწყრომა და აჯანყება. წარმოიდგინეთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფეხბურთიდან გურამ რუხაძის ("ვიტ ჯორჯია"), ლევან ფხაკაძის ("ტორპედო"), ილია კოკაიას ("ზესტაფონი"), ბესიკ ჩიხრაძისა ("გაგრა") და ფრიდონ ინჯიას ("მერანი") წასვლას.

ალბათ, მოვიდა დრო, რომ ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები აღარ
გაიმეოროს და მოუსმინოს იმ ადამიანებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის გადასარჩენად საკუთარ ფულს ხარჯავენ.

საბიუჯეტო გუნდების არსებობა რომ მანკიერებაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ზოგადად, ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი მთავრობის პოზიცია ცნობილია. სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი მიიჩნევს, რომ სპორტის განვითარებისთვის სასურველი არ არის კლუბების დოტაცია, რადგან სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციებში ეს არ შედის, თუმცა...

არაერთხელ თქმულა, რომ ამგვარი გადაწყვეტილებებით ბაზარზე არათანაბარი კონკურენცია იქმნებოდა და თავისთავად უსამართლობის ელემენტებს შეიცავდა. კერძო კლუბები, საბიუჯეტო კლუბებისაგან განსხვავებით, ყოველთვის დაჩაგრულები გამოდიოდნენ.

ვთქვათ ისიც, რომ ჩვენ არ ვართ იტალიისა და ინგლისის, ან თუნდაც რუსეთის დონეზე, რომ გუნდებმა დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეძლონ.

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პრობლემა მოგვარდეს და როგორ ესახება ქართული ფეხბურთის განვითარება, მარტვილის "მერანის" პრეზიდენტი ფრიდონ ინჯია გვესაუბრება:

- უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო ქართული ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ობიექტურ თუ არაობიექტურ მიზეზთა გამო ბოლო დროს ძალიან დამძიმდა. ფაქტობრივად, ფეხბურთი უპატრონოდ დარჩა.

7 წელიწადია, ფეხბურთის სიყვარულის გამო აქტიურად ჩავები ამ საქმეში. ყველაფერი ნულიდან დავიწყე. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარტვილის "მერანმა " უდიდესი ნახტომი გააკეთა და უკვე წლებია, ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი უმაღლეს ლიგაში.

როგორც ცნობილია, ფეხბურთის განვითარებას კოლოსალური თანხა სჭირდება. არც ისე ადვილია გუნდის გაწვრთნა, ორგანიზაციული და სხვა პრობლემატური საკითხების მოგვარება. საფეხბურთო ცხოვრებაში ჩემი ჩართულობის პერიოდში უამრავი კითხვა გამიჩნდა, პასუხი კი ჯერაც არ მიმიღია.

ეს კითხვები, ვფიქრობ, ჩემთან ერთად ბევრ ჩემს კოლეგას, ფეხბურთის სპეციალისტს, მოყვარულებს, ვეტერანებს დააინტერესებს, რომელთაც ხელისუფლების ცვლილებამ იმედები გაუჩინა.

ყველას გვახსოვს, წლების განმავლობაში რა განუკითხაობა სუფევდა ფედერაციაში. ფაქტობრივად, ის სახელმწიფო პოლიტიკის სპორტულ მექანიზმს წარმოადგენდა. სხვათა შორის, ამ მხრივ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. დღეს სახელმწიფოს დამოკიდებულება ნათელი და გასაგებია: მას სურს, ფეხბურთმა ძველი დიდება დაიბრუნოს.

- კონკრეტულად რა კითხვები გაქვთ და რატომ არ არის ბიზნესმენისთვის ფეხბურთში ფულის ჩადება მიმზიდველი?
- საკითხები, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებ, სახელმწიფო საიდუმლოებას არ უნდა წარმოადგენდეს. ამიტომაც ვითხოვ ადეკვატურ პასუხებს.

1. რა რაოდენობის დაფინანსება მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ უეფადან, ფიფადან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან?
2. რაში იხარჯებოდა გადმორიცხული თანხები წლების განმავლობაში (ეს ინფორმაცია საფინანსო აუდიტს უკვე მრავალჯერ დადასტურებული უნდა ჰქონდეს და უპრიანი იქნება, რომ გასაჯაროვდეს)?

რაც შეეხება საფეხბურთო გუნდების დაფინანსების საკითხს, დღესდღეობით საქართველოს უმაღლეს ლიგაში 6 კერძო გუნდია, რომელსაც კერძო კომპანიები ან ფიზიკური პირები აფინანსებენ; დანარჩენი 6 გუნდი კი მუნიციპალურია, ანუ მათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აფინანსებენ. ეს ის თანხებია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან გროვდება, მათ შორის, იმ კერძო კომპანიებისა და ფიზიკური პირების შენატანებისაგან, რომლებიც ინახავენ ზემოხსენებულ 6 კერძო გუნდს.

გამოდის, რომ ერთი და იგივე კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები ინახავენ როგორც თავიანთ კერძო, ისე მეტოქე სახელმწიფო კლუბებს. აშკარაა სრული ქართული აბსურდი, რომ აღარაფერი ვთქვათ ინტერესთა კონფლიქტზე.

ჩნდება კითხვა: რა დაინტერესება უნდა ჰქონდეს მეწარმეს, დააფინანსოს როგორც საკუთარი, ისე თავისი მეტოქის გუნდი? ბუნებრივია, არანაირი. რეალურად, ამ საკითხს ფეხბურთის ფედერაცია სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად უნდა წყვეტდეს.

- მაინც რამდენი შეგაქვთ ბიუჯეტში?
- საწარმოთა ჯგუფმა, რომელსაც მეც წარმოვადგენ, მხოლოდ 2012 წელს, სხვადასხვა გადასახადის სახით, შეიძლება ითქვას, ზემოხსენებული სახელმწიფო გუნდების დასაფინანსებლად ბიუჯეტში 4 424 059 ლარი (მოგების, საშემოსავლო და სხვა კანონით გათვალისწინებული გადასახადები) გადავიხადეთ. ამის გარდა, 2006 წლიდან მილიონებს ვიხდით მარტვილის "მერანის" დასაფინანსებლად.

ახლა აღმოჩნდა, რომ გორის "დილას" თურმე ფინანსური პრობლემები შეჰქმნია (თითქოს ეს ადრე ვერავინ შეამჩნია) და ამ პრობლემების მოსაგვარებლად დღის წესრიგში კომისიის შექმნა დადგა. გამოდის, რომ დამატებით კიდევ მილიონებით უნდა დააფინანსონ და ამით ეს გუნდი გამოიყვანონ ფინანსური კრიზისიდან.

სანაცვლოდ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიეცა საშუალება, წარმდგარიყო სპორტის მინისტრთან ერთად (ფეხბურთშიც გამოჩნდა კოაბიტაციის ნიშნები), როგორც ქართული ფეხბურთისთვის თავდადებული პირი და ეჩვენებინა, რომ ის გლობალურად, უკვე თბილისს გარეთაც ეფექტურად აგვარებს პრობლემებს - გორს ადვილად გასცდა და ზესტაფონშიც ყველაფერი მიალაგა.

აქვე უნდა ითქვას, რომ 1 წლის წინათ ზუსტად იგივე განვაცხადე ინტერვიუში, რაც ბატონმა კოკაიამ ბრძანა და ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას გუნდის სიმბოლურ ფასად გადაცემა შევთავაზე, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ბატონი ზვიადი მარტვილში რატომღაც არ გამოჩენილა.

- გულდაწყვეტილი ჩანხართ... თქვენი აზრით, გამოსავალი რაში მდგომარეობს?
- ბატონო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტო! მე, როგორც მეწარმე, გეკითხებით: რა კრიტერიუმებით ანაწილებდით თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ თანხებს? ასევე იმ თანხებს, რომელიც მოდიოდა უეფადან და ფიფადან?

თქვენი აზრით, იყო თუ არა გარკვეული უსამართლობა დაშვებული ამ თანხების განაწილებისას და პირადად თქვენ რა გააკეთეთ ამ უსამართლობის თავიდან ასაცილებლად?

სწორად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ერთი და იგივე მეწარმე აფინანსებს როგორც საკუთარ, ასევე სხვადასხვა წონის მუნიციპალიტეტების გუნდებს?

მიგაჩნიათ თუ არა სწორად და სამართლიანად, რომ უმაღლესი ლიგის კერძო გუნდები თამაშობენ საკუთარი ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე (ამით ისინი, გარკვეულწილად, ბევრ რამეში იზღუდებიან) და ამავდროულად, იმავე კერძო გუნდების მეპატრონეთა შენატანებით მილიონობით დოტირებული მეტოქე სახელმწიფო გუნდები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან?

არის თუ არა აქ დისკრიმინაცია და სახელმწიფო გუნდების ლობირება?

თუ გაქვთ ინფორმაცია, ან საერთოდ, დაინტერესებულხართ თუ არა, რა თანხას ხარჯავენ უმაღლესი ლიგის საფეხბურთო სახელმწიფო გუნდები ერთ სეზონში? გაქვთ თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებული რაიმე სახის ფინანსური ანალიზი?

როგორ ფიქრობთ, რატომ არის საქართველოს რაგბის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა გაცილებით უკეთესი, ვიდრე ფეხბურთის, რამაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული რაგბის წარმატება განაპირობა?

რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ ბიზნესმენთა ფეხბურთით უფრო მეტად დაინტერესება და რას აკეთებთ თქვენ ამისთვის?

თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში რამდენჯერ მოგიმზადებიათ სპორტის სამინისტროსთვის ან პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წინაშე წარსადგენად წინადადებები გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად ფეხბურთის, როგორც საქართველოს პირველი სპორტის უფრო მეტი პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის?

განა უპრინციპულობის ნათელი მაგალითი არაა, რაც თქვენ გააკეთეთ? ამას ჩვენს ენაზე "კეკლუცობა" ჰქვია. კლუბების ხელმძღვანელობის მიერ ახლად დაარსებული პრემიერლიგის ნაცვლად, გსურთ აღადგინოთ პროფესიული ფეხბურთის ლიგა, რასაც თავის დროზე ხელი თქვენვე შეუშალეთ.

მაინტერესებს, რატომ გსურთ PFL-თან სახელშეკრულებო ურთიერთობების აღდგენა დღეს, როდესაც უკვე არსებობს ჩვენ მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 20 ნოემბერს თქვენთან შეთანხმებით (გაიხსენეთ თქვენ მიერ გაკეთებული განცხადება 12-თა საბჭოზე...) დაფუძნებული პრემიერლიგა და რომლის შემადგენლობაშიც არიან: "დინამო" თბილისი, "ვიტ ჯორჯია", "მერანი" , "ზუგდიდი", "ჩიხურა", "მეტალურგი"?

დაბოლოს, რა გამოსავალს ხედავთ თქვენი მდგომარეობის შესაცვლელად (გარდა თქვენი გადადგომისა), კერძო გუნდების დაშლის თავიდან ასაცილებლად?

ბატონმა კოკაიამ ამის შესახებ უკვე გააკეთა განცხადება. დავუშვათ, ჩვენც ასეთივე განცხადება გავაკეთეთ. მერე? მოდი, გადავდგეთ.

სიტყვა თქვენზეა... ნებისმიერ შემთხვევაში, კითხვებზე პასუხი უნდა გაგვცეთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!
დიდი სკანდალის მოლოდინში: გარიგებული მატჩები, ვერსიები, გამოჟონილი ამბები
ფრიდონ ინჯია: 15 ნოემბერს პროფლიგას აღვადგენთ
"მერანი" არამხოლოდ მარტვილისთვის
მკითხველის კომენტარები / 2 /
ინჯია გასაგებია, ჩვეულ ამპლუაშია... მე ჟურნალისტის "ობიექტურობა" მაკვირვებს!!! ხალხო, მორჩით ამ "გაგვიმარჯოს, კარგად ვიყოთ" და ასე შემდგომ სადღეგრძელოებს! კონკრეტული შემოგვთავაზეთ რამე! გამოსავალი, პროექტი, გეგმა!!!!
Levan
20:43 15-05-2013
0
იყო ერთი მათხოვარი კოლა რომელიც მკლავზევედროგადაკიდებული დადიოდა ქუჩა-ქუჩა შლიოპანცებით და გამვლელ-გამომვლელს თხოვდა ორი თითით ყანყრატოს კანის გამოწევით: "ხუთი კაპიკი მომე რა, ხუთი კაპიკი მომე რა?" აი ეს ვართ ქართველები - მათხოვრები! სპორტში მათხოვრები, მსოფლიოშიც მათხოვრები! შემსრულებლები ასრულებენ, ჩვენ - ვმათხოვრობთ ბოშებივით. კლუბს უჭირს, სახელმწიფოს ვთხოვთ. სეტყვა მოვა, ბიძინას ვთხოვთ. თფუი ჩვენი!
უძლევი
06:40 16-05-2013
0

სიახლეები პოპულარული